ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საომარი მოქმედებები უკრაინის დასავლეთისკენ გაფართოვდა


შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ამბობენ, რომ კვირას, პოლონეთის საზღვართან ახლოს, უკრაინის დასავლეთი ნაწილის საარტილერიო დაბომბვა მათთვის მოსალოდნელი იყო.

„ამერიკული დაზვერვის და ეროვნული უსაფრთხოების წრეებისთვის ეს სიურპრიზი არ იყო. ეს აჩვენებს, რომ ვლადიმირ პუტინი გაწბილებულია ფაქტით, რომ მის ძალებს არ აქვს ისეთი პროგრესი, როგორზეც ის ფიქრობდა მას ექნებოდა“, თქვა თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა, კვირას, „სი ენ ენის“ დილის გამოშვებაში.

კვირა დილით, სულ ცოტა 35 ადამიანი დაიღუპა და 134 დაიჭრა, როდესაც რუსეთმა ფრთოსანი რაკეტები დაუშინა სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრს, სამხედრო ბაზას, რომელიც დასავლეთ უკრაინაშია განლაგებული. ობიექტი ახლოსაა ქალაქ ლვივთან, სადაც ნატოს ქვედანაყოფები უკრაინელ ჯარისკაცებს წვრთნიან.

პოლონეთში განლაგებული ნატოს ძალები ამ ობიექტიდან სულ 25 კილომეტრის დაშორებით იმყოფება, რაც იწვევს შეშფოთებას, რომ რუსული სამხედროების შეცდომასაც კი ომის შემდგომი გაფართოება შეეძლება.

„თუ რუსეთი ნატოს ტერიტორიას თავს დაესხმება, ცეცხლს დაუშენს ან მისი მიმართულებით გაისვრის, ნატოს ალიანსი ამაზე პასუხს გასცემს“, ასეთი გაფრთხილება გააჟღერა სალივანმა „სი ბი ეს“-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ბოლო დღეებში, თანამგზავრებიდან მიღებული გამოსახულებები და ჟურნალისტების ცნობები მიანიშნებს, რომ დროებითი ჩაწყნარების შემდეგ, რუსული ჯავშნიანი ქვედანაყოფები კიევის ასაღებად მთავარი შეტევისთვის ემზადებიან.

ბოლო დღეებში, თავდამსხმელთა ყურადღება ალყაშემორტყმულ უკრაინულ საპორტო ქალაქ მარიუპოლზეა გადართული.

„ჰუმანიტარული დერეფნებით უსაფრთხო ტერიტორიაზე თითქმის 125 ათასი ადამიანი უკვე გავიყვანეთ. ყველაფერს ვაკეთებთ ოკუპანტებისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რომლებიც მართლმადიდებელ მღვდლებსაც კი ბლოკავენ, რომლებიც ამ დახმარებას, საკვებს, წყალს და წამლებს აცილებენ. უკრაინამ თავის მოქალაქეებს 100 ტონაზე მეტი ყველაზე საჭირო საგანი გაუგზავნა“, თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შაბათს გაავრცელა „ტვიტი“ იმის შესახებ, რომ მარიუპოლში რუსებმა საარტილერიო ცეცხლი დაუშინეს მეჩეთს, სადაც თავს 80 ადამიანი აფარებდა. მათ შორის ზოგიერთი თურქეთიდან იყო.

თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ შაბათს შვიდი სამოქალაქო პირი, მათ შორის ბავშვი მოკლეს, როდესაც რუსეთმა ჰუმანიტარულ დერეფანში კოლონას დაარტყა და სამოქალაქო პირებს უკან გაბრუნება აიძულა.

XS
SM
MD
LG