ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიუღებელია შეიარაღებული აგრესია, ხოცვა-ჟლეტა უნდა შეწყდეს - რომის პაპი


რომის პაპი უკრაინაში რუსეთში შეჭრას დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და შეიარაღებულ აგრესიას "მიუღებელი" უწოდა. პაპმა გამოსვლის დროს თქვა, რომ „ხოცვა-ჟლეტა“ დაუყონებლივ უნდა შეწყდეს. გამოსვლის დროს, რომის პაპს სიტყვა რუსეთი არ გამოუყენებია.

„ბავშვების, უდანაშაულო და შეუიარაღებელი მოქალაქეების მკვლელობის ბარბაროსობას ვერანაირი სტრატეგიული მიზეზი ვერ გაამართლებს,“- თქვა რომის პაპმა, მაშინ როცა ის წმინდა პეტრეს მოედანზე კვირას 25 000-მდე ადამიანს მიმართავდა.

პაპმა ფრანცისკემ გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ახლა რაც უკრაინაში ხდება, ქალაქების სასაფლაოდ გადაქცევას ჰგავს.

„ერთადერთი, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ეს მიუღებელი შეიარაღებული აგრესია შევაჩეროთ, სანამ ეს ქალაქებს სასაფლაოდ გადააქცევს,“- თქვა პაპმა ფრანცისკემ.

რომის პაპს გამოსვლის დროს არც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უხსსენებია, თუმცა სავარაუდოდ მას მიმართა და თქვა „ღვთის სახელით გთხოვ: შეაჩერე ეს ხოცვა“!

წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ადამიანებთან საუბრის დროს, პაპმა უკრაინის საპორტო ქალაქი მარიუპოლი „წამებულ ქალაქად“ მოიხსენია და აღნიშნა, რომ აუცილებელია ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა, რათა ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდეს.

დღეს მარიუპოლის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ქალაქში წყლისა და საჭმლის ბოლო მარაგი იწურება. რუსეთი ქალაქის დაბომბვას აგრძელებს. „როიტერის“ ინფორმაციით ქალაქი დღემდე რუსული ჯარის ალყაში იმყოფება.

გასულ კვირას რუსულმა ავიაციამ მარიუპოლში სამშობიაროც დაბომბა. კიევი ამბობს, რომ რუსული ჯარი ქალაქში საცხოვრებელ სახლებს ბომბავს, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება.

XS
SM
MD
LG