ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამოქალაქო სასამართლო თუ სამხედრო ტრიბუნალი


სამოქალაქო სასამართლო თუ სამხედრო ტრიბუნალი

ამერიკის გენერალური პროკურორი ერიკ ჰოლდერი გუანტანამოს ყურეში დაკავებული ტერორიზმში ეჭვმიტანილი ადამიანების სამოქალაქო სასამართლოში გასამართლების მომხრე იყო. ის სამხედრო ტრიბუნალის გამართვას გარკვეული პერიოდი ეწინააღმდეგებოდა, თურმცა მარტში გადაწყვეტილება შეცვალა და ხალიდ შეიხ მუჰამედის სამხედრო ტრიბუნალისთვის წარდგენას დათანხმდა. მისი თქმით, გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი კონგრესის დაჟინებული მოთხოვნა იყო.

„მე ამ საქმის ისეთი დეტალები ვიცი, რომლებზეც კონგრესის წევრებს ხელი არ მიუწვდებათ. მე პროკურორებსაც არაერთხელ ვესაუბრე, ის ტაქტიკური საკითხებც კარგად ვიცი, რომლებიც ამ საქმის განხილვისას უნდა იქნას გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ პატივს ვცემ კონგრესის შესაძლებლობას შეგვეწინააღმდეგოს, მაინც მიმაჩნია, რომ ეს აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციაა,“ აცხადებს ერიკ ჰოლდერი.

იანვარში კონგრესმა კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც გუანტანამოს ყურიდან პატიმრების ამერიკაში გადმოყვანაში ფედერალური ხარჯების გამოყენება იკრძალება. ჰოლდერის განცხადებით, ხალიდ შეიხ მუჰამედის სასამართლოს გადადება აღარ შეიძლება, რადგან 11 სექტემბერს დაღუპული ადამიანების ოჯახები უკვე 10 წელია სამართლის აღსრულებას ელიან.

ალექსანდერ სანტორა ახალგაზრდა მეხანძრე კრისტოფერ სანტორას მამაა. კრისტოფერი 11 სექტემბერს სამაშველო რაზმის წევრი იყო. ის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაში შევიდა და რამდენიმე წუთში შენობა დაინგრა.

„ჩვენ განაჩენის გამოტანის დროს სასამართლო დარბაზში უნდა ვყოფილიყავით. ახლა კი გამოდის, რომ ყველაფერს თავიდან ვიწყებთ. ეს ყველაფერი მოსვენებას არ მაძლევს.“

ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ სამხედრო ტრიბუნალის გამართვის შემთხვევაში სასამართლო პროცესი სავარაუდოდ გაჭიანურდება. ამერიკის სამოქალაქო უფლებების კავშირის ეროვნული უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი ჰინა შამსი აცხადებს, რომ სამხედრო ტრიბუნალებს სამოქალაქო სასამართლოსთან შედარებით სამართალწარმოების პროცესში გაცილებით დაბალი სტანდარტები აქვს.

„იმის გამო, რომ სამხედრო ტრიბუნალზე დაიშვება საიდუმლო ან სიტყვიერი სამხილები, ან ისეთი მასალა, რომელიც დაშინების ან იძულების წესით იქნა მოპოვებული, გამორიცხული არ არის, რომ სასამართლოს განაჩენს ბევრი შეეწინააღმდეგოს როგორც სტრუქტურული, ასევე მტკიცებულებების მხრიდან.“

სამხედრო ტრიბულებზე განსჯილ ადამიანებს აპელაციის უფლება აქვთ. მათ სარჩელის შეტანა ამერიკის უზენაეს სასამართლოშიც შეუძლიათ, ეს კი ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც შეიძლება წლები დასჭირდეს.

ანმარი მაკავოი ფორდჰემის უნივერსიტეტში სამართალს ასწავლის. მისი თქმით, სამოქალაქო სასამართლოებისგან განსხვავებით, სამხედრო ტრიბუნალებზე შეიძლება ისეთი სამხილის წარდგენა, რომლის მოპოვების მეთოდის შესახებ ბრალდებულმა არაფერი იცის. ეს ტრიბუნალის წესების თანახმად, სადაზვერვო ინფორმაციის წყაროების დაცვის მიზნით კეთდება.

„შეერთებულ შტატებში, პრობლემას ისიც წარმოადგენს, რომ სასამართლოზე განიხილება ყველა სახის ინფორმაცია - იქნება ეს საიდუმლო, თუ კონფიდენციალური - რომელიც მხარეებს აქვთ მოპოვებული. ამით კი, საბოლოო ჯამში შესაძლოა ამერიკის ეროვნული ინტერესების შეილახოს.“

სასამართლო პროცესთან დაკვშირებით, არსებობს შეხედულება, რომ ნიუ იორკში სამოქალაქო სასამართლოს გამართვა ამერიკის მოსახლეობას დამატებით რისკს შეუქმნის. პროფესორი მაკავოი ამ შეხედულებას ეწინააღმდეგება:

„ტერორიზმის ბრალდებით ასობით საქმე იქნა დღემდე განხილული და ამერიკის ეროვნული უშიშროება ამით არ შელახულა. გარდა ამისა, ჩვენ საკმარისი გამოცდილება გვაქვს იმისთვის, რომ თავი გავართვათ ასეთი ხასის სასამართლო საქმეებს.“

ექსპერტების შეხედულებას სამოქალაქო სასამართლოს გამართვაზე ნიუ იორკის მერის მაიკლ ბლუმბერგის წინააღმდეგობაც ერთვის. მისი აზრით ქალაქის ბიუჯეტს დამატებით უზარმაზარი თანხა დაუჯდება სასამართლო პროცესის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

ეს არის ის საკითხები, რომლებიც ამერიკის საინფორმაციო და პოლიტიკურ სივრცეში უკვე რამდენიმე ხანია ტრიალებს.

ამერიკის გენერალური პროკურორი ერიკ ჰოლდერი აცხადებს, რომ ჯერ არ არის ცნობილი შესაძლებელი იქნება თუ არა ეჭვმიტანილების სიკვდილით დასჯა იმ შემთხვევაში თუ შეიხ ხალიდ მუჰამედი და მისი ოთხი თანამზრახველი 11 სექტემბრის ტეროტისტული აქტის ორგანიზებაში დანაშაულს აღიარებენ.

XS
SM
MD
LG