ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსამართლე ტრამპის სახლის ჩხრეკასთან დაკავშირებული ზოგიერთი სამხილის გასაჯაროებას ემხრობა


ხუთშაბათს ფედერალურმა მოსამართლემ თქვა, რომ ემხრობა მოსაზრებას იუსტიციის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი სამხილის გასაჯაროების თაობაზე. ეს სამხილები კი არის დოკუმენტები, რომელიც გამომძიებლებმა დონალდ ტრამპის ფლორიდის სახლის ჩხრეკის დასასაბუთებლად გამოიყენეს.

იუსტიციის დეპარტამენტის წინააღმდეგობის მიუხედავად, ამერიკის მაგისტრატმა მოსამართლემ, ბრიუს რაინჰარტმა თქვა, რომ სჯერა „არის შუამდგომლობის ნაწილები, რომლებსაც შეიძლება ლუქი მოეხსნას“.

მან გასცა ორდერი, რომ იუსტიციის დეპარტამენტმა შუამდგომლობის რედაქტირებული ვერსია შემდეგ ხუთშაბათს წარმოადგინოს, თუმცა თქვა, რომ პროკურორებს საშუალება მიეცემათ, გაასაჩივრონ შეთავაზებული ვერსია, თუკი მას არ დაეთანხმებიან.

რაინჰარტის ორდერი გამარჯვება იყო მედიის იმ წარმომადგენლებისთვის, რომლებმაც ვესტ პალმ ბიჩის სასამართლოს მოსამართლის იმაში დასარწმუნებლად მიმართეს, რომ შუამდგომლობის მიმართ საჯარო ინტერესი, მის საიდუმლოდ შენახვის სარგებლობაზე უპირატესი იყო.

იუსტიციის დეპარტამენტი, მარალაგოს ჩხრეკის შუამდგომლობის რედაქტირებული ფორმით გამოქვეყნებასაც ეწინააღმდეგება.

რამდენიმე მედია ორგანიზაციის, მათ შორის „უოლ სტრიტ ჯორნალის“ გამომცემელი „ნიუ-იორკ თაიმსის“, „ეი-ბი-სი ნიუსის“ და „ენ-ბი-სი ნიუსის“ ადვოკატებმა მოსამართლე რაინჰარტს უთხრეს, რომ საზოგადოების უფლება ფლობდეს ინფორმაციას და ჩხრეკის ისტორიული მნიშვნელობა გადაწონის ნებისმიერ არგუმენტს, რომელიც ჩანაწერების საიდუმლოდ შენახვას გულისხმობს.

ტრამპმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული განცხადებებით სასამართლოს მოუწოდა, ლუქი დოკუმენტის არარედაქტირებულ ვერსიას მოხსნას, თუმცა მის ადვოკატებს სასამართლოში ასეთი თხოვნა არ შეუტანიათ. ყოფილმა პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ჩხრეკა პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

XS
SM
MD
LG