ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული საგანგებო დანაყოფის მისია სირიაში


ბარაკ ომაბას ბოლო საპრეზიდენტო წელი მისთვის უჩვეულო გადაწყვეტილებით დაიწყო. საგარეო პოლიტიკაში სიფრთხილით გამორჩეულმა პრეზიდენტმა, რომელიც თეთრ სახლში შეaსვლამდე ერაყიდან და ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის პირობას დებდა, შესაძლოა ოვალური ოთახი ისე დატოვოს, რომ ამერიკული ჯარები ორის ნაცვლად სამ ქვეყანაში აღმოჩნდნენ.

გასულ პარასკევს პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში სირიელი მებრძოლების მხარდასაჭერად პირველად საგანგებო, 50 კაციან, დანაყოფს გაგზავნის.

ჩვენი დანაყოფი სირიელ სამხედროებთან ერთად მხარი-მხარ არ იბრძოლებენ, არამედ დაეხმარებიან სამხედროებს უფრო ეფექტურად იბრძოლონ ისლამური სახელწმიფოს წინააღმდეგ.
ბენ როდესი, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე

თეთრი სახლი ხაზგასმით აცხადებს, რომ დანაყოფს წვრთნის და მხარდაჭერის მისია აქვს. „პრეზიდენტს აქვს მოლოდინი, რომ დანაყოფი ადგილობრივი მებრძოლების გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს, ისინი კი თავიანთ ქვეყანაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლას შეძლებენ,“ განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა ჯოშ ერნესტმა.

დანაყოფის საწვრთნელ მისიაზე ისაუბრა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე ბენ როდესმაც: “ჩვენი დანაყოფი სირიელ სამხედროებთან ერთად მხარი-მხარ არ იბრძოლებენ, არამედ დაეხმარებიან სამხედროებს უფრო ეფექტურად იბრძოლონ ისლამური სახელწმიფოს წინააღმდეგ და დაიბრუნონ დაკარგული ტერიტორიები,” თუმცა როდესმა იქვე დასძინა, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს შესაძლოა “მტერთან ბრძოლებში ჩაბმაც მოუხდეთ.”

ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კამპანია შეერთებულმა შტატებმა 2014 წლის სექტემბერში დაიწყო. ამერიკის მიერ წარმართულ კოალიციაში ბაჰრეინი, იორდანია, ყატარი, საუდის არაბეთი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები შედიან.

ამერიკის ჩართულობა სირიაში
ამერიკის ჩართულობა სირიაში

პენტაგონის მიერ 2 კვირის წინ გამოქვეყნებული სპეციალური ანგარიშის თანახმად კოალიციას კამპანია დღეში 11 მილიონი დოლარი უჯდება, 1 წლიანი კამპანიის ბიუჯეტმა კი 4.75 მილიარდ დოლარს მიაღწია. პენტაგონისვე მონაცემებით საჰაერო კამპანიამ მთლიანობაში გაანადგურა ან დააზიანა 10 684 სამიზნე, მათ შორის დაჯგუფების ტანკები და სამხედრო ტექნიკა, შენობა-ნაგებობები, საბრძოლო პოზიციები, ნავთობის ინფრასტრუქტურა და სხვა.

ზუსტად ერთი წლის შემდეგ დამოუკიდებელი საჰაერო კამპანია დაიწყო რუსეთის ფედერაციამ, გაცხადებულად მისი სამიზნე ასევე დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოა, თუმცა ამერიკის თავდაცვის უწყების და დასავლელი ლიდერების ცნობით, რუსული რაკეტების სამიზნე პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ე.წ. ზომიერი ოპოზიციაც გახდა.

“ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში რენდ კორპორაციის უფროსი მკვლევარი და შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოსა და ყაზახეთში უილიამ კორტნი ამბობს, რომ სირიაში სპეციალური დანაყოფის გაგზავნა, დასავლეთის მიერ იმის აღიარებაა, რომ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ დასავლეთის მოკრძალებული ძალისხმევა მარცხით დამთავრდა.

“ჯერ-ჯერობით უცნობია მოჰყვება თუ არა ამ დანაყოფს უფრო ფართომასშტაბიანი ჩართულობა. შეერთებული შტატები, ევროპა და რუსეთი აცნობიერებენ, რომ რომელიმე მათგანისთვის ცალკე მოსაგვარებლად სირიის კონფლიქტი დიდი და მძიმეა და რომ ერთად მუშაობა, როგორც ეს 90-იან წლებში ბოსნიის მოლაპარაკებისას გააკეთეს, მშვიდობის მისაღწევად საუკეთესო გამოსავალია. მაგრამ ამის შანსები ნაკლებია. სირიაში მშვიდობა ბოსნიაზე რთულად მისაღწევი იქნება,” ამბობს კორტნი.

შეერთებული შტატები, ევროპა და რუსეთი აცნობიერებენ, რომ რომელიმე მათგანისთვის ცალკე მოსაგვარებლად სირიის კონფლიქტი დიდი და მძიმეა.
უილიამ კორტნი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში

ყოფილმა ელჩმა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორ, რადიო თავისუფლების ყოფილ დირექტორ - დონალდ ჯენსენთან ერთად ჟურნალ ნიუსვიკში სტატია გამოაქვეყნა, სადაც ავტორები ამერიკას პუტინის წინააღმდეგ უფრო მკაცრი პოლიტიკის გატარებისკენ მოუწოდებენ:

“უკრაინასა და სირიაში რუსეთის ჩარევის საპასუხოდ დასავლეთი ეკონომიკურ სანქციებს იყენებს და ამით მოსკოვთან თმობს. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პირდაპირი ჩარევა ყოველთვის უფრო ეფექტურია,” - ვკითხულობთ სტატიაში.

მისი ავტორები ასევე წერენ, რომ სირიასა და უკრაინაში დასავლეთი თავის მიზნებში დარწმუნებული არ არის, ასევე არ არის მონდომებული ამ მიზნების მისაღწევად, როცა რუსეთს უფრო მკაფიო მიზნები აქვს და შედეგზეა ორიენტირებული. “გაკვეთილი: ეკონომიკური სანქციები მდგრადი მექანიზმი არ არის და არც რუსეთის პრობლემურ მოქმედებებს აჩერებს.”

კორტნის თქმით ობამას ადმინისტრაციის მიერ უკრაინისთვის ლეტალური თავდაცვის იარაღის მიწოდებისგან თავის შეკავებაც რუსეთის მიმართ მისი სიფრთხილის გამოვლინებაა. მისი აზრით, დასავლეთის ეკონომიკურ სანქციებს სასურველი შედეგი არ მოაქვს და რუსეთის მოსახლეობა სანქციებსაც და ნავთობის ცვალებად ფასსაც ეჩვევა.

ნაცვლად სანქციებისა, ექსპერტები ამერიკის პირდაპირი ჩართულობის მომხრეები არიან, მათ შორის პოლონეთსა და ბალტიისპორეთში ამერიკული ჯარის განლაგების და უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის. სირიაში კი დასავლეთის სტრატეგია იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უსაფრთხო ზონის შექმნას, ამერიკის მიერ საჰაერო სივრცის დაცვას და ხმელეთზე თურქეთთან თანაშრომლობას უნდა მოიცავდეს. “დასავლეთმა ასევე უნდა გამოიყენოს ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზები სამხედრო ხომალდების პატრულირებისთვის,” ნათქვამია სტატიაში.

XS
SM
MD
LG