ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი სირიაში ავია იერიშებს აგრძელებს


რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე პირველი საჰაერო დარტყმები მოახდინა.

პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისგან ოფიციალური თხოვნის მიღების შემდეგ, რუსეთის პარლამენტის ზედა პალატამ სირიაში ჯარების გაგზავნის ნებართვას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა. სულ რამდენიმე საათის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ პირველი ავიადარტყმების შესახებ გამოაცხადა და თქვა, რომ რუსული თვითმფრინავების სამიზნე, იარაღის საწყობები და ავტომობილები გახდა, რომელიც, როგორც მიაჩნიათ, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს ეკუთვნოდათ.

პრეზიდენტმა პუტინმა კრემლში განაცხადა, რომ რუსული სამხედრო მანევრები საერთაშორისო კანონის სრული დაცვით და სირიის ლიდერ, ბაშარ ალ-ასადის ოფიციალური თხოვნის საფუძველზე განხორციელდა. მან აღნიშნა, რომ რუსეთი საჰაერო კამპანიით შემოიფარგლება და სირიაში სახმელეთო ჯარებს არ შეიყვანს.

პუტინმა რუსი და სხვა უცხოელი მებრძოლების რაოდენობაზე მიანიშნა, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ უერთდებიან და ეს სირიის ლიდერ ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერის გასამართლებლად დაასახელა.

პუტინმა თქვა: „არ არის აუცილებელი ამ საკითხის სპეციალისტი იყო, რომ იცოდე რა ხდება. „ისლამური სახელმწიფო“ სირიაში წარმატებას თუ მიაღწევს, მისი მებრძოლები თავის ქვეყნებში დაბრუნდებიან... ისინი რუსეთში დაბრუნდებიან. საიდუმლო არ არის, რომ დიდი ხანია ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ რუსეთს თავის მტერს უწოდებს.

თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსისთვის ეს არგუმენტად არ გამოდგება. მოსკოველი ვლადიმირ ფროლოვი ამბობს, რომ ეს ფაქტებს არ შეესაბამება:

„სირიაში რუსეთის ქმედების გამართლება არის ის, რომ ჩვენ ასადის დახმარებას ვაპირებთ „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად. სინამდვილეში ასადს „ისლამურ სახელწიფოსთან“ ძალიან ცოტა ბრძოლები აქვს. ის ბრძოლები მეორად ფრონტებზე ხდება, რაც რეჟიმის გადარჩენას საფრთხეს არ უქმნის.“

ფროლოვი აღნიშნავს, რომ კრემლი ასადის მთავრობის, ახლო აღმოსავლეთში მისი მთავარი მოკავშირის, მტკიცე მხარდამჭერი იყო და რუსეთის მთავარი მიზანი ასადის მთავრობის გადარჩენაა, რომელიც სამხედრო დამარცხების ზღვარზე იყო.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სირიისადმი რუსეთის ბოლოდროინდელი დახმარება, რაიმე სახის სამხედრო კამპანიის გარდაუვალობის მანიშნებელი იყო.

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა პუტინმა ასადისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და თქვა, რომ სირიაში მშვიდობა თუ სურთ, მსოფლიოს სახელმწიფოებმა „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სირიის მთავრობასთან უნდა ითანამშრომლონ.

XS
SM
MD
LG