ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქული გამბიტი


თურქი მესაზღვრე თურქეთ-სირიის საზღვარზე

ვინ უფრო დიდი საფრთხეა თურქეთისთვის, დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო, სირია თუ ქურთები?

თურქეთის ერთ-ერთი მარგალიტი, ყველაზე ცხელი კურორტი ალანია, რომელიც ხმელთაშუა ზღვასა და ტავროსის მთებს შორისაა მოქცეული, დღემდე ჩვეულებრივი, საზაფხულო რიტმით ცხოვრობს. ისევ ხალხმრავლობაა კლეოპატრას, ულაშლარისა და ინჯეკუმის ულამაზეს სანაპიროებზე. დამთვალიერებელი არ აკლია დამლატაშის მღვიმეს, ყიზილ ყულესა და მე-13 საუკუნის ციხე-სიმაგრეს, რომელიც ქალაქს ზემოდან დაჰყურებს.

ქალაქ ალანიაში სულ 102 ათასი მაცხოვრებელია, მთლიანად რაიონში კი 260 ათასი. აქედან 50 000-მდე უცხოელია, ისინი კურორტზე უძრავ ქონებას ფლობენ და ზამთარს და ზაფხულს აქ ატარებენ. ალანია, სადაც 300-ზე მეტი ფეშენებელური სასტუმროა, ყოველწლიურად 4 მილიონამდე ტურისტს მასპინძლობს. 2015 წლის სეზონზე, ტურისტთა რაოდენობა 30 პროცენტით ნაკლებია, პირველ რიგში, „რუსული ნაკადის“ შემცირების გამო. ბოლო დღეებია არ გამორიცხავენ, რომ კრიზისი შეიძლება კიდევ უფრო გაღრმავდეს.

მთელი მსოფლიოდან არიან ტერორისტები შეკრებილები სირიასა და ერაყში, მათ შორის, თურქეთის სხვადასხვა ქალაქებიდანაც და რა თქმა უნდა, ისინი საფრთხეს წარმოადგენენ, როგორც ალანიისთვის, ანტალიის რეგიონისთვის, ისე მთელი ქვეყნისა და მსოფლიოსთვის.
ლევენტი ასლანბეი

აქედან, თურქეთ-სირიისა და თურქეთ-ერაყის საზღვრებამდე, შესაბამისად, 620 და 1120 კილომეტრია. თუმცა, მას შემდეგ რაც თურქეთის სამხედრო ავიაციამ სირიასა და ერაყში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოსა და ქურთისტანის მუშათა პარტიის პოზიციები დაბომბა, ტერორიზმის საფრთხემ თურქეთის საკურორტო ზონაში განსაკუთრებით მოიმატა.

ალანიელი ბიზნესმენი ლევენტი ასლანბეი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირეთში უსაფრთხოების თემა ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმისა და უძრავი ქონების ბაზრებისთვის.

„მთავრობამ უკვე გაგვაფრთხილა, რომ შეძლებისდაგვარად, მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, დისკოთეკებს, სანაპიროებს, რესტორნებს, გემებს. თუმცა, მადლობა მთავრობას, რომ ალანიაში არ იგრძნობა ის დაძაბულობა, რომელიც აქედან სულ რაღაც 600 კილომეტრშია. მთელი მსოფლიოდან არიან ტერორისტები შეკრებილები სირიასა და ერაყში, მათ შორის, თურქეთის სხვადასხვა ქალაქებიდანაც და რა თქმა უნდა, ისინი საფრთხეს წარმოადგენენ, როგორც ალანიისთვის, ანტალიის რეგიონისთვის, ისე მთელი ქვეყნისა და მსოფლიოსთვის.

რა თქმა უნდა, ნემისმიერ ინციდენტს, მით უმეტეს ტერაქტს, ჩვენთან, სადაც ამდენი ტურისტია და უძრავი ქონების ბაზარზე ასეთი ბუმია, მკვეთრად უარყოფითი შედეგი ექნება თურქეთის უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის. მადლობა ღმერთს რომ ყველაფერი კარგად არის.“

თურქეთის მთავრობა, ბოლო წლებში ღიად თანაუგრძნობდა ისლამური სახელმწიფოს მესვეურებს. ისლამისტები თავისუფლად ცხოვრობდნენ და გადაადგილდებოდნენ თურქეთის ტერიტორიაზე, კრებდნენ ფულს, იარაღს, ცოცხალ ძალას მთელი მსოფლიოდან და თითქმის უპრობლემოდკვეთდნენ, როგორც სირიის, ისე ერაყის საზღვარს.

ექსპერტების აზრით, ისლამისტების ეტაპობრივი გაძლიერებით, სირიასა და ერაყში, ანკარა ერთის მხრივ, ცდილობდა ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობას დამასკოში ანუ ტრადიციული მოწინააღმდეგის - სირიის ფაქტორის განეიტრალებას და მეორეს მხრივ, ქურთების პოზიციების დასუსტებას, რომლებიც თურქეთის, სირიის, ერაყისა და ირანის ტერიტორიებზე დამოუკიდებელი ქურთისტანის შექმნისთვის იბრძვიან. მით უმეტეს, რომ 2006 წლიდან, ერაყში უკვე არსებობს, დე-ფაქტო ქურთული სახელმწიფოს შექმნის პრეცედენტი.

იმავდროულად, ანკარა უარს ამბობდა ნატოელი მოკავშირეებისთვის ინჯირლიკის ავიაბაზის დათმობაზე, რომელიც სირიის საზღვრიდან სულ 200 კილომეტრში მდებარეობს და ითხოვდა მეამბოხე „სირიის თავისუფალი არმიის“ წვრთნის დაფინანსებას, ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ.თავად კი თავს იკავებდა სირია-ერაყში შეჭრისგან, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას და არმიას ასეთი მანდატი, თურქეთის პარლამენტმა ჯერ კიდევ 2012 წელს მიანიჭა.

სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, 20 ივლისს, საზღვრისპირა ქალაქ სურუჩში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, როცა ისლამისტმა თვითმკვლელმა, ეთნიკურმა თურქმა, 30 ადამიანის, ძირითადად, თურქეთის მოქალაქე ეთნიკური ქურთების სიცოცხლე შეიწირა, 100-ზე მეტი კი დაჭრა. საინტერესოა, რომ ქურთი ახალგაზრდები სირიაში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად აპირებდნენ გამგზავრებას.

თურქეთის მთავრობამ საპასუხოდ მყისიერად დაბომბა, როგორც ისლამური სახელმწიფოს, ასევე ქურთების პოზიციები მეზობელ ქვეყნებში. ამასთან, მთელი თურქეთის მასშტაბით, სპეცსამსახურებმა 1000-ზე მეტი ისლამისტი და ქურთი აქტივისტი დააპატიმრეს. დახურეს ქურთული საინფორმაციო სააგენტოები, ხანმოკლე დროით გათიშული იყო სოციალური ქსელები - ტვიტერი და ფეისბუქი. საპასუხოდ უკვე გაისმა აფეთქებების ხმა, დიარბაქირსა და ქურთებით დასახლებულ სხვა რაიონებში. დაღუპულია რამდენიმე თურქი ჯარისკაცი და პოლიციელი.

ანკარას ახალ პოლიტიკას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა ნატოელ მოკავშირეებში, გერმანიამ პირდაპირ მოუწოდა თურქეთს, განსხვავებულად მიუდგეს, ისლამისტების და ქურთების პრობლემას. 2004-2008 წლებში საქართველოს ყოფილი ელჩი თურქეთში გრიგოლ მგალობლიშვილი ამბობს:

„თურქეთის მოტივაცია, რომ გავიგოთ და გავაანალიზოთ ძალიან მნიშვნელოვანია შევხედოთ უფრო ფართო ჭრილში იმას, თუ რა ხდება სირიასა და ერაყში. ეს არის გარკვეულწილად სუნიტური და შიიტური დაპირისპირება. სეკულარი, სუნიტური თურქეთისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს სირიაში ასადის რეჟიმი, რომელსაც თავის მხრივ, მხარს უჭერს შიიტური ირანი.

ასე, რომ აქ აშშ-ის, ნატოსა და თურქეთის სტრატეგიულ მიზნებს შორის არის მნიშვნელოვანი განსხვავება. მეორე - თურქეთი განსაკუთრებით, ეროვნული უსაფრთოების თემატიკასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს უყურებს ქურთული სეპარატიზმის ჭრილში. შესაბამისად, თურქეთისთვის ქურთული სეპარატიზმი გაცილებით მნიშვნელოვანი პრობლემაა, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო.“

სინამდვილეში ვინ უფრო დიდი მტერია თურქეთისთვის, „ისლამური სახელმწიფო“, სირია თუ ქურთები? „თურქული გამბიტის“ ამოხსნა, ურთულესი გეოპოლიტიკური და რელიგიური ინტერესების გადაკვეთის ფონზე, მარტივი სულაც არ არის. ფაქტია, რომ ერდოღანის გამბიტის შემდეგ, დღეისათვის დარღვეულია 2009 წლის ზავი თურქეთსა და ქურთ სეპარატისტებს შორის, ამავდროულად, რადიკალი ისლამისტები ანკარას ტერორისტული აქტებით ემუქრებიან.

თურქეთში არც იმას გამორიცხავენ, რომ არმიამ სირიის ტერიტორიაზე სახმელეთო ოპერაცია დაიწყოს. გუშინ ჰათაის ილში, ლატაკიასთან ახლოს, რომელიც თურქეთსა და სირიას შორის 1939 წლიდან სადაო ტერიტორიას წარმოადგენს, უკვე მოხდა შეტაკება ორი ქვეყნის მესაზღვრეებს შორის.

საინტერესოა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სირიისა და ერაყის დაბომბვის გადაწყვეტილება, უმწვავესი შიდაპოლიტიკური კრიზისის ფონზე მიიღო. 7 ივნისის არჩევნების შედეგად, პარლამენტში გასული პოლიტიკური პარტიები, (მათ შორის პროქურთული ხალხის დემოკრატიული პარტია - ზ.წ) ამ დრომდე, ვერ ახერხებენ კოალიციური მთავრობის ფორმირებას, ხოლო ახალი პარლამენტი ჯერ კიდევ არ შეკრებილა.

XS
SM
MD
LG