ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონს პასიურობას საყვედურობენ


გასულ აგვისტოში, დამასკოს გარეუბან გუთაზე სირიის სამთავრობო ძალების ქიმიური თავდასხმის შედეგად ათობით კაცი, ქალი და ბავშვი დაიღუპა.

სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ალ ასადმა ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული წითელი ხაზი გადაკვეთა, მაგრამ მის მიმართ სამხედრო გამოპასუხება არ მომხდარა. ქსენია დორმანდი, ლონდონის პოლიტიკის ინსტიტუტ „ჩატამ ჰაუსიდან“ ამბობს, რომ ეს გადამწყვეტი მომენტი იყო.

„სინამდვილეში არავის სჯერა, რომ ამერიკის ე.წ. „წითელი ხაზი“ ზუსტად იგივეს ნიშნავს, როგორც ადრე იყო... ასადს იმ „წითელი ხაზების“ გადაკვეთის უფლება ისე მისცეს, რომ მისთვის პასუხი არ მოუთხოვიათ.“

დორმანდი ამბობს, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოს უდიდესი სამხედრო და ეკონომიკური შესაძლებლობების ქვეყნად რჩება და იმის აღქმა, რომ მას ამ ძლიერების გამოყენება არ სურს, საფრთხის შემცველია.

„თუ სხვა ქვეყნები, მაგალითად ჩინეთი, იფიქრებენ, რომ ტერიტორიის დაპყრობა მისგან გამომდინარე შედეგების გარეშე შეუძლიათ, როგორც რუსეთმა ყირიმის შემთხვევაში ჩაიდინა, ისინი მათთვის უხილავ „წითელ ხაზებს“ გადაკვეთენ და შეერთებული შტატების ან დასავლეთის საპასუხო რეაქციას გამოიწვევენ.“

მარტში, რუსეთის მიერ ყირიმის იარაღით დაპყრობამ კრიტიკა გამოიწვია იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების ფრთხილმა მიდგომამ, მსოფლიოს სხვა ქვეყნები გაათამამა.

ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორი არნე ვესტადი ამბობს, რომ დასავლეთს ბევრი სამხედრო ვარიანტი არ გააჩნია.

„ეს ვარიანტები, ყოველ შემთხვევაში ცივი ომის დასასრულისთვის და 90-იანი წლების დასაწყისისთვის, ძალიან შეზღუდული იქნებოდა. რუსეთი, ბოლოს და ბოლოს, ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანაა.“

ორისია ლუცევიჩი, „ჩატამ ჰაუსის“ უკრაინის სპეციალისტი, ამბობს, რომ უკრაინელები ამ შეზღუდვებს აღიარებენ.

„უკრაინელები ნამდვილად ფრთხილობენ და ესმით, რომ შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი ღია სამხედრო დაპირისპირება რთული იქნება და უამრავ მსხვერპლს გამოიწვევს.“

მაისში, სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებულების წინაშე გამოსვლისას, პრეზიდენტმა ობამამ თქვა, რომ არასწორი იქნება სამხედრო ოპერაციების დაწყება მხოლოდ იმისთვის, რომ ამერიკა სუსტად არ გამოიყურებოდეს.

„თქვენდამი ჩემი მოვალეობის და ჩვენი საყვარელი ქვეყნის ღალატი იქნებოდა, ოდესმე საფრთხის შემცველ მისიებზე მხოლოდ იმის გამო გამეგზავნეთ, რომ სადმე, მსოფლიოში გადასაჭრელი პრობლემა დამენახა.“

ქსენია დორმანდი ამბობს, რომ ე.წ. ამერიკულ უსაფრთხოების ქოლგას, როგორც ჩინეთის მზარდი ძლიერების საპირწონეს, აზიაში ბევრი მოკავშირე ეყრდნობა. მაგრამ, ავღანეთის და ერაყის მძიმე კამპანიების შემდეგ, ვაშინგტონი ომით გადაიღალა და სურს, რომ მისმა მოკავშირეებმა მზადყოფნა თვითონვე გააძლიერონ.

„ერთად მოქმედება, კოალიციების შექმნას ნიშნავს. დიდი ხნის განმავლობაში არსებული რწმენა, რაც ევროპაშიც ბევრს ჰქონდა, რომ ამერიკა პირველი იქნება, ამერიკა თავის რესურსებს დახარჯავს და მათ მხოლოდ დამხმარე როლის შესრულება დასჭირდებათ, სიმართლეს აღარ შეეფერება.“

შეერთებული შტატების მოკავშირე იაპონია, საკუთარი სამხედრო ძალებისთვის, გლობალური უსაფრთხოების საკითხებში გაზრდილი როლის მინიჭებას გეგმავს, რაც ჩინეთის გაღიზიანებას იწვევს.

მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ვაშინგტონში ამ ცვლილებებს მიესალმებიან, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებნი კმაყოფილნი არიან იმით, რომ შეერთებული შტატები ლიდერის როლში იქნება, მაგრამ სანაცვლოდ მეტი მხარდაჭერის მიღებაც სურთ
XS
SM
MD
LG