ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

2014 წლის ბოლოს აშშ-ის ეკონომიკის ზრდამ, შესაძლოა, 4-დან 5 % შეადგინოს


შეერთებული შტატების პროდუქტიულობის შენელება ყველაზე მეტად, მოსალოდნელზე უფრო ცივ ზამთარს ბრალდება, მაგრამ ანალიტიკოსების აზრით, საქმე უფრო რთულადაა. „ბანქრეით.კომ“-ის ვაშინგტონის ბიუროს უფროსი მარკ ჰემრიკი ამბობს:

„ქვეყნის აღმოსავლეთის ორ მესამედში ცუდი ამინდის მიუხედავად, პირველ კვარტალში მომხმარებელმა ხარჯვის ჯანსაღი ტემპი აჩვენა. ეკონომიკა სინამდვილეში ბიზნესებმა შეაფერხეს.“

ჰემრიკი ამბობს, რომ ამერიკის ეკონომიკური ზრდა ბიზნესებმა შესაძლოა უნებლიედ შეანელეს, როცა შემცირებული სამომხმარებლო მოთხოვნის მოლოდინში, საქონლის მარაგი და ინვესტიციები შეკვეცეს.

ამ გამაწბილებელი ამბით, უოლ სტრიტზე, ინვესტორები შეშფოთებულნი არ ჩანდნენ, რამდენადაც ძირითად საბირჟო ინდექსებს, დადებითი ნიშანი უნარჩუნდებოდა. ჰემრიკი ამბობს, ეს იმიტომ ხდება, რომ ინვესტორები უკვე წინ, წლის დარჩენილი თვეების მიმართულებით იყურებიან.

„ჩვენ უფრო ის გვაღელვებს, რაც მიმდინარე კვარტალში, წლის მეორე ნახევრის მიმართულებით ხდება. ბევრს სჯერა, რომ მიმდინარე კვარტალის ზრდა, წლის პირველ ნაწილში მომხდარი შეკვეცის კომპენსაციას მოახდენს და შესაძლოა უბრალო კომპენსაციაზე მეტიც აღმოჩნდეს.“

ზოგიერთი შეფასებით, 2014 წლის მეორე ნახევარში, ამერიკის ეკონომიკის ზრდამ შესაძლოა 4-დან 5 პროცენტამდე შეადგინოს. უძრავი ქონების ბაზრის პერსპექტივა კი უფრო ნაკლებად არის განსაზღვრული.

დეირენ ბლომქვისტი „რიალტი თრექ“-იდან ამბობს, რომ 2013 წლიდან, საცხოვრებელი სახლების გაყიდვები და ფასები დრამატულად შემცირდა.

„პირველ კვარტალში და აპრილშიც, გაყიდვების მოცულობის შემცირებას ვხედავთ და არ მგონია, რომ ეს მხოლოდ ამინდთან არის დაკავშირებული. ვფიქრობ, რომ საქონლის მარაგის ნაკლებობა უფრო ფუნდამენტური საკითხია.“

ეკონომისტები ამბობენ, რომ ბაზარზე საქონლის შემცირებული რაოდენობა შესაძლოა იმის შედეგი იყოს, რომ ბანკის ვალის გადაუხდელობის გამო ამერიკელების უფრო ნაკლები რაოდენობა კარგავს სახლებს და თვით ბანკებსაც სესხის გაცემის პირობები უფრო გამკაცრებული აქვთ.

კარგი მხარე ის არის, რომ შეერთებული შტატების შრომის ბაზარი უმჯობესდება. ახალი ანგარიშის თანახმად, ამ კვირაში, უმუშევრობის დახმარების მიღების მთხოვნელთა რიცხვი 27 ათასით შემცირდა. ეს საკმაოდ ახლოსაა გასულ თვეში მიღწეულ იმ რიცხვთან, რომელიც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.
XS
SM
MD
LG