ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა უკრაინას დამატებითი აღჭურვილობით დაეხმარება


ამერიკის პრეზიდენტი ბარაკ ობამა აცხადებს, რომ მსოფლიო მათ გვერდით უნდა დადგეს, ვისაც თავისუფლება სურს. პრეზიდენტმა ეს განცხადება მაშინ გააკეთა, როცა პარალელები გაავლო უკრაინაში დღეს მიმდინარე რეფორმებსა და 25 წლის წინ პოლონეთში ჩატარებულ არჩევნებს შორის.

ვარშავაში, თავისუფლების დღესტან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ობამამ პოლონეთში 1989 წელს ჩატარებულ არჩევნებს „თავისუფლების გამარჯვება“ უწოდა.

მისი თქმით, ახლა მსოფლიო გაერთიანებულია რუსეთის „ბნელი ტაქტიკის“ წინააღმდეგ უკრაინაში, სადაც რუსეთის ჯარებმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინეს.

„დიდ ერებს არ უნდა მიეცეთ უფლება დააშინონ პატარა ერები და საკუთარი ნება იარაღის მუქარით და შეიარაღებული ნიღბიანი პირების მიერ შენობების აღებით მოახვიონ თავს. კალმით გაკეთებული ხელმოწერა ვერასოდეს მოახდენს მეზობელი ქვეყნისთვის მიწის მოპარვის ლეგიტიმაციას. ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას და უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევას. ჩვენი თავისუფალი ერები გაერთიანებული არიან იმისთვის, რომ რუსეთის დამატებითმა პროვოკაციებმა მას დამატებითი იზოლირება და ხარჯები მოუტანოს.“

ცერემონიამდე ობამა უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა და მას 5 მილიონი დოლარის ოდენობის არალეტალური სამხედრო დახმარების მიწოდებას შეპირდა. ამაში ჯარისკაცებისთვის ჯავშან-ჟილეტების, ღამის ხედვის ოპტიკისა და კომუნიკაციის სისტემები შევა.
XS
SM
MD
LG