ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბარაკ ობამა ევროპაში გაემგზავრება


პრეზიდენტი პირველად პოლონეთში გაჩერდება, რომელსაც უფრო მეტი გარანტიები სურს, ვიდრე ის მცირე ამერიკული სამხედრო კონტინგენტია, რომელიც აქ, აპრილში განლაგდა.

პრეზიდენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები ცივ ომს შეადარა, როცა საბჭოთა ტანკები ევროპაში შეიჭრნენ. მან თქვა, რომ დღეს ამერიკის ლიდერობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„ჩვენი უნარი, მსოფლიო საზოგადოებრივი აზრის ჩამოგვეყალიბებინა, რუსეთის მყისიერ იზოლაციაში დაგვეხმარა. ამერიკის ლიდერობის გამო, მსოფლიომ რუსეთის ქმედებები დაუყოვნებლივ დაგმო. ევროპა და დიდი შვიდეული, სანქციების დასაწესებლად ჩვენ შემოგვიერთდნენ. ნატომ აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებთან ჩვენი პასუხისმგებლობა გააძლიერა.“

მაგრამ მთავარი საკითხავი ამ პასუხისმგებლობის მოცულობაა. გასულ თვეში პოლონეთმა 150 ამერიკელი სამხედრო მიიღო. ეს, პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მიერ მოთხოვნილ 10,000-ზე ბევრად ნაკლებია.

„აღმოსავლეთ უკრაინაში რაც ხდება, ჩვენთვის შეშფოთების მიზეზია. ისეთი სიტუაციაა, როცა უმცირესობის შეულახავი ინტერესების დაცვის საბაბით, უხეში ინტერვენცია ხდება. მართალია, რომ ჩვენ შეშფოთებულნი ვართ და მოველით, რომ შეერთებული შტატები და მთელი საერთაშორისო საზოგადოება იმოქმედებს.“

პოლონეთში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი ქრისტოფერ ჰილი ამბობს, რომ ისტორიას დიდი როლი აქვს იმის განსაზღვრაში, თუ პოლონეთი უკრაინას როგორ აღიქვამს.

„პოლონელებმა გაიგეს და ხშირად ამბობენ, რომ უკრაინის გარეშე რუსეთი უბრალოდ რუსეთია, მაგრამ უკრაინასთან ერთად, ის ისევ საბჭოთა კავშირს ჰგავს. ამიტომაც პოლონელები უკრაინის წარმატებაში და სიცოცხლისუნარიანობაში ნამდვილად არიან დაინტერესებულნი.“

ამ ვიზიტის დროს ობამა უკრაინის ახლადარჩეულ პრეზიდენტსაც შეხვდება.

პრეზიდენტი ობამა ბრიუსელში დიდი შვიდეულის უმაღლესი დონის შეხვედრაზე გაემგზავრება. ის დიდი რვიანის ნაცვლად ჩატარდება, რომელიც რუსეთის კურორტ სოჭში იყო დაგეგმილი, სანამ რუსეთს, უკრაინაში ჩადენილი ქმედებისთვის, ამ ჯგუფიდან გარიცხავდნენ.

პრეზიდენტის ბოლო გაჩერება ნორმანდიაში იქნება, სადაც პრეზიდენტი მოკავშირეების გადასხმის და ნაცისტური ოკუპაციისგან ევროპის გათავისუფლების დაწყების სამოცდამეათე წლისთავს აღნიშნავს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც იქ იქნება, მაგრამ ამ ორის შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
XS
SM
MD
LG