ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი ჯონსი არ გამორიცხავს, რომ ჩინეთმა რუსეთი იარაღით მოამარაგოს


ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთ-ჩინეთს შორის გახშირებულ დიპლომატიურ ვიზიტებსა, თუ განცხადებებს, ორშაბათს, თავად ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინ პინის ვიზიტი მოჰყვა მოსკოვში.

ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში 3-დღიანი ვიზიტით იმყოფება და გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასთან ერთად, ჩინეთის მიერ წარდგენილი უკრაინის სამშვიდობო გეგმაც უნდა განიხილონ.

სის ვიზიტამდე, ჩინეთის მაღალი რანგის დიპლომატი ეწვია მოსკოვს. ომის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანა რუსეთის მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებდა, თუმცა ღიად იარაღი მოსკოვისთვის არ მიუწოდებია. ბოლო პერიოდის მოვლენებზე დაყრდნობით კი დასავლეთში შიშობენ, რომ ჩინეთმა შესაძლოა, ირანის მსგავსად, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყოს.

მოხდება თუ არა ეს, ჯერ არავინ იცის, მაგრამ სცენარის ასე განვითარების შესაძლებლობას „სტრატეგიულად ცუდ შეცდომას“ უწოდებს, თადარიგის ოთხვარკსვლავიანი გენერალი ჯეიმს ჯონსი.

„ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ჯონსი განმარტავს, რომ ჩინეთის ქმედებები იმ შემთხვევაში, თუ ისინი რუსეთისთვის იარაღის გადაცემას გადაწყვეტენ, დაუსჯელი არ დარჩება:

„ამის შანსი ყოველთვის არსებობს. თუმცა, ეს სტრატეგიულად ძალიან ცუდი შეცდომა იქნებოდა ჩინეთის მხრიდან, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის მხარესააა დღევანდელ დღემდე და ამავდროულად ბევრსაც არაფერს აკეთებს მათ მხარდასაჭერად. თუ ეს შეიცვლება და [ჩინეთი] გადაწყვეტს, რომ რუსეთს იარაღი მიაწოდოს, მაშინ დასავლეთს მოუწევს, რომ კოლექტიურად უპასუხოს ამას“.

გენერალი ამბობს, რომ ჩინეთის ქმედებებზე პასუხი, პირველ რიგში ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლა იქნება: „ეს შეიძლება იყოს სანქციები ჩინეთის ეკონომიკის კონკრეტულ ასპექტების დასაზიანებლად. არავინ უნდა იფიქროს, რომ არ შეგვიძლია ასეთ ქმედებებს ვუპასუხოთ და ვუპასუხით ისე, რომ ეს დამღუპველი იყოს მათი ეკონომიკისა და მსოფლიოში არსებული ურთიერთობებისთვის. ამიტომ მიმაჩნია, რომ ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ ამ მხრივ. მაგრამ არ გამოვრიცხავ ამის [რუსეთისთვის იარაღის მიწოდების] შესაძლებლობას“.

სი ძინ პინი პირველი ლიდერია, რომელიც პუტინს მას შემდეგ შეხვდა, რაც ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა. პუტინს ბრალი უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში ედება. თუმცა, უკრაინული მხარე გაცილებით უფრო მეტ დანაშაულზეც საუბრობს.

ომის დანაშაულთა გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, თუმცა გენერალ ჯონსისთვის ნათელია, რომ „ვლადიმირ პუტინი ომის კრიმინალია“. სწორედ ამიტომ, ის თვლის, რომ მსოფლიოს არცერთი ლიდერი, მას ღირსებით არ უნდა ეპყრობოდეს.

„როგორც უნდა დასრულდეს ეს ომი უკრაინაში, არ ვფიქრობ, რომ მსოფლიოში ვინმემ მაინც უნდა მიიღოს პუტინი, როგორც რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმური ლიდერი“,- ეუბნება გენერალი „ამერიკის ხმას“.

სი ძინ პინი, ვლადიმირ პუტინთან ერთად, უკრაინის სამშვიდობო გეგმას განხილავს, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებასაც გულისხმობს, თუმცა ამ თემაზე განხილვა მას უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ჯერ არ ჰქონია.

ამ თემასთან დაკავშირებით, თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმას“ უთხრა: „ვიცით, რომ ჩინეთი და რუსეთი ურთიერთობას ბევრი მიმართულებით აუმჯობესებენ... შეშფოთებულები იმით ვართ, რომ პრეზიდენტ სის არ უსაუბრია პრეზიდენტ ზელენსკისთან და ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ის ასეც მოიქცეს, რათა არა მხოლოდ რუსული, არამედ პრეზიდენტ ზელენსკის პერქსპექტივაც მოისმინოს ამ ომთან დაკავშირებით“.

სი ძინ პინი გეგმავს, რომ მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, სწორედ უკრაინაში ჩავიდეს და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს. თუმცა, მანამდე, შეკითხვაზე, როგორ უნდა მოიქცეს ამერიკა რუსეთ-ჩინეთს შორის განსაკუთრებულად დაახლოებისა და უკრაინის ომთან მიმართებაში, გენერალი ჯონსი ამბობს:

„რაც შეეხება პრეზიდენტ ბაიდენს, ვფიქრობ, რომ ბატონ პუტინს სიმტკიცის ენა ესმის. მან [ბაიდენმა] ნათლად უნდა დაანახოს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა უკრაინისადმი ნათელი და ძლერია და რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალანსის მხარდაჭერაც უკრაინისადმი ნათელი და ძლიერია“.

ჩინეთი და რუსეთი ბოლო ერთი წლის, ანუ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, განსაკუთრებით დაახლოვდნენ. ამ შეფასებას ამერიკული დაზვერვის სააგენტოები აკეთებენ. მათი ინფორმაციით, ორი ქვეყანა აგრძელებს საერთო სამხედრო წვრთნებს, ხოლო პეკინი კვლავ რჩება რუსული ნავთობის, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს შემსყიდველად.

XS
SM
MD
LG