ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბახმუტში რუსეთის არმიასთან ბრძოლაში 25 წლის ილია ჩოხელი დაიღუპა


ილია ჩოხელი. "რადიო თავისუფლების" ფოტო.
ილია ჩოხელი. "რადიო თავისუფლების" ფოტო.

უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში, რუსეთის არმიასთან ბრძოლის დროს დაიღუპა 25 წლის ქართველი, ილია ჩოხელი. ის წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედიდან იყო და 12 წლის წინ საცხოვრებლად ხარკივში გადავიდა.

ქართველი მებრძოლის მამა ზემო ქედიდანაა, დედა კი უკრაინელი იყო. ის რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ილია ხარკივში დედის მშობლებთან ცხოვრობდა და სწავლობდა.

სოფელ ზემო ქედში ცხოვრობენ მამის მხრიდან ილიას ბებია და ბაბუა. ბებიამ ქეთევან ქიმოსტელმა "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ შვილიშვილი სამხედრო აკადემიაში მესამე კურსის სტუდენტი იყო და ომში საკუთარი სურვილით ჩაერთო.

„ასე უთქვამს, ბახმუტს რუსებს არ დავუთმობო, მე უნდა დავიცვაო... 16 მარტს ბრძოლის წინა ხაზზე შეტაკების დროს 200 უკრაინელი ჯარისკაცი ყოფილა. ილიას გარდა კიდევ ერთი გარდაცვლილა. როგორც გვითხრეს, ილია მეორე დღეს, 17-ში ხარკივში ძმათა სასაფლაოზე დაუკრძალავთ. ილიას ხარკიველი ნათლია ჰყავდა და იმან უპატრონა, თორემ იქაური პაპა-ბებია მოხუცები არიან“, - თქვა ქეთევან ქიმოსტელმა, ილია ჩოხელის ბებიამ.

მისი ინფორმაციით, ილიას მამას შვილის ცხედრის საქართველოში გადმოსვენების სურვილი აქვს.

უკრაინაზე 2022 წლის 24 თებერვლის რუსეთის მასშტაბური თავდასხმის შემდეგ, უკრაინაში სამ ათეულზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG