ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის თავდასხმა და ნონიაშვილების ტრაგედია დნიპროში


დნიპროზე სარაკეტო თავდასხმის დროს დაღუპული ლიანა და ტატიანა ნონიაშვილები
დნიპროზე სარაკეტო თავდასხმის დროს დაღუპული ლიანა და ტატიანა ნონიაშვილები

რუსეთის თავდასხმას უკრაინის სიდიდით მესამე ქალაქ დნიპროზე, ბოლო მონაცემებით, 45 ადამიანი შეეწირა, 20 დაკარგულად ითვლება, მათგან 11 ბავშვია. წინასწარი მონაცემებით, ოკუპანტების სტატეგიულმა ბომბდამშენმა TU-22m3-მა, Kh-22 ტიპის ფრთოსანი რაკეტით ცხრა სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაარტყა.

თავდასხმა დნიპროს მშვიდობიან მოსახლეობაზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:51 0:00

14 იანვარს დაღუპულთა შორის არიან: 19 წლის სტუდენტი ლიანა ნონიაშვილი, მისი დედა ტატიანა ნონიაშვილი და ტატიანას დედა. ლიანას მამა, 58 წლის უკრაინის მოქალაქე ზაქარია ნონიაშვილი, რომელიც მარიუპოლს იცავდა, 2022 წლის მაისიდან, რუსი ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება. იგი საქართველოში, ახმეტის რაიონის სოფელ მატანში დაიბადა და გაიზარდა.

„დამუნჯებული ვარ, საუბარი მიჭირს. არ მჯერა რომ ეს საშინელება ჩემი ძმის ოჯახში მოხდა. თვითონ 10 თვეა რუსების ტყვეობაშია, ლიანას და ტატიანას დაღუპვას ფსიქოლოგიურად როგორ გადაიტანს ამის წარმოდგენაც კი მზარავს“
ნონა ნონიაშვილი, ზაქარია ნონიაშვილის და

„დამუნჯებული ვარ, საუბარი მიჭირს. არ მჯერა რომ ეს საშინელება ჩემი ძმის ოჯახში მოხდა. თვითონ 10 თვეა რუსების ტყვეობაშია, ლიანას და ტატიანას დაღუპვას ფსიქოლოგიურად როგორ გადაიტანს ამის წარმოდგენაც კი მზარავს“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ პედაგოგმა ნონა ნონიაშვილმა, ზაქარია ნონიაშვილის დამ.

ზაქარია ნონიაშვილი სოფელ მატნიდან უკრაინაში საცხოვრებლად 40 წლის წინ გადავიდა და ქართულ-უკრაინული ოჯახი შექმნა. ჰქონდა საკუთარი სადურგლო, იყო მარიუპოლში ქართული სათვისტომოს „ჯორჯიას“ (Маріупольське грузинське товариство «Джорджія) ერთ-ერთი დამაარსებელი.

2022 წლის თებერვალში, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, მეუღლესთან ერთად, მეორე სამშობლოს დასაცავად, იარაღი აიღო ხელში და უკრაინის არმიის 109-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადაში გაწევრიანდა.

„2014 წელს, როცა მარიუპოლი რუსებმა რამდენიმე თვით დაიკავეს, ზაქარია ჩვენთან მატანში იყო ჩამოსული, მეუღლესთან და შვილთან ერთად და ამ ბრძოლას რაღაცნაირად ავცდით. 2022 წელს, როცა უკვე დიდი ომი დაიწყო, ზაქროც და ტატიანაც იქაურ „ტერ-ობორონას“ შეუერთდნენ.

ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ პირველ რიგში, იარაღი იმიტომ აიღო, რომ დაეცვა ოჯახი და ის, რისთვისაც ამდენი წელი იშრომა და იწვალა. ძმასთან კონტაქტი, სადღაც მარტის დასაწყისში დავკარგე, ინტერნეტი და მობილური კავშირი როგორც კი გაითიშა“ - ამბობს ნონა ნონიაშვილი.

ნონიაშვილებმა პირველად ომის საშინელება მარტის დასაწყისში გამოსცადეს, როცა ზაქარიას და ტატიანას ქალიშვილი, ხარკივის პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებული, ეკონომიკის, მენეჯმენტისა და საერთაშორისო ბიზნესის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პირველ კურსელი ლიანა ნონიაშვილი დაიკარგა ქალაქში, რომელსაც რუსები განუწყვეტლივ ბომბავდნენ.

ნონიაშვილების მშობლიური ქალაქი მარიუპოლი - რუსი ოკუპანტების ალყის დროს
ნონიაშვილების მშობლიური ქალაქი მარიუპოლი - რუსი ოკუპანტების ალყის დროს

„მარტში უმძიმესი დღეები გამოვიარეთ, ჩავრთე ყველა ვისაც ვიცნობდი და არ ვიცნობდი, საქართველოს საელჩომ უკრაინაში წარმოუდგენელი დახმარება გაგვიწია, პირადად კონსულმა ნანა ჩაბრავამ და ყველა დიპლომატმა თავი გადადეს, ასევე ძალიან დაგვეხმარა შოთა გოდერძიშვილი. ლიანა ამ დანგრეულ ქალაქში იპოვნეს, ხარკივიდან გამოიყვანეს და ბავშვი გადაგვირჩინეს. ამას მოჰყვა უფრო მძიმე მაისი, როცა გავიგეთ, რომ ზაქარია და ტატიანა მარიუპოლში ტყვედ ჩავარდნენ“ - გვიყვება ნონა ნონიაშვილი.

"ზაქარია და ტატიანა მარიუპოლში ტყვედ ჩავარდნენ. არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა სად და როგორ იყვნენ, წითელ ჯვარსაც მივმართე, საელჩოებსაც, ყველას ვეხვეწებოდი რამეთი დაგვხმარებოდნენ. ტატიანა ოქტომბერშო გაათავისუფლეს"

მარიუპოლის გმირი მცველები, რომლებიც ქალაქს 25 თებერვლიდან 19 მაისის ჩათვლით იცავდნენ, უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებას დაემორჩილნენ და „აზოვსტალი“ დატოვეს.

უკრაინის არმიის 107-ე და 109-ე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის მებრძოლები, ზაქარია და ტატიანა ნონიაშვილები რუსებმა, 19-20 მაისს, ოკუპირებული დონეცკის ოლქში, ოლინივკას კოლონიაში გადაიყვანეს და ცოლ-ქმარი გააცალკევეს.

ნონა ნონიაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ, კიდევ უფრო ჯოჯოხეთური დღეები დაიწყო: „არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა სად და როგორ იყვნენ, წითელ ჯვარსაც მივმართე, საელჩოებსაც, ყველას ვეხვეწებოდი რამეთი დაგვხმარებოდნენ. ტელეგრამში და სოცქსელებში ვიყავი 24 საათი გამოკიდული, რომ რამე გამეგო. მერე, ერთი ღვთისნიერი ადამიანის დახმარებით, რაღაცეები გავიგეთ. როცა ტყვეების გაცვლა დაიწყო, ყოველ ჯერზე ველოდით სასწაულს. საბოლოოდ, პირველს გაცვლა ტატიანას შეეხო. ის ტყვეობიდან ოქტომბერში გამოუშვეს“.

უკრაინელი ქალი სამხედრო ტყვეების დაბრუნება, ნოემბერი, 2022
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:32 0:00

ტატიანა ნონიაშვილმა, რომელიც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ორდენით "მამაცობისთვის" დააჯილდოვა, რუსების საკონცენტრაციო ბანაკი უმძიმეს მდგომარეობაში დატოვა. მას ტყვეობის შემდგომი, სპეციალური სარეაბილიტაციო კურსი და მკურნალობა ესაჭიროებოდა და ქალაქ დნიპროში, სადაც ასეთი ცენტრი აგვისტოდან მუშაობს, სწორედ ამიტომ მოხვდა. ოკუპირებული მარიუპოლიდან, ასევე უმძიმესი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა დნიპროში ტატიანას დედის გადაყვანაც.

„ლიანა არაჩვეულებრივი გოგონა იყო, უჭირდა, მაგრამ ქართულად საუბრობდა, უნიჭიერესი, ონლაინ დახურა ხარკოვის ინსტიტუტში პირველი კურსი"

ქალიშვილი ლიანა ნონიაშვილი, ჯერ დნიპროში იყო, შემდეგ ოდესაში, ბოლოდ გერმანიაში იმყოფებოდა. ქალაქ დნიპროში ხელმეორედ ახალი წლის შემდეგ დაბრუნდა.

14 იანვარს, 9 სართულიან კორპუსს გმირების გამზირზე, სადაც დედა-შვილი ნონიაშვილები და ბებია ცხოვრობდნენ რუსებმა, უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, ფრთოსანი რაკეტა ესროლეს, 7 სართული ჩამოიგრა, სულ კომპლექსში 270-მდე ბინა განადგურდა.

„ლიანა არაჩვეულებრივი გოგონა იყო, უჭირდა, მაგრამ ქართულად საუბრობდა, უნიჭიერესი, ონლაინ დახურა ხარკივის ინსტიტუტის პირველი კურსი, ომის მიუხედავად ძალიან დიდი გეგმები ჰქონდა. სარაკეტო დარტყმამდე, 9 დღით ადრე დაბრუნდა დნიპროში დედასთან და ბებიასთან.

ლიანა ნონიაშვილი
ლიანა ნონიაშვილი

სადარბაზოს ჩამონგრევის შემდეგ, ლიანას ცხედარი პირველი იპოვნეს, დედის და ბებიის ცხედრების ამოსაცნობად, როგორც მითხრეს დნმ ანალიზია საჭირო. როგორ გადაიტანს ამ საშინელებას ჩემი ძმა, სულ ამაზე ვფიქრობ. წარმოიდგინეთ ამ არაადამიანური ომის დროს, ჩვენ ოჯახს მერამდენე მეხი დაგვეცა“.

„ყველას ვთხოვ, როგორც გულმკვდარი ადამიანი, რომელსაც ცრემლი არ შემშრობია თვალზე, როგორმე ვუშველოთ ზაქროს, დამეხმარეთ რო ჩემი ძმა სამშობლოში დავაბრუნო, დავაბრუნო მატანში"

ნონიაშვილების ოჯახის მოპოვებული ინფორმაციით, ტყვეობაში მყოფი ზაქარია ნონიაშვილი, რუს ოკუპანტებს ამჯერად, ოკუპირებული დონეცკის ოლქის, ერთ-ერთი ქალაქის ციხეში ჰყავთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„ყველას ვთხოვ, როგორც გულმკვდარი ადამიანი, რომელსაც ცრემლი არ შემშრობია თვალზე, როგორმე ვუშველოთ ზაქროს, ვთხოვ უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებას, დამეხმარეთ რომ ჩემი ძმა სამშობლოში დავაბრუნო, დავაბრუნო მატანში, სადაც საკუთარი სახლი აქვს და მშობელი ელოდება“ - ამბობს ნონა ნონიაშვილი.

ქართული წარმოშობის უკრაინის მოქალაქე ზაქარია ნონიაშვილი 2022 წლის მაისიდან რუსების ტყვეობაშია
ქართული წარმოშობის უკრაინის მოქალაქე ზაქარია ნონიაშვილი 2022 წლის მაისიდან რუსების ტყვეობაშია

ზაქარია ნონიაშვილის ტყვეობიდან დახსნის ურთულეს პროცესში ჩართულია, როგორც უკრაინის შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები, ისე საქართველოს საელჩო უკრაინაში. მასთან ერთად რუსული ტყვეობიდან გათავისუფლებას კიდევ ორი ქართული წარმოშობის უკრაინის მოქალაქეც ელის. ისინიც ქალაქ მარიუპოლს იცავდნენ.

"ზაქარიასთან ერთად ტყვეობაში იმყოფება კიდევ ორი ქართველი და მათ განთავისუფლებაზე აქტიურად მუშაობენ“
ლაშა დიაროვი, ,ახალი საქართველო – სამოქალაქო პლატფორმა"

„უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რომ დაჩქარდეს ჩვენი პატრიოტის და მარიუპოლის გმირი მცველის ზაქარია ნონიაშვილის გაცვლის პროცესი. იცით, რომ ტყვეების რამდენიმე ასეთი გაცვლა შედგა და ახლაც მზადდება დიდი შეთანხმება" - უთხრა „ამერიკის ხმას“ ლაშა დიაროვმა, "ახალი საქართველო – სამოქალაქო პლატფორმის" დამფუძნებელმა. ამ ორგანიზაციას დასახმარებლად, მარიუპოლში დატყვევებული ქართველების ოჯახის წევრებმა თავად მიმართეს.

მისივე თქმით, "ასევე დანამდვილებით ვიცი, რომ ტყვეობაში იმყოფება კიდევ ორი ქართველი, რომლებიც უკრაინის მოქალაქეები არიან და მარიუპოლს გმირულად იცავდნენ. ისინიც გაცვლის სიაში არიან და უკრაინელები მათ გათავისუფლებაზეც აქტიურად მუშაობენ“.

XS
SM
MD
LG