ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხანგრძლივი დავის შემდეგ კონგრესმა ეკონომიკის სტიმულირების პაკეტი დაამტკიცა


ამერიკის კონგრესმა, კოვიდ-19-ის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შესამსუბუქებლად 900 მილიონიანი დახმარების პაკეტი მიიღო. კონგრესმა ასევე მიიღო 1.4 ტრილიონი დოლარის მთავრობის დაფინანსების პაკეტი.

წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა კანონპროექტს მხარი დიდი უმრავლესობით დაუჭირა. 5 000 გვერდიანი დოკუმენტის გასაცნობად კანონმდებლებს, მხოლოდ რამდენიმე საათი ქონდათ. თუ ისინი 21 დეკემბერს კანონს არ მიიღებდნენ, ფედერალური მთავრობის დაფინანსების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა.

პრეზიდენტი ტრამპი კანონპროექტს ხელს მომდევნო დღებში მოაწერს.

ორივე პალატის ლიდერები უკვე თვეებია პანდემიით დაზარალებული ამერიკული ოჯახების და ბიზნესების დახმარებაზე მსჯელობენ და შეთანხმებას მხოლოდ კვირას მიაღწიეს.

ბოლო რამდენიმე კვირაა, კამათი უმთავრესად სამთავრობო დახმარების ზომაზე მიმდინარეობს და ასევე იმაზე, თუ რა უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი: უმუშევრობის დახმარება, თუ ეკონომიკის გახსნაზე ფოკუსირება.

სადღესასწაულო სეზონის წინა დღეებში, ამერიკაში ახალი კორონავირუსით დადასტურებულად ინფიცირებულია 18 მილიონამდე ადამიანი, გარდაცვლილთ რიცხვი კი 319 ათასს აჭარბებს. მარტო ბოლო ერთ დღეში, ინფიცირებულთა რიცხვი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, 200 000-ზე მეტით გაიზარდა.

სენატის და წარმომადგენელთა პალატის ლიდერებმა შეთანხმების მიღწევის შემდეგ განაცხადეს, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს ამერიკელთა დიდი ნაწილისთვის ერთჯერადად 600 დოლარის გადახდას. ამ თანხას მიიღებს ყველა, ვისი წლიური შემოსავალიც $75 000-ს არ აღემატება. ამის ზემოთ დახმარება ნაწილობრივია. ეს მარტში გაწეული პირველი სამთავრობო დახმარების ნახევარია.

$284 მილიარდია გათვალისწინებული ბიზნესების დასახმარებლად, რათა მათ თანამშრომლები დასაქმებული ჰყავდეთ და სამსახურიდან არ დაითხოვონ. უმუშევართა შემწეობისთვის, 11 კვირის მანძილზე, კვირაში 300 დოლარია გამოყოფილი. პაკეტში ასევე შედის: $82 მილიარდი სკოლების და უნივერსიტეტებისთვის, $15 მილიარდი თეატრებისთვის და $10 მილიარდი საბავშვო ბაღებისთვის. უცხოეთის ქვეყნებში კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის დასახმარებლად, 4 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.

„ამერიკელი ხალხი შესაძლოა იყოს დარწმუნებული, რომ მალევე უფრო მეტ დახმარებას მიიღებს“, - განაცხადა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიჩ მაკკონელმა.

დემოკრატები უფრო დიდ დახმარების პაკეტს ითხოვდნენ. მაისში, წარმომადგენელმა პალატამ კანონპროექტის 3 ტრილიონიან ვერსიას დაუჭირა მხარი, ხოლო ოქტომბერში 2 ტრილიონიანს. თუმცა რესპუბლიკელები მთავრობის მხრიდან დიდ ხარჯებს წინ აღუდგნენ და უფრო ფოკუსირებულ დახმარებაზე გაამახვილეს ყურადღება.

სენატის უმცირესობის ლიდერმა, ჩაკ შუმერმა კანონმდებლობა გააკრიტიკა და თქვა, რომ ყველა ვინც ამ დახმარებას საკმარისად მიიჩნევს „არ მოუსმენია მათი ამომრჩევლის სასოწარკვეთილი ხმები, არ ჩაუხედავთ ჩამოქცევასთან მყოფი მცირე ბიზნესის მეპატრონის თვალებში“.

ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რიგით მეორე დახმარებაა.ორპარტიული შეთანხმების საფუძველზე, პირველი $3-ტრილიონიანი პაკეტი მარტის ბოლოს დამტკიცდა. მომავალი დახმარებების შესაძლებლობა იმაზე დამოკიდებული თუ ვინ მოიპოვებს კონტროლს, შეერთებული შტატების სენატზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG