ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მრავალთვიანი დავის შემდეგ, კონგრესი დახმარების პაკეტზე შეთანხმდა


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში და სენატში დღეს 900 მილიარდი დოლარის ოდენობის კორონავირუსის დახმარების პაკეტს უყრიან კენჭს. ორივე პალატის ლიდერები უკვე თვეებია პანდემიით დაზარალებული ამერიკული ოჯახების და ბიზნესების დახმარებაზე მსჯელობენ და შეთანხმებას მხოლოდ კვირას მიაღწიეს.

ბოლო რამდენიმე კვირაა, კამათი უმთავრესად სამთავრობო დახმარების ზომაზე მიმდინარეობს და ასევე იმაზე, თუ რა უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი: უმუშევრობის დახმარება, თუ ეკონომიკის გახსნაზე ფოკუსირება. კონგრესში დამტკიცების შემდეგ, ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რიგით მეორე დახმარება იქნება. ორპარტიული შეთანხმების საფუძველზე, პირველი $3-ტრილიონიანი პაკეტი მარტის ბოლოს დამტკიცდა.

სადღესასწაულო სეზონის წინა დღეებში, ამერიკაში ახალი კორონავირუსით დადასტურებულად ინფიცირებულია 18 მილიონამდე ადამიანი, გარდაცვლილთ რიცხვი კი 317 ათასს აჭარბებს. მარტო ბოლო ერთ დღეში, ინფიცირებულთა რიცხვი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ანგარიშით, 200 000-ზე მეტით გაიზარდა.

სენატის და წარმომადგენელთ პალატის ლიდერებმა შეთანხმების მიღწევის შემდეგ განაცხადეს, რომ დახმარების პაკეტი მოიცავს ამერიკელთა დიდი ნაწილისთვის ერთჯერადად 600 დოლარის გადახდას. ამ თანხას მიიღებს ყველა, ვისი წლიური შემოსავალიც $75 000-ს აღემატება. ეს მარტში გაწეული პირველი სამთავრობო დახმარების ნახევარია.

$284 მილიარდია გათვალისწინებული ბიზნესების დასახმარებლად, რათა მათ თანამშრომლები დასაქმებული ჰყავდეთ და სამსახურიდან არ დაითხოვონ. უმუშევართა შემწეობისთვის, 11 კვირის მანძილზე, კვირაში 300 დოლარია გამოყოფილი. პაკეტში ასევე შედის: $82 მილიარდი სკოლების და უნივერსიტეტებისთვის, $15 მილიარდი თეატრებისთვის და $10 მილიარდი საბავშვო ბაღებისთვის. უცხოეთის ქვეყნებში კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის დასახმარებლად, 4 მილიარდი დოლარია გათვალისწინებული.

ამერიკის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მისი ოფისში მოსვლის შემდეგ, კოვიდ-19-თან ბრძოლა კიდევ უფრო გაძლიერდება და ეკონომიკის აღდგენა დაჩქარდება. ის თეთრ სახლს ზუსტად ერთ თვეში დაიკავებს, 20 იანვარს დანიშნულ საზეიმო ინაუგურაციაზე, საპრეზიდენტო ფიცის საჯაროდ დადების შემდეგ.

ბაიდენი მიესალმა კონგრესში შეთანხმების მიღწევას და თქვა, რომ ამით სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. "ახალი წლის დაწყებისთანავე, კონგრესმა უნდა დაიწყოს მუშაობა ჩვენი კოვიდ-19-ის გეგმის მხარდასაჭერად, რათა მივეშველოთ განსაცდელში ჩავარდნილ ოჯახებს, ინვესტიციებს სამუშაო ადგილებში და ეკონომიკის გაჯანსაღებას. ერთი წუთიც კი არ გვაქვს დასაკარგი" - განაცხადა კვირას ჯო ბაიდენმა.

კონგრესმა შეთანხმებას ამერიკის მთავრობის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზეც მიაღწია. კორონავისურის დახმარების კანონპროექტი გაცილებით ფართო პაკეტის ნაწილია, რომლის საფუძველზეც, შეერთებული შტატების მთავრობა, 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით, $1.4 ტრილიონით დაფინანსდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG