ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის მომავალი სახელმწიფო მდივანი დეპარტამენტს ესტუმრა


ენტონი ბლინკენი

შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ნომინანტი სახელმწიფო მდივნის პოსტზე ენტონი (ტონი) ბლინკენი, ხუთშაბათს სახელმწიფო დეპარტამენტს ეწვია. ეს, საპრეზიდენტო არჩევნებში ბაიდენის გამარჯვების შემდეგ, მისი პირველი ვიზიტი იყო ამერიკის საგარეო უწყებაში, რითაც ძალაუფლების გადაბარების პროცესი სახელმწიფო დეპარტამენტშიც ოფიციალურად დაიწყო.

ვეტერანმა დიპლომატმა, ტონი ბლინკენმა მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტში კვირის ბოლოს გამართულ სხდომებში, ბრიფინგებში და შეხვედრებში. ეს გარდამავალი პერიოდისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, როცა მომავალი სახელმწიფო მდივანი, პოსტის გადაბარებისთვის წინასწარ, რამდენიმე ხნით ადრე ემზადება.

მაიკ პომპეო, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელმწიფო მდივანი, ამჟამად კარანტინშია, მას შემდეგ, რაც მასთან კონტაქტში მყოფ ადამიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა. მედიისთვის ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმასთან დაკავშირებით, უკვე მოხდა თუ არა ბლინკენის და პომპეოს შეხვედრა ვირტუალურად.

გავრცელებული ინფორმაციით, პომპეომ ტესტი მაშინვე აიღო, მაგრამ კორონავირუსი მას არ დაუდასტურდა. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ოთხშაბათს მხოლოდ ის თქვა, რომ პომპეო კარანტინში მიდის და უპასუხოდ დატოვა ჟურნალისტთა მომდევნო კითხვები იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა მას კოვიდ-19-ის სიმპტომები, როდის და სად მოხდა კონტაქტი ინფიცირებულთან, ვისთან ჰქონდა ურთიერთობა სახელმწიფო მდივანს ბოლო დღეებში და ა.შ.

ბაიდენის გარდამავალი პერიოდის გუნდის პრესსპიკერი ამბობს, რომ ისინი ყველა ვიზიტის დროს, კოვიდ-19-ის პროტოკოლს მკაცრად იცავენ. ტონი ბლინკენთან დაკავშირებით, მან ისიც თქვა, რომ მომავალი სახელმწიფო მდივანი პერიოდულად პირისპირ შეხვედრებსაც გამართავს. სახელმწიფო დეპარტამენტს კი ბლინკენის ვიზიტზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ბაიდენის გუნდი ტრამპის ადმინისტრაციას რამდენიმე კვირა ელოდა, რომ გარდამავალი პერიოდის ტრადიციული პროტოკოლი ამუშავებულიყო. პრეზიდენტი ტრამპი არჩევნებზე დამარცხებას ჯერ კიდევ არ აღიარებს.

ტრამპი აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თვითონ მოიგო და იმუქრება, რომ მასობრივი გაყალბების ფაქტებს გამოავლენს. თუმცა, ტრამპის კამპანიის მიერ ადგილობრივ, თუ უზენაეს სასამართლოში შეტანილ 60-მდე საჩივარში, მოსამართლეებმა ამ განცხადებების დამადასტურებელი ვერანაირი მტკიცებულება ვერ ნახეს.

ცოტა ხნის წინ, სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა თანამშრომლებს ელექტრონული წერილებით აცნობეს, რომ მათ დეპარტამენტში გარდამავალი პერიოდი დაიწყო. საგარეო უწყებაში შეიქმნა სპეციალური გუნდი, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციას ძალაუფლების გადაბარებაში დაეხმარება.

ამ ფაქტამდე ორიოდ კვირით ადრე, მაიკ პომპეო კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა, როცა პრესკონფერენციაზე, გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, თქვა, რომ გარდამავალი პერიოდის გუნდი "ტრამპის მეორე ადმინისტრაციის" მოსვლას მოამზადებდა. მოგვიანებით, პომპეომ ტონი შეცვალა და პირობა დადო, რომ ეს პერიოდი "კარგად" ჩაივლის, იმის მიუხედავად, თუ ვინ დაიკავებს თეთრ სახლს 20 იანვარს, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს.

ენტონი ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჯერ ამერიკის მომავალმა სენატმა უნდა დაამტკიცოს. თუმცა, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ვეტერან დიპლომატს ამ მიმართულებით პრობლემები არ შეექმნება, თუნდაც სენატის კონტროლი, იანვრის მეორე ტურის შემდეგ, ისევ რესპუბლიკელებს დარჩეთ.

ბლინკენის ხანგრძლივი დიპლომატიური გამოცდილებიდან გამომდინარე, ის პოსტს სავარაუდოდ, ძალიან მალე დაიკავებს. პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში, ტონი ბლინკენი იყო პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ის ასევე მსახურობდა სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილედ და 4 წლის მანძილზე, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველიც იყო ეროვნული უსართხოების მიმართულებით. ბლინკენი ბაიდენს საარჩევნო კამპანიის დროსაც ეხმარებოდა და საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ბაიდენის მთავარი მრჩეველი და სპიკერი გახლდათ.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG