ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზენაესმა სასამართლომ ტრამპის მოკავშირეების სარჩელი არ მიიღო


ამერიკის უზენაესმა სასამართლომ განსახილველად არ მიიღო ტეხასის შტატის სარჩელი, რომლის მიხედვითაც, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები 4 მნიშვნელოვან შტატში უნდა გაუქმებულიყო.

სასამართლომ მცირე განცხადებით, რომლის კონკრეტული ავტორიც არ ყოფილა მითითებული, განმარტა, რომ ამა თუ იმ შტატს, ამ შემთხვევაში კი ტეხასის შტატს არ აქვს სამართლებრივად ლეგიტიმური უფლება, დაინტერესდეს იმით, თუ როგორ წარმართავს სხვა შტატი არჩევნებს. სასამართლოს განმარტებით, მასზე დაფუძნებული სხვა სარჩელებიც ასევე წინააღმდეგობრივი და საკამათო იყო და ისინიც არ იქნება დაკმაყოფილებული.


მოსამართლეებმა სემუელ ალიტომ და კლარენს თომასმა, რომლებიც უზენაესის ყველაზე კონსერვატორ მოსამართლეებად მიიჩნევიან, თქვეს, რომ ისინი მისცემდნენ უფლებას ტეხასს, რომ სარჩელი შემოეტანა, განსახილველად მიიღებდნენ ამ სარჩელს, თუმცა სხვაგვარად, მას არ დააკმაყოფილებდნენ.

სარჩელი სასამართლოში გასულ ორშაბათს დონალდ ტრამპის მოკავშირემ და ტეხასის რესპუბლიკელმა გენერალურმა პროკურორმა კენ პაქსტონმა შეიტანა. მას მხარს სხვა შტატების რესპუბლიკელი პროკურორები და 126 რესპუბლიკელი კონგრესმენი უჭერდა. სარჩელის თანახმად, ისინი საარჩევნო კოლეგიის კენჭისყრის დღის გადადებას ითხოვდნენ იმისთვის, რომ 4 მნიშვნელოვან შტატში კოლეგიის წევრებმა 14 დეკემბერს საკუთარი ხმები ოფიციალურად გამარჯვებულ კანდიდატს არ მიანიჭონ.

პაქსტონი გადაწყვეტილებას წერილით გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სამწუხაროა, რადგან ამგვარად სასამართლომ უარი თქვა დაედგინა ამ ოთხი შტატის მიერ ფედერალური და შტატის საარჩევნო კანონმდებლობის აღსრულების კონსტიტუციურობა.

უზენაესი სასამართლო დონალდ ტრამპმაც გააკრიტიკა და "ტვიტერზე" დაწერა: "უზენაესმა სასამართლომ მართლაც იმედი გაგვიცრუა, არა - სიბრძნე, არა - სიმამაცე".

154-გვერდიან სარჩელში საუბარი იყო ყველა იმ ბრალდებაზე, რომელზეც ტრამპის გუნდის წევრები ბოლო თვის განმავლობაში საუბრობდნენ, განსაკუთრებით კი იმაზე, რომ 4 შტატში ადგილობრივმა ხელისუფლებამ კოვიდ-19-ის პანდემია გამოიყენა, როგორც "არაკონსტიტუციური" საფუძველი კენჭისყრის მოთხოვნების "გაფართოებისთვის". სარჩელის თანახმად, ამგვარმა უკანონო ქმედებებმა მილიონობით "უკანონო ბიულეტენის" ჩათვლის შესაძლებლობა გააჩინა, მაშინ, როდესაც ისინი, არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG