ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აღიარებს თუ არა პრეზიდენტი ტრამპი დამარცხებას?


პრეზიდენტ ტრამპის ვადის დასრულებამდე, რამდენიმე კვირა დარჩა. თუმცა კლავ კითხვად რჩება, აღიარებს თუ არა ტრამპი არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან მარცხს?

ამ დრომდე პრეზიდენტს ამ კუთხით ნაბიჯი არ გადაუდგამს. მას არც ამის ვალდებულება აქვს. მარცხის აღიარება, შეერთებულ შტატებში საარჩევნო ტრადიციაა, როცა დამარცხებული გამარჯვებულს შედეგებს ულოცავს.

სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, ტრამპს ამ დრომდე არ უჩვენებია მზაობა, რომ მის არჩევნებში დამარცხებას ცნობს. ეს კი იმის მიუხედავად ხდება, რომ გადამწყვეტი შტატები ერთმანეთის მიყოლებით ასახელებენ ბაიდენს, როგორც გამარჯვებულს.

ამის ნაცვლად, პრეზიდენტი უკვე რამდენიმე კვირაა აცხადებს, რომ არჩევნები დარღვევებით გაიმართა და რომ მას მეორე ვადა მოპარეს. 2 დეკემბერს პრეზიდენტმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა ხარვეზებს და დარღვევებს ხმის მიცემის და დათვლის პროცესში.

„ხმები მოეყარა, ძირითადად ბაიდენის [ხმები]. თითქმის სულ ბაიდენისთვის. და ამ დღემდე ყველა ცდილობს გაარკვიოს, საიდან მოვიდა ეს?", - თქვა ტრამპმა. „მე დიდი უპირატესობიდან [საარჩევნო უბნების დახურვასთან ერთად] ცოტათი დამარცხებამდე გადავინაცვლე [შემდეგ დღეებში]“, - თქვა მან.

ამის მიზეზი ის იყო, რომ ამ წლის არჩევნებზე ათობით მილიონობით ადამიანმა ხმა ფოსტით ან ადრეულად მისცა. პრეზიდენტი ამ პრაქტიკას აკრიტიკებდა. ძირითადად ხმას ფოსტით და ადრეულად დემოკრატები აძლევენ, რის გამოც ამ გზით მიღებულ ბიულეტენებში, რომელთა დათვლა უფრო გვიან მოხდა, უპირატესობა ჯო ბაიდენს ჰქონდა. ამ მილიონობით ხმის დათვლას, საარჩევნო დღის დასრულების შემდეგ ბევრი დრო დასჭირდა. ვითარების ასეთ განვითარებას არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე მოელოდნენ. პარალელურად, ტრამპის და მისი გუნდის სარჩელები და სასამართლო ბრძოლა გადამწყვეტ შტატებში ამ დრომდე წარუმატებელია.

ამერიკის არჩევნებზე გამარჯვებულის ბედს საარჩევნო კოლეგიის ხმები წყვეტს. კოლეგიის ხმების რაოდენობა შტატებზე მოსახლეობის მიხედვით ნაწილდება. უფრო დიდი მოსახლეობის შტატს, მეტი ხმა აქვს. ბაიდენს ამ დროისთვის საარჩევნო კოლეგიის 306 ხმა აქვს მოპოვებული, ტრამპს კი 232, რაც მნიშვნელოვანი უპირატესობაა. სწორედ ამდენი კოლეგიის ხმით გაიმარჯვა ტრამპმა 2016 წელს დემოკრატი ოპონენტის, ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ, რაც მან მაშინ „ბრწყინვალე გამარჯვებად“ შეაფასა.

საარჩევნო კოლეგია კენჭისყრას 14 დეკემებერს ჩაატარებს. კოლეგია მოსალოდნელია, რომ გამარჯვებულად ბაიდენს ცნობს. შემდეგ იანვრის დასაწყისში, ინაუგურაციამდე ორი კვირით ადრე, საარჩევნო კოლეგიის შედეგების სერტიფიცირებას კონგრესი ახდენს.

კიდევ ერთი კითხვა სწორედ იანუგურაციას უკავშირებდება: დაესწრება თუ არა მას პრეზიდენტი ტრამპი? საუკუნეა, რაც პრეზიდენტები მისდევენ ამ ჩვეულებას და ესწრებიან მათი ჩამნაცვლებლების ინაუგურაციას, მაშინაც კი, თუ მათთან დამარცხდნენ.

ტრამპი ამბობს, რომ მან უკვე მიიღო გადაწვეტილება, თუმცა არ უთქვამს, რას გეგმავს. პრეზიდენტი, არსებული ინფორმაცით, ასევე განიხილავს ოთხ წელში კიდევ ერთხელ იყაროს კენჭი.

ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც მოახერხა, რომ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ხელახლა მოეპოვებინა ამომრჩევლის მხარდაჭერა, მიუხედავად წინა არჩევნებში დამარცხებისა, გლოვერ კლივლენდი იყო 1892 წელს.

„ეს შესანიშნავი ოთხი წელი იყო. ჩვენ ვცდილობთ კიდევ ოთხი წელი გვქონდეს“, - უთხრა პრეზიდენტმა რესპუბლიკელებს თეთრ სახლში გამართულ საშობაო წვეულებაზე.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG