ერთთვიანი საზაფხულო შვებულების შემდეგ, შეერთებული შტატების კონგრესის ორივე პალატის წევრები ვაშინგტონში დაბრუნდნენ. სენატის და წარმომადგენელთა პალატის კანონმდებლებმა მოკლე დროში რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.
ყველაზე სასწრაფო ტეხასის შტატში, ქარიშხალ ჰარვით მიყენებული ზარალისთვის თანხის გამოყოფა და სამთავრობო ბიუჯეტის დამტკიცებაა. ქარიშხლით და წყალდიდობით კატასტროფულად დაზარალებული ჰიუსტონის დასახმარებლად, რომელიც ამერიკაში სიდიდით მეოთხე ქალაქია, 7.9 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტი განიხილება.
შეერთებულ შტატებში ფისკალური წელი სექტემბრის ბოლოს სრულდება. შესაბამისად, კონგრესმა მომავალი წლის სამთავრობო ბიუჯეტი ამ თვის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს, რათა მთავრობის დახურვის თავიდან აცილება მოხდეს. სექტემბრის ბოლომდე იქნება საჭირო საგარეო ვალის ზედა ზღვრის გაზრდაც, რომ ამერიკის მთავრობამ დავალიანებების გადახდა გააგრძელოს.
Facebook Forum