ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ალ-ყაიდას შეტევა ნაღმოსან კოლზე“


კაპიტანი შეერთებული შტატების უმოქმედობას აკრიტიკებს

2001 წლის 11 სექტემბრამდე თერთმეტი თვით ადრე, ალ-ყაიდას ტერორისტებმა იემენში ამერიკულ სამხედრო გემზე მიიტანეს იერიში. აფეთქების შედეგად 17 მეზღვაური დაიღუპა და 12 დაიჭრა. გემის კაპიტანმა მას შემდეგ წიგნი გამოსცა, სადაც ის აცხადებს, რომ ამ შეტევას ამერიკამ სუსტი პასუხი გასცა. დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი მერედით ბუელი არკვევდა.

2000 წლის 12 ოქტომბერს, ამერიკული ნაღმოსანი სახელად „კოლი“ კაპიტან კირკ ლიპოლდის გადაწყვეტილებით, საწვავის შესავსებად იემენის საპორტო ქალაქ ადენში შევიდა. კაპიტანი იხსენებს, რომ აფეთქების მომენტში თავის კაიუტაში მუშაობდა.

„როდესაც მეხისებური აფეთქება მოხდა, 505 ფუტის სიგრძის და 8400 ტონის სიმძიმის ნაღმოსანი გემი ზევით აიწია. ჩვენ რამდენიმე წამი ვგრძნობდით თუ როგორ აიწია გემი ჰაერში და როგორ ირყეოდა შემდეგ წყალში. შუქი გამოირთო,“ - იხსენებს კაპიტანი.

ლიპოლდმა თავის ხელმძღვანელობას გემზე შეტევის შესახებ აუწყა. ამჟამად, ის უკვე პენსიაშია და ამ მოვლენაზე წიგნიც დაწერა, სახელწოდებით „ალ-ყაიდას შეტევა ნაღმოსან კოლზე“.

წიგნი იმ დროს გამოიცა, როდესაც შეტევის ორგანიზებაში ბრალდებული აბდ ალ-რაჰიმ ალ-ნაშირის წინააღმდეგ გუანტანამოს ციხეში სამხედრო ტრიბუნალი დაიწყო. ლიპოლდს პროცესის მალე დასრულების იმედი არ აქვს.

„ნუ ელით, რომ ალ-ნაშირის საქმე დაჩქარებულად წავა. დაცვის მხარეს ასამდე წინადადება აქვს და ისინი ამას იქამდე გამოიყენებენ, ვიდრე შესაძლებელია,“ - ამბობს ლიპოლდი.

მის წიგნში აღწერილია ის ზიანი, რაც აფეთქების შედეგად გემს მიადგა, ასევე, მეზღვაურთა გმირობა, როდესაც გემის გადასარჩენად იბრძოდნენ, და დაღუპულ მეზღვაურთა აღმოჩენა.

ლიპოლდი გემის აფეთქების შემდეგ შეერთებული შტატების უმოქმედობას აკრიტიკებს.

„ჩემთვის მთავარი გაკვეთილი ის არის, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას საზღვრებს მიღმა ამერიკელთა მკვლელობა და შემდეგ ამის უპასუხოდ დატოვება. ეს ყველაფერი მიუთითებს სისუსტეზე და ჩვენი ხალხის და ეროვნული ინტერესების დაუცველობაზე,“ - ამბობს ლიპოლდი.

„ჰერითიჯის“ ფონდში წიგნის პრეზენტაციისას გამართული მსჯელობის დროს, ლიპოლდმა ამერიკული დაზვერვის ჩავარდნაზე ისაუბრა. მისი თქმით, შეერთებული შტატების მთავრობამ ვერ გათვალა, რომ ამერიკული ნაღმოსანის აფეთქება იყო იმ დიდი ტრაგედიის ნიშანი, რომელიც ერთი წლის შემდეგ მოხდა. საბოლოოდ 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შედეგებმა ნაღმოსანის აფეთქების ისტორია გადაფარა.

გემის ყოფილ კაპიტანს იმედი აქვს, რომ მისი წიგნი ალ-ყაიდას წინააღმდეგ ამერიკის ბრძოლის ისტორიაში უფრო მეტ სინათლეს შეიტანს.
XS
SM
MD
LG