ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გენერალი პეტრეუსი იმედს გამოთქვამს, რომ თალიბები დამარცხდებიან


გენერალი პეტრეუსი იმედს გამოთქვამს, რომ თალიბები დამარცხდებიან
გენერალი პეტრეუსი იმედს გამოთქვამს, რომ თალიბები დამარცხდებიან

ტელეარხ ენ-ბი-სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში ავღანეთში კოალიციური ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ იგი სამხედრო მოქმედებებში გარკვეულ პროგრესს ხედავს

გუშინ სატელევიზიო გამოსვლაში ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს სამხედრო ძალების მთავარსარდალმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა აღნიშნა, რომ იგი სამხედრო მოქმედებებში გარკვეულ პროგრესს ხედავს. მაგრამ მან იმავდროულად ხაზი გაუსვა იმას, რომ თალიბი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლა ადვილი როდია და მოთმინებასა და თავდადებას მოითხოვს.

ტელეარხ ენ-ბი-სი-სთვის მიცემულ ინტერვიუში გენერალმა პეტრეუსმა აღნიშნა, რომ ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს ამოცანა უცვლელი რჩება - ეს არის თალიბი მეამბოხეების დამარცხება რათა ავღანეთი საერთაშორისო ექსტრემიზმის კერად აღარ გადაიქცეს.

მან აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილება ავღანეთიდან მომავალ ივლისს ჯარების გაყვანის თაობაზე ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

„პრეზიდენტმა ძალზედ მკვეთრად ჩამოაყალიბა საკუთარი შეხედულება. ამას გარდა ვიცე პრეზიდენტმა ბაიდენმა ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ ხსენებული თარიღი პროცესის დაწყებას ნიშნავს. ანუ სხვაგვარად, რომ ვთქვათ ყველაფერი არსებულ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. პირობების დამიხედვით ჩვენ გარკვეულ პასუხისმგებლობას ჩვენ ავღანელ პარტნიორებს, მათ უშიშროების ძალებსა და სხვადასხვა სამთავრობო ორგანოს გადავაბარებთ. ეს კი, თავის მხრივ, ჩვენი სამხედრო ძალების სათანადო შემცირებას შეუწყობს ხელს,“ განაცხადა გენერალმა.

პეტრეუსმა აღნიშნა, რომ ის პრეზიდენტს საკუთესო სამხედრო რჩევას მისცემს. მისი თქმით, იგი არ მოერიდება პრეზიდენტისთვის იმის თქმასაც თუ მომავალი წლის ივლისში ავღანეთიდან ჯარების გაყვანა რეალისტური არ იქნება.

როგორც ცნობილია, პეტრეუსი ერაყში შეერთებული შტატების წარმატებული სამხედრო სტრატეგიის ავტორია. გასულ თვეს იგი ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს სამხედრო ძალების მთავარსარდალი გახდა.

მან აღნიშნა, რომ ავღანეთიდან შეერთებული შტატებისა და ნატოს სამხედრო ძალების გაყვანა არ ნიშნავს იმას, რომ ამერიკის პასუხისმგებლობა ავღანეთის მიმართ ამით დამთავრდება.

„უწინარეს ყოვლისა მე რეგიონის სახელმწიფოებს გავაფრთხილებდი, რომ მათ ნაადრევი დასკვნებისგან თავი შეიკავონ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მიმართ კიდევ გარკვეულ დროს დაიკავებს. რასაკვირველია ჩვენი დამოკიდებულების ხასიათი შეიცვლება იმის პარალელურად თუ რამდენად წარმატებულად გაუძღვებიან ავღანელები საკუთარ საქმეებს გარკვეულ სფეროებში,“ აღნიშნა პეტრეუსმა.

აღსანიშნავია, რომ პეტრეუსი ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებს სათავეში ჩაუდგა მაშინ, როცა ანალიტიკოსების აზრით ცხრაწლიანი ომის მიმართ ხალხის მხარდაჭერა იკლებს, ხოლო დანაკარგების რიცხვი იზრდება.

პეტრეუსი გამუდმებით აცხადებს, რომ კოალიციური ძალების უმთავრესი ამოცანა უნდა იყოს მოსახლეობის დაცვა და მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება. მას მიაჩნია, რომ ჯარისკაცები ავღანელებს შორის უნდა ცხოვრობდნენ. მან აგრეთვე გაამახვილა ყურადღება ავღანეთში კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების აღმოფხვრაზე. მისი თქმით, ეს პრობელემბი თალიბთა ამბოხებას აღვივებს.

პეტრეუსმა მოიწონა ავღანეთის მთავრობის სადავო სამოქმედო გეგმა, რომელიც თალიბთა მოძრაობის ნაკლებად მნიშვნელოვანი ელემენტების საზოგადოებაში ინტეგრაციას ითვალისწინებს. იგი თალიბთა მოძრაობის გარკვეულ ელემენტებთან შემრიგებლობის პერსპექტივას არ გამორიცხავს.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ თალიბთა ლიდერი მულა ომარი მალე ქაბულის ქუჩებში თავისუფლად გაივლის და ავღანეთის კონსტიტუციის ფიცს დადებს. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ თალიბთა მოძრაობის დაბალი და საშუალო მნიშვნელობის ელემენტების რეინტეგრაციის შესაძლებლობა არსებობს. ამას შეიძლება თალიბთა ხელმძღვანელობის დაქუცმაცებაც მოჰყვეს. სწორედ ეს არის ის, რასაც ჩვენ შემრიგებლობის ინიციატივაში ვგულისხმობთ,“ დასძინა პეტრეუსმა.

როგორც ცნობილია, გასულ წელს პრეზიდენტმა ობამამ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ძალების 100,000-მდე გაზრდის შესახებ. შედეგად გენერალ პეტრეუსის ზედამხედველობის ქვეშ ამჟამად კოალიციური ჯარების დაახლოებით 150,000 ჯარისკაცი აღმოჩნდა.

დეკემბერში პეტრეუსი შეერთებული შტატების კონგრესს ავღანეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებში მიღწეულ პროგრესსზე მოახსენებს.

XS
SM
MD
LG