ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბი მეამბოხეების რეინტეგრაცია ავღანეთში


შეერთებული შტატების წარგზავნილი ემხრობა გეგმას, რომელიც ავღანეთის საზოგადოებაში თალიბი მეამბოხეების რეინტეგრაციას ითვალისწინებს.

ობამას ადმინისტრაციის საგანგებო წარგზავნილმა ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ავღანეთის მთავრობის გეგმას, რომელიც ავღანეთის საზოგადოებაში ანტი-სამთავრობო მეამბოხეების რეინტეგრაციას ითვალისწინებს. ავღანეთის პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ხსენებული გეგმის დეტალებს ლონდონში დაგეგმილ კონფერენციაზე წარადგენს.

ჰოლბრუკმა აღნიშნა, რომ იგი კარზაის რეინტეგრაციის გეგმას ემხრობა. მაგრამ მისი თქმით გეგმის განხორციელება არ შეეხება იმ თალიბებს, რომლებიც ალ ყაიდის ორგანიზაციასთან დაკავშირებულები არიან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა მსგავს პირებთან მოლაპარაკებას არავითარ შემთხვევაში არ გამართავს.

ჰოლბრუკი ამერიკელ ჟურნალისტებს გაესაუბრა ბრიტანეთის მთავრობის ეგიდით მოწყობილი კონფერენციის გახსნამდე. როგორც მოსალოდნელია ხსენებულ კონფერენციაზე პრეზიდენტი კარზაი პროგრამის დეტალებს წარადგენს, რომელიც ითვალისწინებს ყოფილი თალიბი მეამბოხეების დასაქმებასა და სხვა წამახალისებელ ზომებს რათა მემომრებმა იარაღი დაყარონ და სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდნენ.

რეინტეგრაციის პროგრამა დაფინანსდება საგანგებო ფონდიდან, რომელშიც ფინანსურ წვლილს შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, იაპონიის და სხვა დონორი სახელმწიფოების მთავრობები შეიტანენ. ჰოლბრუკის თქმით:

„ეს გამიზნულია იმ ხალხზე, რომელიც თალიბებთან ერთად იბრძვის. სხვაგვარად, რომ ვთქვათ, ეს ეხება იმ დაჯგუფებებს, რომელიც ავღანეთის მთავრობას ებრძვის, მაგრამ იდეოლოგიურად ალ ყაიდასა და თალიბთა მოძრაობას არ ეკუთვნის. ანუ ლარაპაკია იმ ხალხზე, რომელიც გზააბნეულია. ზოგ შემთხვევაში ისინი ადგილობრივი საველე მეთაურები არიან, რომლებიც გარკვეულ სარგებელს ეძებენ და გარიგებაზე წამსვლელები არიან. უნდა ავღნიშნო, რომ ამნაირი ხალხი ბევრია. სწორედ ეს არის ის რეინტეგრაციის პროცესი, რომლის განხორციელება ჩვენ გვსურს.“

ჰოლბრუკმა აღნიშნა, რომ პრესაში გამოქვეყნებული ზოგი ცნობა მცდარია რადგან რეინტეგრაციის პროგრამა არ ითვალისწინებს შემრიგებლურ ინიციატივებს ისეთი ფიგურების მიმართ როგორიც არის თალიბთა მეთაური მულა ომარი.

ლონდონში კონფერენციაზე დასასწრებად სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ერთად ჩასულმა ჰოლბრუკმა აგრეთვე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სამთავრობო დელეგაციის წევრები კარზაისა და ავღანეთის მთავრობისგან ანტი-კორუფციულ ღონისძიებებს, ქალების უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ ზომებსა და სხვა რეფორმებს ელიან.

ჰოლბრუკმა აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობას აღელვებს ის, რომ გასულ წელს ბატონმა კარზაიმ უზბეკ საველე მეთაურს აბდულ რაშიდ დოსტუმს თავდაცვის სამინისტროში მაღალი თანამდებობა შესთავაზა, მაგრამ იმავდროულად შეერთებული შტატების ოფიციალური პირები კმაყოფილებას გამოთქვამენ კარზაის მიერ მინისტრთა კაბინეტში ახალი წევრების შერჩევასთან დაკავშირებით.


XS
SM
MD
LG