ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა თავშესაფარს 10 ათას სირიელს მისცემს


ამერიკა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საშუალოდ 70 ათას დევნილს იფარებს. წელს მათ რიცხვს სირიიდან დევნილი 10 ათასი ადამიანი დაემატება.

შეერთებული შტატები აცხადებს, რომ წელს სირიიდან დევნილ 10 ათას ადამიანს თავშესაფარს მისცემს და ასევე გაზრდის ჰუმანიტარულ დახმარებას მათთვის, ვინც ქვეყანაში გაჭიანურებულ ომს და ძალადობას გამოექცა. აღნიშნული ინიციატივით ამერიკამ სირიიდან დევნილთა მიღების რაოდენობა ადრე გამოცხადებულთან შედარებით 2 ათასით გაიზარდა.

ერთ-ერთი ჰუმანიტარული დახმარების ჯგუფი - მაშველთა საერთაშორისო კომიტეტი - აცხადებს, რომ შეერთებული შტატების მონდომება არასაკმარისია. ორგანიზაციის პრეზიდენტმა დევიდ მილიბენდმა, რომელიც ადრე დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებას ხელმძღვანელობდა, ამერიკის მიერ 10 ათასი დევნილის მიღების ინიციატივას სირიაში კონფლიქტს გამოქცეულების მიმართ „ცივი კომფორტი“ უწოდა.

თეთრი სახლის პრეს-სპიკერის, ჯოშ ერნესტის თქმით, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განკარგულება გასცა, რათა დევნილების ქვეყანაში შემოსვლა სასწრაფოდ მომზადდეს და უკვე შემდეგი თვიდან დაიწყოს. შეერთებული შტატებისთვის ეს თავშესაფრის მინიჭების მასშტაბის საგრძნობ გაზრდას მოასწავებს, ვინაიდან ამერიკა ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან საშუალოდ 70 ათას დევნილს იფარებს. ჯოშ ერნესტი ამბობს, რომ ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ისინი მკაცრ შემოწმებას გაივლიან.

XS
SM
MD
LG