ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერთ თვეში ამერიკაში 2.5 მილიონი სამუშაო ადგილი შეიქმნა


პანდემიის გამო, ერთი თვის განმავლობაში გაჩერებული ამერიკის ეკონომიკა თანდათანობით ამუშავებას იწყებს. ამის პარალელურად, იცვლება ეკონომიკური მაჩვენებელი.

თუ აპრილში ამერიკის შეერთებულ შტატებში რეკორდულად მაღალი უმუშევრობის მაჩვენებელი დაფიქსირდა, რომელიც 14 პროცენტს აჭარბებდა, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მაჩვენებელი შემცირდა და 13 პროცენტამდე დაიწია.

პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 მაისს დაიწყო. ოფიციალური მონაცემებით, სწორედ მაისში შეიქმნა ამერიკაში დამატებით 2.5 მილიონი სამუშაო ადგილი. ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პარალელურად, შემცირდა უმუშევართა რაოდენობაც 13.3 პროცენტამდე.

მონაცემები ამერიკის შეერთებული შტატების შრომის სტატისტიკის ბიურომ გამოაქვეყნა. რამდენიმე საათში კი პრეზიდენტმა ტრამპმა თეთრ სახლში განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ "ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მსოფლიოში ყველაზე დიდი და მძლავრია."

ამავე დღეს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დახმარების ახალ პაკეტს მცირე ბიზნესების დასახმარებლად.

სტატისტიკის მიხედვით ახალი სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი, ტურიზმის სფეროზე, მშენებლობასა და ჯანდაცვის სფეროზე მოდის.

დასკვნაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ უმუშევართა რაოდენობის ზრდა აპრილში ამერიკის შეერთებულ შტატებში პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვები გახდა. ამ დროისათვის, ქვეყანაში უმშევართა რაოდენობა ოფიციალური მონაცემებით 21 მილიონს შეადგენს. ამ დროისთვის პანდემიამდე პერიოდთან შედარებით ამერიკის შეერთებულ შტატებში უმუშევარობის მაჩვენებელი 9.8 პროცენტით არის გაზრდილი​.

ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკების გახსნის გეგმა აპრილის თვის ბოლოს პრეზიდენტმა ტრამპმა წარადგინა. გეგმა რამდენიმე პუნქტს მოიცავს. ინდივიდუალური შტატები შეზღუდვებს ახალი კორონავირუსის მონაცემების მიხედვით ხსნიან ან ძალაში ტოვებენ. ამ კვირიდან შეზღუდვები მცირედით შემსუბუქდა ნიუ-იორკის შტატშიც, სადაც შაბათს ბოლო პერიოდის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე დაბალი მონაცემები დაფიქსირდა.

ნიუ-იორკის შტატი, რომელიც ამერიკაში კოვიდ19-ის პანდემიის ეპიცენტრი, იყო პირველ ფაზაზე გადავიდა. შტატის გუბერნატორი ენდრიუ კუომო ამბობს, რომ მონაცემები იწევს და რეკორდულად დაბალი მონაცემი შაბათს დაფიქსირდა, როცა ახალი კორონავირუსით შტატში 30 ადამიანი გარდაიცვალა. მაშინ როცა აპრილში ნიუ-იორკის შტატში დღეში, საშუალოდ, 600 გარდაცვალების შესახებ ვიგებდით.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG