ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ შეცვალა პანდემიამ მომხმარებელთა ჩვევები?


კორონავირუსის პანდემიამ ამერიკელ მომხმარებელთა ქცევა მნიშვნელოვნად შეცვალა. ზოგმა სერიოზული მარაგების გაკეთება დაიწყო, ზოგმაც ონლაინ შოპინგს მიმართა. ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ცვლილებები როგორც მყიდველების, ისე სავაჭრო ობიექტებისა თუ სხვა კომპანიების ბიზნეს მოდელებსა და ფუნქციონირებაზე მომავალშიც მოახდენს გავლენას.

მაშინ, როდესაც ზოგი მაღაზიებში მიდის და სურსათ-სანოვაგეს და სახლისთვის საჭირო ნივთებს იმარაგებს, სხვები სახლებში, უსაფრთხოდ დარჩენას ამჯობინებენ. მკვლევარები საკონსულტაციო ფირმაში „კატეგორი პარტნერსი“, ამბობენ, რომ პანდემიის დაწყებიდან მალევე, მომხმარებელთა ქცევა რამდენჯერმე და ძალიან სწრაფად შეიცვალა.​

კორონავირუსამდე სასურსათო პროდუქტის მხოლოდ 4 % იყიდებოდა ონლაინ, ახლა კი თვეში 25%-ზე მეტი. ხალხმა დაიწყო კატეგორიების შექმნა, მხოლოდ იმის, რასაც მაღაზიაში იყიდის, დანარჩენს კი პირველად ყიდულობს ონლაინ.
ბრაიან ლიჩი, კომპანია „იბოტა"

„პირველი ცვლილება მარტის დასაწყისში იყო, როდესაც ერთგვარი აღიარება მოხდა, ეს გააზრების ფაზა იყო, როდესაც მომხმარებლებმა თვალი გაუსწორეს ფაქტს, რომ რაღაც ხდება, და იქნებ საჭიროა, მარაგები შევავსოთ. მარტის შუა რიცხვებში ერთგვარად მეორე ფაზა დადგა, ეს უკვე პანიკური შესყიდვის დრო იყო“, - ამბობს სტივ ლუცი, „კატეგორი პარტნერსის“ ვიცე-პრეზიდენტი

სასურსათო მაღაზიები იმ პერიოდში დაახლოებით 70-90%-ით მეტ პროდუქტს ყიდდნენ, ვიდრე გასული წლის იმავე დროს. ხალხი პროდუქტს დიდი მოცულობით ყიდულობდა, რადგან დეფიციტის შექმნის ეშინოდა. აპრილში კი მოსახლეობა შედარებით დამშვიდდა, და მიხვდა, რომ დეფიციტი არ ემუქრებოდა. ამის შემდეგ კი მესამე, კარანტინის ფაზა დაიწყო: ზოგმა სამსახური დაკარგა და ადგილზე მიტანის სერვისის გამოყენების ნაცვლად, სახლში მზარეულობა დაიწყო. საყიდელი სურსათის სია კი უფრო გონივრულად და შედგენილი და ზომიერი გახდა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ საკარანტინო ზომების მოხსნის შემდეგ, მეოთხე ფაზა დადგება, რომელიც 2008-2009 წლების ეკონომიკური რეცესიის მსგავსი იქნება. მსყიდველობითი უნარი მნიშვნელოვნად შემცირდება და კომპანიებისთვის ეს მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.

თუმცა მეორე მხრივ, პანდემიის გამო ადამიანების ონლაინ შოპინგის გამოცდილება შეიცვალა. ეს ტენდენცია კი პანდემიის შემდგომაც შეიძლება გაგრძელდეს.

„კორონავირუსამდე სასურსათო პროდუქტის მხოლოდ 4 % იყიდებოდა ონლაინ, ახლა კი თვეში 25%-ზე მეტი. ხალხმა დაიწყო კატეგორიების შექმნა, მხოლოდ იმის, რასაც მაღაზიაში იყიდის, დანარჩენს კი პირველად ყიდულობს ონლაინ“, - ხსნის ბრაიან ლიჩი, კომპანია „იბოტას“, დამფუძნებელი და დირექტორი

კრიზისმა ამერიკელთა საყიდლების სიაც შეცვალა. მარტის შემდეგ ერთჯერადი ხელთათმანების გაყიდვები 670 %-ით გაიზარდა, გაციების წამლების - 535 %-ით. ხალხი ასევე არამალფუჭებადი პროდუქტის შეძენას ცდილობს, როგორიცაა ბურღულეული თუ კონსერვები.

ნიკ როუთლი, „ვიზუალ კაპიტალისტის" წარმომადგენელი ამბობს, რომ ცვლილებები ადვილი შესამჩნევია ისეთ ტექნიკასთან თუ ნივთებთან დაკავშირებით, რომლებიც აქამდე სახლში ძალიან ცოტას თუ ექნებოდა. მაგალითად ბაზრიდან გაქრა სხვადასხვა სპორტული მოწყობილობა, ​ტრენაჟორები, უჩვეულოდ ბევრი გაიყიდა პურის საცხობი აპარატებიც კი.

„მაგალითად პურის საცხობი აპარატები - ადამიანთა უმეტესობას ამგვარი რამ სახლში არ ჰქონდა და ძალიან მარტივად, მისი გაყიდვები 600 %-ით გაიზარდა მაშინ, როდესაც ხალხმა პურის სახლში ცხობა გადაწყვიტა“, - ამბობს როუთლი.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ პანდემიას როგორც მყიდველებზე, ისე პროდუქტის გამყიდველ კომპანიებზე ხანგრძლივი გავლენა ექნება. ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნების შემდეგაც კი ადამიანების დიდმა ნაწილმა შეიძლება ზოგი პროდუქტის მარაგის გაკეთება თუ ონლაინ შეძენა კვლავ განაგრძოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG