ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქრონოლოგიურად განახლებული ინფორმაცია: შეიარაღებულ პირს 20-მდე ადამიანი ზუგდიდში მძევლად ჰყავს აყვანილი


ყველა მძევალი თავისუფალია, თავდამსხმელი მიიმალა

ბოლო სამი მძევალიც თავისუფალია. რამდენიმე წუთის წინ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ "კბილებამდე შეიარაღებულმა" მამაკაცმა ყველა მძევალი გაათავისუფლა, თავად კი მიმალვა შეძლო.

ამ დროისთვის უცნობია კონკრეტული ადგილი, სადაც თავდამსხმელმა მძევლები გაათავისუფლა. სად იმყოფება ახლა საზოგადოებისათვის საშიში პირი, უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს.

გაქცეული პირი ხელყუმბარით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით არის შეიარაღებული, მას თან აქვს თანხა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ გადასცა. თავისუფალია პოლიციელი ავთანდილ გალდავაც. მას ამ დროისთვის კომენტარი არ გაუკეთებია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალ ინფორმაციას ავრცელებს

გამტაცებელი რამდენიმე მძევალთან ერთად, სამეგრელოს ტერიტორიაზე გადაადგილდება, "საქართველოს ბანკის" შენობას კი სამართალდამცავები აკონტროლებენ. ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სამართალდამცავებმა 43 მძევალის განთავისუფლება შეძლეს. "გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე ამ დრომდე არ დასრულებულა და აქტიურად მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელმაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ოპერაციის განხორციელებას. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს. ამ ეტაპზე, ბანკის შენობაში შეიარაღებული თავდამსხმელის მიერ აყვანილი 43 მძევალი გათავისუფლებულია და ისინი პოლიციამ უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანა. შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები"- წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

კადრები ზუგდიდიდან - თავდამსხმელი მძევლებთან ერთად ბანკის ტერიტორიას ტოვებს
თავდამსხმელმა დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამ მძევალთან ერთად შენობა დატოვა
ზუგდიდში ბანკის შენობაში სპეცრაზმი იმყოფება, მძევლების ნაწილი თავისუფალია

"საქართველოს ბანკის" ტერიტორიაზე შს სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული. ბანკის გარე პერიმეტრზე გათიშულია გარე განათება. შენობაში შევიდნენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები. გარკვეული გადაადგილება შეინიშნება შენობაშიც. მძევლების დიდი ნაწილი უკვე თავისუფალია. ისინი ტოვებენ შენობას. მძევლები, რომლებიც უკვე გათავისუფლდნენ ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებენ. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში დაწერა, "პოლიტიამ მოიტანა ფული, გათავისუფლებულია ბევრი მძევალი დარჩენილი ვართ სამი ადამიანი." ადგილზე სროლის ხმა არ ყოფილა. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

საქართველოს პრეიზდენტის განცხადება

"მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას. ასევე, მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები," - წერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

გამტაცებლის მოთხოვნების ნაწილი შესრულდა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორიიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯავშანტექნიკა გაიყვანეს. შეიარაღებამ ტერიტორია ცოტა ხნის წინ დატოვა. ტერიტორიიდან ჯავშანტექნიკის გაყვანა ბანკზე თავდამსხმელის ერთ-ერთი მოთხოვნა იყო.

სახალხო დამცველის განცხადება

"მძევალი, რომელიც მედია საშუალებებთან კონტაქტზე გამოვიდა, ყველაზე მოწყვლადია ამ ურთულეს სიტუაციაში, რადგან სწორედ მას იყენებს შეიარაღებული პირი საკომუნიკაციოდ, მის მიმართ სხვაზე მეტი "ინტერესი" აქვს. შეიარაღებული პირის ფსიქოპორტრეტი, მისი რეალური მიზნები არავინ იცი, ამიტომ, ძალიან სახიფათოა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, მძევლის დისკრედიტაციის წამოწყებული კამპანია და მის პოლიტიკურ კუთვნილებაზე აქცენტირება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია მძევლების, სამართალდამცავების სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოვლენების არასწორ გაშუქებას, არასწორი აქცენტების გაკეთებას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს. ვიყოთ სოლიდარულები უდანაშაულო ადამიანების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, მიუხედავად ჩვენი პოლიტიკური შეხედულებებისა," - წერს საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.

2 მძევალი გათავისუფლებულია

ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" შენობიდან გამტაცებელმა 2 ადამიანი გაათავისუფლა. 4 საათიანი ტყვეობის შემდეგ მძევლები ადგილობრივი პოლიციის განყოფილებაში იმყოფებიან და ისინი სამართალდამცავებს დეტალურად ესაუბრებიან თუ რა ხდებოდა "საქართველოს ბანკის" შენობაში.

ნიკა მელიას განცხადება

„დაგეგმილი იყო კამპანიური შეხვედრა. თუმცა, ახლა ამ შეხვედრის ჩატარება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია და მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ადამიანი უკვე მობილიზებულია, ჩვენ ვაუქმებთ შეკრებას. სოლიდარობას ვუცხადებთ მძევლების ოჯახებს. აქვე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ხელისუფლების პოზიციას - იმის ნაცვლად, რომ გამოსავალი მოძებნონ, ისინი ჭირშიც კი ასხვავებენ მოქალაქეებს და მძევლებს შორის პოლიტიკური ნიშნით იდენტიფიცირებას ახდენენ. პოლიტიზირებული შსს ამბობს, რომ ერთ-ერთი მძევალი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. ეს ყოველგვარ კრიტიკას სცდება. ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ვისაუბროთ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ მშვიდობიანად დასრულდეს ეს ოპერაცია," - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკანორ მელია.

კადრები ზუგდიდიდან
ზუგდიდში მძევლების ნაწილი გათავისუფლებულია
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:01:32 0:00

შს მინისტრის მოადგილის განცხადება

"როგორც ნახეთ მოლაპარაკებების შედეგად 2 მძევალი გათავისუფლებულია. გრძელდება მოლაპარაკებები. სამართალდამცავი უწყებები აკეთებენ ყველაფერს, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში. მოლაპარაკებების დეტალებზე არ ვისაუბრებ მიზანმიმართულად. შემთხვევის ადგილის პირადაპირი ტრანსლირება არ მოახდინოთ გთხოვთ," - ამბობს შს მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძე.

ზუგდიდში შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდში ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა. არსებული ინფორმაციით, ვახტანგ გომელაური ზუგდიდის მერიის შენობაში იმყოფება და მართავს თათბირს. მასთან ერთად იმყოფება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია.

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა

გამტაცებლის მიერ გამოცხადებული უტლიმატუმის ვადა ამოწურულია. ამ დრომდე ზუგდიდში საქართველოს ბანკის შენობაში რჩება 19 მძევალი და გამტაცებელი. შეიარაღებული პირი ნახევარ მილიონ ამერიკულ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვს.

ირაკლი კობახიძის განცხადება

როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა, 19-მძევალი გასათავისუფლებელია და “გლავ კანალის“ და “პერვი კანალის“ ჟურნალისტი პრემიერ გახარიას დანაშაულის სტატისტიკის შესახებ ეკითხება, ეს არის სირცხვილი. პოლიტიკოსების მხრიდან ათზე მეტი განცხადება გაკეთდა. ეს პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა იყო, რაც ასეთ ვითარებაში გამაოგნებელია, - თქვა “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

შსს პირდაპირი მაუწყებლობის შეწყვეტას ითხოვს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელევიზიებს და მობილური ოპერატორებისგან მოთხოვს შეწყდეს პირდაპირი მაუწყებლობა. განცხადება ცოტა ხნის წინ თბილისში გაკეთდა.

" შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლადაყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება. სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტურების ქმედებას და ღონისძიების წარმართვის ეფექტიანობას. ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის, მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების, სამართალდამაცავებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე საპოლიციო ღონისძიებების ეფექტიანად წარმართვის მიზნით, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა, შეზღუდვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით არსებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს აღნიშნულის უზრუნველყოფა. მაქსიმუმს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს მძიმე შემთხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული მოქალაქის, საზოგადოების წევრის და პოლიციელის უსაფრთხოება," თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კახა საბანაძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება

„პირდაპირ ეთერში საუბარი და არც ამ ღონისძიების პირდაპირ ეთერში ჩვენება სწორი არ არის. მე რა ინფორმაციაც მაქვს, ეს არის ერთი ადამიანი, ერთი დამნაშავე, რომელიც სავარაუდოდ შეიჭრა ერთ-ერთი ბანკის ფილიალში. დარწმუნებული ვარ, სამართალდამცავი ორგანოები ყველა ღონეს გამოიყენებენ იმისთვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს ეფექტიანად და რაც მთავარია მშვიდობიანად,“ - ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

გიგი უგულავას განცხადება

"მე რამდენადაც ვიცი 3 მძევალია დარჩენილი და მზად ვარ ჩავენაცვლო მძევლებს, ვისაც როგორ უნდა ისე გაიგოს, მზად ვარ ჩავენაცვლო მძევლებს, თუ ამის შესაძლებლობა და ორმხრივი თანხმობა არის,"- თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ზუგდიდში ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

19 მძევალი ზუგდიდში - "კბილებამდე შეიარაღებული" გამტაცებელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს
ვითარება ზუგდიდში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:13 0:00
ზუგდიდში საქართველოს ბანკის შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა

ნახევარი მილიონი ამერიკული დოლარი და ვერტმფრენი - ეს არის გამტაცებლის მოთხოვნები, რომელსაც ზუგდიდში საქართველოს ბანკის შენობაში 19 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი. ულტიმატუმის ვადა უკვე ამოიწურა. პირობების დასაკმაყოფილებლად გამტაცებელმა სამართალდამცავებს 2 საათიანი ვადა მისცა.

გამტაცებლის მითითებით ერთ-ერთი მძევალი ირაკლი კვარაცხელია სხვადასხვა ტელეკომპანიას მათ შორის ტელეკომპანია "მთავარს" და "ტვ პირველს" დაუკავშირდა" პირდაპირ კავშირზე ყოფნის დროს კვარაცხელია ამბობს.

"შენობაში ვიმყოფებით ერთ ოთახში 19 კაცი, გამტაცებელი არის კბილებამდე შეიარაღებული, ავტომატით, პისტოლეტით, ყუმბარით, რომელსაც მოხსნილი აქვს დამცველი და ის ხელში უჭირავს მუდმივად, ამიტომ ამ სიტუაციის ყველანაირი ძალადობრივი მოგვარება გამორიცხულია, ეს გამოიწვევს მძევლების მსხვერპლს. გამტაცებელი ითხოვს, ხუთასი ათას დოლარს. ახლა ჩემს გვერდითაა თავმდამსხმელი. მე თავმდამსხმელის დავალებით გეკონტაქტებით. ის ამბობს, რომ ითხოვს ხუთასი ათას დოლარს, უსაფრთხოების გარანტიას და აქედან უსაფრთხოდ გასვლას. იმ შემთხვევაში თუ ძალოვანი სტურქტურები არ ჩაერევიან და ეს მოთხოვნები შესრულდება, არავინ დაზიანდებაო. ის ითხოვს ასევე ვერტმფრენს ან მძევლებთან ერთად მანქანით გასვლას. ვერტმფრენის დასმის საშუალება შენობას აქვს,"- ამბობს მძევალი რომელიც გამტაცებლის აზრებს აჟღერებს.

ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

"პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია. ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

პოლიციის თანამშრომლებმა შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები,"- წერია შს სამინისტროს განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG