ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო სამშვიდობო ინიციატივის გაგრძელებას მიესალმება


მედიატორი ლახდარ ბრაჰიმი
მედიატორი ლახდარ ბრაჰიმი

სირიის ქალაქ ჰომსში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება ჰუმანიტარული მოსაზრებით 3 დღით გრძელდება

სამოქალაქო დაპირისპირებით ერთ-ერთ ყველაზე მეტად დაზარალებულ სირიის ქალაქ ჰომსში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება გახანგრძლივდა. გაერო მიესალმა სამშვიდობო ინიციატივის სამი დღით გაგრძელების იდეას. გადაწყვეტილება სირიაში ქალაქ ჰომსისთვის მიმდინარე ბრძოლებში სამდღიანი ტაიმაუტის აღების შესახებ, ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების გაგრძელების აუცილებლობით იყო ნაკარნახევი.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ჰუმანიტარული საკითხების კოორდინატორი ვალერი ამოსი იმედს გამოთქვამს, რომ ამ სამი დღის მანძილზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გახდება შესაძლებელი და ქალაქში კრიტიკულად მნიშვნელოვან საკვებს, მედიკამენტებს, თუ სხვა აუცილებელ ჰუმანიტარულ დახმარებას შეიტანენ.

გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:57 0:00
ბმული

გაეროს პრესსპიკერს მარტინ ნესირკის, რომელიც ჟურნალისტებს ესაუბრა, ასევე იმედი აქვს, რომ ამ სამი დღის მანძილზე ჰომსიდან გაცილებით მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხერხდება, პირველ რიგში იმათი, ვინც ქალაქის საავადმყოფოებშია.

„მათ შორის რა თქმა უნდა 30 სირიელიც არის, ვინც ჰომსის იმ შენობაში იმყოფება, რომელსაც საავადმყოფოს ეძახიან. ისინი ძალზე მძიმე მდგომარეობაში არიან და სასწრაფო ევაკუაციას საჭიროებენ“ - აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელი.

გაეროს განცხადებით, ჰომსს ბოლო ორი წლის მანძილზე მინიმალური რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარების ტვირთი მიეწოდებოდა. პარასკევიდან დაწყებული, ადგილზე ჰუმანიტარული ორგანიზაციის რამდენიმე გუნდი მუშაობს. პირველივე დღეებში ომით განადგურებული ქალაქიდან 800 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, მათ შორის ქალები, ბავშვები, მოხუცები და ავადმყოფები იყვნენ. პარალელურად, ჰომსში ჰუმანიტარული დახმარება შედიოდა.

შემდეგ ჰუმანიტარული დახმარების კოლონა ცეცხლში მოყვა. მანქანების მახლობლად ყუმბარები ფეთქდებოდა. ერთ-ერთი მძღოლი დაიჭრა. ვალერი ამოსის თქმით, გაეროს ჰუმანიტარული მისიის და სირიის არაბული წითელი ნახევარმთვარის თანამშრომლების მიმართ ამგვარი ქმედება „სრულიად მიუღებელია“. ამასთან, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმების დარღვევაც მოხდა და ორთაბრძოლაში 11 ადამიანი დაიღუპა.

კითხვაზე, გაყავთ თუ არა ჰომსიდან მამაკაცებიც, გაეროს პრესსპიკერმა მარტინ ნესირკიმ, უპასუხა, რომ ისინი სასწრაფო ევაკუაციის გეგმაში არ შედიან, თუმცა გაერო მათ დაცვას ყველანაირად ცდილობს.

„რა თქმა უნდა ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ. როცა ხალხის ევაკუაცია ხორციელდება, ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ მათ არაფერი დაუშავდეთ“ - განაცხადა ნესირკიმ.

პარალელურად ჟენევაში სამშვიდობო კონფერენციის მეორე რაუნდი დაიწყო, რომელშიც სირიის მთავრობის და ოპოზიციის წევრები მონაწილეობენ. საერთაშორისო მედიატორი, გაეროს საგანგებო დესპანი ლახდარ ბრაჰიმი ორივე მხარის წარმომადგენლებს ცალ-ცალკე შეხვდა და მათთან მოლაპარაკება ძალადობის დასრულების მიზნით, გარდამავალი მთავრობის შექმნის თაობაზე გამართა.
XS
SM
MD
LG