ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა


უკრაინაში, ქალაქ კიევში, მთავარ მოედანზე შეკრებილი დემონსტრანტები პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაარბია.

კიევის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა, რათა კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები და ე.წ ლოკდაუნი გაეპროტესტებინათ. დემონსტრანტებს შორის იყვნენ მცირე მეწარმეები და ბიზნესმენებიც, რომლებიც ამ შეზღუდვების გამო ფინანსურად დაზარალდნენ.

პერიოდი, რომელსაც ლოკდაუნი მოიცავს, გულისხმობს. რომ აკრძალვები ქვეყანაში იქნება როგორც ახალ წელს, ისე მართლმადიდებლურ შობასაც და 8 იანვარს დასრულდება.

პოლიციამ დემონსტრანტების დარბევა მას შემდეგ დაიწყო, რაც მათ ქუჩებში კარვების გაშლა დაიწყეს.

პირველად, უკრაინაში, პანდემიის გამო პროტესტი აპრილში დაფიქსირდა, თუმცა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, ბოლო პროტესტი ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

უკრაინის მოქალაქეებმა "ამერიკის ხმასთან" საუბარში თქვეს, რომ საავადმყოფოებში მედპერსონალი არ ჰყოფნით. ნაწილი უარს ამბობს დამაცავი საშუალებების გარეშე მუშაობაზე, ნაწილი კი თავად ხდება ავად და მუშაობას ვეღარ აგრძელებს. მათი თქმით, ზოგიერთ საავადმყოფოში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, ადგილები აღარ აქვთ და პაციენტებს ვერ იღებენ.

ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, დაშავებულია 40 პოლიციელი. უკრაინული მედია ავრცელებს ინფორმაციას დაშავებული დემონსტრანტების შესახებაც.

ოფიციალური მონაცემების მიხედვით, უკრაინაში, კორონავირუსის 909,000 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული. პანდემიის დროს გარდაიცვალა 15,000 ადამიანი. ყველაზე მძიმე მდგომარეობა კი ქვეყნის დედაქალაქ კიევსა და ცენტრალური უკრაინის რეგიონ ჩერკასიშია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG