ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა "უეფას" აკრიტიკებს და 17 წლამდელ რუს ფეხბურთელებთან შეჯიბრებებში მონაწილეობას არ აპირებს


უკრაინა აცხადებს, რომ ის არ იასპარეზებს იმ შეჯიბრებებში, სადაც რუსული გუნდები მიიღებენ მონაწილებას. ეს განცხადება კიევმა მას შემდეგ გააკეთა, რაც "უეფამ" თქვა, რომ რუსეთის 17 წლამდელი სპორტსმენებისთვის ევროპულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლების აღდგენას აპირებს.

სამშაბათს, გვიან ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ "უეფას" მოუწოდა, შეცვალოს ეს გადაწყვეტილება და სხვა ქვეყნებსაც მიმართა, არ ეთამაშონ რუსულ გუნდებს.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ "უეფამ" ყველა რუსულ გუნდს - ეროვნულს, თუ საკლუბოს, მის შეჯიბრებებში მონაწილეობა აუკრძალა. მაგრამ, სამშაბათს, ახალ განცხადებაში განმარტა, რომ "ბავშვები არ უნდა დაისაჯონ იმ მოქმედებების გამო, რომელზე პასუხისმგებელნიც ცალსახად ზრდასრულები არიან". "უეფა" ამბობს, რომ 17 წლამდელი სპორტსმენები მის შეჯიბრებებში ამ სეზონის განმავლობაში დაბრუნდებიან.

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ "უეფას" გადაწყვეტილება "მკაცრად დაგმო" და თქვა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას იქ, სადაც რუსული გუნდებიც იქნებიან წარმოდგენილნი. ასოციაცია სხვა ქვეყნების მსგავს ორგანიზაციებსაც მოუწოდებს, გაემიჯნონ "უეფას" ახალ გადაწყვეტილებას და ბოიკოტი გამოუცხადონ რუსი სპორტსმენების მონაწილეობით ჩატარებულ თამაშებს. ასოციაცია ამტკიცებს, რომ მაშინ, როცა რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ ასეთ მტრულ ქმედებებს განაგრძობს, რუსული გუნდების შეჯიბრებებში დაბრუნება უსაფუძვლოა და "შემწყნარებლურია რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მიმართ".

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ სამშაბათს თქვა, რომ მისი ახალგაზრდული გუნდები რუსულ გუნდებთან არ იასპარეზებენ.

ევროპის 17 წლამდელთა საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი მომავალ წელს კვიპროსში გაიმართება, ქალთა ჩემპიონატი კი - შვედეთში.

უკრაინის სპორტის სამინისტრომ უკრაინის ეროვნულ სპორტულ ასოციაციებს აუკრძალა იმ შეჯიბრებებში უკრაინელი ათლეტების გაგზავნა, სადაც რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მონაწილეობენ. თუმცა, უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია განმარტავს, რომ მისი საფეხბურთო გუნდი იასპარეზებს ევრო-2024-ის საკვალიფიკაციო შეხვედრებში მიუხედავად იმისა, რომ ბელარუსის გუნდი ცალკე საკვალიფიკაციო ჯგუფშია.

XS
SM
MD
LG