ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუმანიტარული დერეფნები და ლოკალურად ცეცხლის დროებითი შეწყვეტა - მოლაპარაკებების მეორე რაუნდი


უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დასრულდა. უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მიღწეული არაა ის შედეგები, რომელთაც კიევი იმედოვნებდა, მაგრამ მხარეებმა "მიაღწიეს ურთიერთგაგებას ჰუმანიტარული დერეფნების შექმნისა და მოქალაქეთა ევაკუაციის თაობაზე".

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიკაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ მხარეებმა განიხილეს ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესაძლებლობები იმისათვის, რომ მოქალაქეთა ევაკუაცია გახდეს შესაძლებელი.

"ეს არ მოხდება ყველგან, მაგრამ იმ ადგილებში, სადაც უშუალოდ ჰუმანიტარული დერეფნები შეიქმნება, შესაძლებელი იქნება ცეცხლის შეწყვეტა ევაკუაციის მიმდინარეობისას", - განმარტა პოდოლიაკმა.

მხარეებმა ასევე მიაღწიეს ურთიერთგაგებას სამედიცინო საშუალებებისა და საკვები პროდუქტების მიწოდებაზე იმ ადგილებისტვის, სადაც ძლიერი ბრძოლა მიმდინარეობს.

უკრაინაში რუსეთის კიდევ ერთხელ შეჭრის შემდეგ ეს პირველი საკითხებია, რაზეც ორმა მხარემ მოლაპარაკება შეძლო.

პოდოლიაკი ამბობს, რომ კიევი იმედოვნებდა, მოლაპარაკებებზე მეტის მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი. "ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ მივიღეთ ის შედეგები, რომელთაც ვიმედოვნებდით", - თქვა მან, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. "ერთადერთი რამ, რისი თქმაც შემიძლია ისაა, რომ ჰუმანიტარული საკითხები საკმარისად დეტალურად განვიხილეთ, რადგან საკმაოდ ბევრი ქალაქი ახლა ალყაშია. სიტუაცია დრამატულია მედიკამენტების, საკვებისა და ევაკუაციის კუთხით", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩეველმა.

რუსული დელეგაციის წარმომადგენელმა ვლადიმირ მედინსკიმ კი თქვა, რომ "არსებით პროგრესს" მიაღწიეს და რუსეთი თანახმაა ჰუმანიტარული დერეფნების შექმნაზე სამოქალაქო პირებისთვის და ამ დროს ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესაძლებლობაზე, უშუალოდ ამ დერეფნების სიახლოვეს. მხარეები მოლაპარაკების შემდეგი რაუნდის გამართვაზეც შეთანხმდნენ.

XS
SM
MD
LG