ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კორუფცია უკრაინაში წინასაარჩევნო კამპანიაშიც წამყვანი თემაა


კორუფციასთან ბრძოლა უკრაინაში წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. მოსახლეობა კორუფციის დამარცხებას მომავალი პრეზიდენტის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად ასახელებს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის 21 აპრილს უნდა გაიმართოს.

ამერიკის ელჩმა უკრიანაში მარი იოვანოვიჩმა ცოტა ხნის წინ მთავრობისგან ამ პრობლემაზე კონტროლის გამკაცრება მოითხოვა. იაროსლავ იურჩიშინი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა უკრიანის" აღმასრულებელი დირექტორი კი ამბობს, რომ მაღალი რანგის ჩინოვნიკთა შორის კორუფცია ეგზისტენციალური საფრთხეა უკრაინისთვის.

„სქემები, რომლებიც ახლა ეროვნული უსაფრთხოებისა თუ ენერგეტიკის სფეროში არსებობს, რეალურად საშიშია არა მხოლოდ მთავრობის ეფექტურობისთვის, არამედ ასევე ზოგადად, უკრაინის არსებობისთვის, რადგან ეს არის ქვეყანა, რომელიც ომშია ჩართული. ეს კორუფცია კი ეხმარება მტერს იმაში, რომ ჩვენ დაგვასუსტოს", - ამბობს იურჩიშინი.

პოროშენკოს კამპანიას კიდევ ერთი სკანდალი შეემატა, ამჯერად სამხედრო შესყიდვებთან დაკავშირებული კორუფციის თაობაზე. პოროშენკო უარყოფს ნებისმიერ კავშირს ამ საქმესთან. იურჩიშინი ამბობს, რომ პოროშენკოს გამოყოფა მაგალითად არ შეიძლება.

"ნებისმიერ საპრეზიდენტო კანდიდატთან ჩვენ გვაქვს რამდენიმე შეკითხვა ამა თუ იმ კორუფციულ სქემასთან მათი ახლო კავშირების შესახებ", - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - უკრაინის" აღმასრულებელი დირექტორი.
უკრაინელების დიდ ნაწილს მეტის მოთმენა აღარ სურს. მაგალითად ჯგუფის "BIHUS info"-ს წევრები - რამდენიმე ათეული ჟურნალისტი და იურისტი - ცდილობენ კორუფციასთან დაკავშირებული უდიდესი სკანდალები გამოიძიონ. გამოძიებების შედეგები "იუთუბზე" ქვეყნდება. მათი ერთ-ერთი ბოლო გამოძიება ამჟამად უკვე დამარცხებული საპრეზიდენტო კანდიდატის, იულია ტიმოშენკოს პარტიის დაფინანსების საკითხებს ეხებოდა. ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, რომ პარტიის რამდენიმე უმსხვილეს დამფინანსებელთა შორის 3 მოქალაქე უკრაინის 2 სხვადასხვა სოფელში მცხოვრები პირები არიან. მათ ტიმოშენკოს პარტიას 148 000 $-ზე მეტი შესწირეს. ერთ-ერთი მათგანი ადგილობრივ პროდუქტის მაღაზიაში მუშაობს, სიუჟეტში ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ შეუძლებელია ეს ადამიანები რეალური დამფინანსებლები იყვნენ. გამომძიებელთა ჯგუფის დამფუძნებელი დენის ბიჰუსი ამბობს, რომ ამგვარი სქემები ტიპური მაგალითია იმისა, რასაც უკრაინაში ბევრი იყენებს ფულის რეალური წარმომავლობის დასამალად. პარტია ბრალდებებს უარყოფს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG