ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის არჩევნები: კომიკოსი "შოკოლადის ხელმწიფის" წინააღმდეგ


ვოლადიმირ ზელენსკი არჩევნების ღამეს

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში კომიკოსმა ვოლოდიმირ ზელენსკის დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მეორე ტურში ის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს დაუპირისპირდება. „მე მინდა ყველა უკრაინელს მადლობა გადავუხადო, ვინც ხმა უბრალოდ მხიარულებისთვის არ მისცა“, - განაცხადა ზელენსკიმ. პოროშენკო, კი უფრო მეტი მოკრძალებულობით გამოირჩეოდა. „მე არ ვგრძნობ ეიფორიას. მე კრიტიკულად და ნათლად მესმის ის სიგნალი, რაც საზოგადოებამ მისცა ამჟამინდელ ხელისუფლებას“, - თქვა მან. არჩევნების მეორე ტურში გადასვლა ვერ მოახერხა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ.

ვაშინგტონში უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებს წარმატებად აფასებენ. ამის მიზეზი თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებული კენჭისყრაა. ისინი კიევს მოუწოდებენ შეინარჩუნოს კურსი მეორე ტურისთვის. „ეს იყო ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რაც უკრაინაში ამ დრომდე გვინახავს... ვფიქრობ, ეს უკრაინული დემოკრატიისთვის წინგადადგმული ნაბიჯია“, - ამბობს კარლ გერშმანი, დემოკრატიის განვითარების ფონდის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელინსკის, კომედიასა და ტელევიზიაში მისი კარიერით იცნობენ. მის ყველაზე ცნობილ პროექტში, ის სკოლის მასწავლებელს თამაშობს, რომელიც პრეზიდენტი ხდება და უკრიანის პოლიტიკურ ელიტას და ოლიგარქებს უპირისპირდება.

„გამომდინარე წინასაარჩევნო კვლევებიდან, ეს არ ყოფილა სურპრიზი, ზელენსკიმ უფრო კარგი შედეგი აჩვენა, ვიდრე ბევრი ფიქრობდა. ეს შედეგი ასახავს ბევრი უკრაინელის შეხედულებას, რომ მათ რეალური ცვლილებები სურთ. რამდენად მოახერხებს [ზელენსკი] ცვლილების გატარებას - ამას დრო გვაჩვენებს... ის პოლიტიკაში არ ყოფილა და ეს შესაძლოა უკრაინელებისთვის მიმზიდველია, რადგან ისინი უკვე წლებია პოლიტიკაში ერთი და იგივე ადამიანებს ხედავენ და რეალური ცვლილება სურთ“, - ამბობს დევიდ კრემერი ფლორიდის უნივერსიტეტიდან.

უკრაინელი ამომრჩევლის გადაწყვეტილება ხმა მიეცა კანდიდატისთვის, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, და მას მხოლოდ გასართობი გადაცემებიდან იცნობენ, იმის მაჩვენებელია, რომ ისინი დაიღალნენ ძველი პოლიტიკური ელიტით, მათ ქვეყნის რადიკალური ცვლილება სურთ, განსაკუთრებით კორუფციის აღმოფხვრის კუთხით.

ალექსანდერ ვერშბოუ ამბობს, რომ ზელენსკის წარმატება აჩვენებს, რომ 2014 წლის ევრომაიდნის რევოლუციის შემდგომი პოლიტიკური განვითარებით, მოსახლეობა იმედგაცრუებულია.

„[არჩევნებმა აჩვენა] რომ არსებობს მნიშვნელოვანი უკმაყოფილება და 2014 წლის შემდგომი რეფორმების ნელი ტემპით გაღიზიანება. ფაქტი, რომ ზელენსკიმ პირველი ადგილი დაიკავა, სწორედ ამ უკმაყოფილებაზე მიუთითებს. თუმცა, მეორე რაუნდამდე ახალი თამაში იწყება და იმედი მაქვს, მეორე რაუნდი იქნება ისევე სამართლიანი და თავისუფალი, როგორც პირველი“, - თქვა ალექსანდერ ვერშბოუმ, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ.

ზელენსკის კრიტიკოსები მიუთითებენ მის კავშირებზე ოლიგარქ იგორ კალამოისკისთან - რომელიც იმ არხის მფლობელია, სადაც მისი ტელეშოუ გადაიცემოდა. სავარაუდოდ, მეორე ტურის წინ - პრეზიდენტი პოროშენკო სწორედ ამ არგუმენტს გამოიყენებს. ამ დრომდე პოროშენკო ცდილობდა ზელენსკი წარმოედგინა, როგორც პოლიტიკურად გამოუცდელი კანდიდატი, რომელიც ვერ მოახერხებს საშინაო და საგარეო გამოწვევებთან გამკლავებას. თუმცა, ზელენსკის გუნდი ამ კრიტიკის პასუხად აცხადებდა, რომ პოლიტიკური წარსულის არქონა ზელენსკის უპირატესობაა და არა პირიქით.

"ატლანტიკური საბჭოს" უფროსი მკლევარი ანდერს ასლუნდი ამბობს, რომ ზელენსკის გარშემო რამდენიმე ცნობილი რეფორმატორის გაერთიანება აჩვენებს, რომ ზელენსკი ცვლილებებს გეგმავს. თუმცა, ამერიკის დედაქალაქში ასევე აღნიშნავენ, რომ ჯერ ისევ უცნობია, თუ ვინ იქნება მის კაბინეტში და როგორია მისი ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკური ხედვა. „ალექსანდრე დანილიუკი და აივარას აბრამოვიჩუსი კარგი, ძლიერი და პატიოსანი რეფორმატორები არიან. ისინი ზელენსკის გვერდით დგანან. ეს პოზიტიურია... ეს თავისუფალი, სამართლიანი და ძალზედ კონკურენტული არჩევნები იყო. ჩვენ ვნახეთ, რომ მთავარი ეროვნული საკითხი კორუფციაა, და სწორედ კორუფციის წინააღმდეგ გამოვიდა სამი კანდიდატი-ზელენსკი, ტიმოშენკო და გრიცენკო და მათ ერთად 50 პროცენტი აიღეს,“ - ამბობს ანდერს ასლუნდი, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსი მკლევარი.

საშინაო გამოწვევებთან ერთად, ეკონომიკის თუ კორუფციის კუთხით უკრაინის მომავალ პრეზიდენტს, ქვეყნის აღმოსავლეთში რუსეთთან გამკლავება მოუწევს.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG