ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საინფორმაციო ომი


უკრაინის საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ტატიანა პოპოვა ამბობს, რომ პროპაგანდის წინააღმდეგ პროპაგანდით ბრძოლა არ შეიძლება რადგან ამით ნდობას დაკარგავ და ყველა ფაქტს ეჭვქვეშ დააყენებ.

ნაწილობრივ ტატიანა პოპოვას წვლილი იყო იმაში, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის გასაშუქებლად, უკრაინის სამხედრო უწყებამ ჟურნალისტების ქვედანაყოფებზე მიმაგრების პროგრამა შექმნა. ის უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონ დონბასში სატელევიზიო ანძების და გადამცემების განლაგების საქმეშიც მონაწილეობდა, რომელიც იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ პრო-რუსი სეპარატისტების მიერ ოკუპირებულ კონფლიქტის ზონაში, მოსახლეობას ახალი ამბები მხოლოდ კრემლის მიერ კონტროლირებადი არხებით არ მიეღო და ინფორმაციის და მოსაზრებების უფრო ფართო სპექტრთან წვდომა ჰქონოდა.

ბევრი ევროპელი ექსპერტის მსგავსად, პოპოვას აშფოთებს ის ფაქტი, რომ რუსეთი სიტყვის თავისუფლებას დასავლეთის წინააღმდეგ იყენებს და ჰიბრიდულ ომში ისეთ დემოკრატიულ საინფორმაციო საშუალებებს, როგორიცაა „ტვიტერი“, იარაღად აქცევს.

2014 წლის შემდეგ, რუსმა პროპაგანდისტებმა ბევრი რამ ისწავლეს.

თავდაპირველი უხეში დეზინფორმაციის შემდეგ, რუსებმა მეთოდები დახვეწეს. ახლა ისინი კონტექსტიდან ამოგდებული ნამდვილი ამბით ან ფაქტებით მანიპულირებენ, სახეს უცვლიან და ფორმას იმ აუდიტორიისთვის აძლევენ, რომელზე გავლენის მოხდენაც სურთ.

დასავლელი ოფიციალური პირები და მედია მონიტორინგის ჯგუფები ამბობენ, რომ რუსი პროპაგანდისტები ახალ საინფორმაციო ტექნოლოგიებს ოსტატურად იყენებენ, რათა სხვადასხვა პლატფორმებზე, ტელევიზიიდან რადიომდე და სოციალური მედიიდან ბეჭდვით გამოცემებამდე, ფაქტების საკუთარი ვერსიების კოორდინაცია მოახდინონ.

რუსეთის მთავრობა ამგვარ ქმედებას კატეგორიულად უარყოფს. ასევე უარყოფს ტროლების ფაბრიკის გამოყენებას, ყალბი ანგარიშების და ბოტების გამოყენებას დეზინფორმაციის და პროპაგანდის ისეთ პლატფორმებზე გასავრცელებლად, როგორიცაა „ტვიტერი“. რუსებს ასევე ბრალს სდებდნენ დასავლეთში ევროკავშირის მოწინააღმდეგე პარტიების და კვლევითი ცენტრების დაფინანსებაში და კრემლის მიერ მართული მედია საშუალებების, „რაშა თუდეის“ და „სპუტნიკის“ მეშვეობით ყალბი ახალი ამბების გავრცელებაში.

ამჟამად, ამერიკელი ოფიციალური პირები განიხილავენ დაარღვია თუ არა კრემლის კუთვნილმა ახალი ამბების სააგენტო „სპუტნიკმა“, უცხოეთის აგენტის რეგისტრაციის ამერიკული კანონი იმით, რომ ამერიკაში კრემლის პროპაგანდის ქვედანაყოფის როლს ასრულებს. რუსეთის მხარე ამ საკითხის წამოწევას მტრულ ნაბიჯად და მედიის თავისუფლების შელახვად განიხილავს და სამაგიეროს გადახდით იმუქრება.

უკრაინელი პოლიტოლოგი ოლექსი გარანი რუსეთის პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ რუსები ევროპაში და შეერთებულ შტატებში დემოკრატიის დესტაბილიზაციისთვის, თამაშის დემოკრატიულ წესებს იყენებენ.

საინფორმაციო ომში რუსეთს სამი მთავარი სამიზნე აქვს, პირველი სამიზნე საკუთარი მოსახლეობაა და ცდილობს მის თვალში პრეზიდენტ პუტინის ქმედებები გაამართლოს.

მეორე სამიზნე უკრაინაა. რუსები ცდილობენ, ტელევიზიაში და სოციალურ მედიაში საუბრის თემა ადგილობრივი პრო-რუსი წარმომადგენლების მეშვეობით წარმართონ. შეარჩევენ რაიმე მარგინალურ ახალ ამბავს ან თვითონვე შექმნიან ყალბ ამბავს და ცდილობენ ეს ამბავი წამყვანი მედია საშუალებების მასალად იქცეს.

მესამე სამიზნე დასავლეთია, სადაც რუსები დასავლეთის გახლეჩას და ტრანსატლანტიკური ურთიერთობის ძირის გამოთხრას ცდილობენ.

გარანის აზრით დასავლეთის მთავრობების საპასუხო ნაბიჯები ზედმეტად შეზღუდულია და რუსული პროპაგანდის საშიშროების შესაზღუდად, მათუკრაინის მთავრობის ზოგიერთ ქმედებას უნდა მიბაძონ.

გასული წლის მაისში, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბრძანებულება გამოსცა, რომლითაც ზოგიერთ პოპულარულ რუსულ სოციალურ ქსელზე წვდომა დაიბლოკა. მათ შორის იყო „იანდექსი“, რომელიც „გუგლის“ რუსული ექვივალენტია და „ვკონტაკტე“.

რუსები აკრძალვას სასამართლოში ასაჩივრებენ და საქმის მოსმენამდე, უკრაინაში ამ რესურსებზე წვდომა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

2014 წელს უკრაინამ ქვეყნის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რუსულ სატელევიზიო არხებთან ეკონომიკური ურთიერთობა აუკრძალა, რაც იმას ნიშნავდა, რომ საკაბელო კომპანიებს და ინტერნეტის მიმწოდებლებს ამ არხების ტრანსლირება არ შეეძლოთ.

ტატიანა პოპოვა სატელევიზიო აკრძალვას მხარს უჭერს და მიაჩნია, რომ ეს სიტყვის თავისუფლებას არ ზღუდავს, რადგან უკრაინელებს ამ არხების ყურება სატელიტური მიმღებებით და ვირტუალური პირადი ქსელების გამოყენებით მაინც შეუძლიათ, თუმცა ფიქრობს, რომ აკრძალვები სასამართლომ უნდა დააწესოს და არა მთავრობამ. თავისუფალმა საზოგადოებებმა კი სიტყვის თავისუფლება არ უნდა შეზღუდონ.

მისი აზრით, უნივერსიტეტები და არაკომერციული ორგანიზაციები რუსულ მედია ნაწარმს კარგად აკვირდებიან, მაგრამ კიდევ უფრო მეტია საჭირო.

პოპოვა ამბობს, რომ ხანგრძლივ პერსპექტივაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოების სწავლებას რათა ის მედიაში გაერკვეს და ეს სკოლაში მედიის ანბანის კლასით უნდა დაიწყოს, თუმცა ამას დრო დასჭირდება.

XS
SM
MD
LG