ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიცია ქუჩაშია, იანუკოვიჩი კი ჩინეთში ჩადის


უკრაინის პრო-ევროპული ძალები ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ

ბმული

უკრაინის ოპოზიციური ძალები ხელისუფლების მიმართ გადადგომის მოთხოვნით ზეწოლას განაგრძობენ. კიევის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტების რაოდენობამ მილიონს მიაღწია. პრეზიდენტ ვიქტორი იანუკოვიჩის ადმინისტრაციის მიმართ უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა. კიევიდან ჯეიმს ბრუკი უკრაინის პრო-ევროპული ოპოზიციის მომავალ გეგმებზე მოგვითხრობს.

ცოთა ხნის წინ, კიევის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე პრო-ევროპული განწყობის ოპოზიციურმა ძალებმა ბარიკადები აღმართეს.

რამდენიმე ქუჩის დაშორებით, მათ სამთავრობო შენობის ბლოკირება მოახდინეს და კაბინეტის წევრებს და თანამშრომლებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს.

აქციის მონაწილეებმა ქალაქის მთავარი შენობის ოკუპაცია მოახდინეს, სადაც რევოლუციის შტაბ-ბინა განათავსეს. რამდენიმე შენობის დაშორებით, სხვა ბლოკირებულ შენობაში, ოპოზიციური პარტიების სამი ლიდერი სამ ტელევიზიას გაესაუბრა. არსენ იაცენუკმა, პოლიტიკური ორგანიზაციის, „ბატკივშინას“ ლიდერმა ოპოზიციის საერთო მიზანზე ისაუბრა.

არსენ იაცენუკი: ჩვენი მიზანია ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ეს უკრაინელი ხალხის მოთხოვნაა, ამაზე კიევის ქუჩებში გამოსული ადამიანების რაოდენობაც მეტყველებს.

მთელი დღის განმავლობაში, ათასობით დემონსტრანტი, რომელთა რაოდენობა აქციაზე ხან კლებულობდა, ხან იმატებდა ხმის გამაძლიერებლებით პრო-ევროპული ორიენტაციის პოლიტიკოსების გამოსვლებს ისმენდა, რომელსაც პერიოდულად მართლმადიდებელი ეკლესიის გუნდის გალობა ენაცვლებოდა.
დემონსტრანტები კვირას, მასობრივი საპროტესტო აქციის მთავარ მონაპოვარს იცავდნენ, როდესაც მილიონი უკრაინელი გამოვიდა კიევის ცენტრში, რაც ათი წლის წინ ნარინჯისფერი რევოლუციის დროს ქუჩაში გამოსული დემონსტრანტების შემდეგ პირველად მოხდა.

უკრაინელები ორმა პოლიტიკურმა მოვლენამ გააერთიანა.

პირველი, იანუკოვიჩის მიერ ორი კვირის წინ, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ხელმოწერიდან გადახვევა გახდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ზეწოლას დანებდა და გადაწყვიტა აღარ გაეგრძელებინა თანამშრომლობა ევროკავშირთან . შემდეგ უკვე, შაბათს ინტერნეტში მშვიდობიანი საპროტესტო აქციის პოლიციის მიერ დარბევის კადრები გავრცელდა.

გასული კვირის დასასრულს, ცნობილი გახდა რომ ამ შეტაკებისას 300 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ნახევარი პოლიციელი იყო, ხოლო 43 ჟურნალისტი.
უკრაინელი ბიზნესმენი, ვიტალი ამერიკის ხმას იმის შესახებ ესაუბრება, თუ ის და მისი მეუღლე რატომ შეუერთდნენ კიევის მთავარ ქუჩაზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

ვიტალი: თავიდან ქუჩაში გამოსვლის მიზანი ევროკავშირთან ჩაშლილი ხელშეკრულება იყო, ახლა ჩვენ უკვე ხელისუფლების ქმედებას ვაპროტესტებთ.

ქუჩის ბოლოს, უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი მამა გიორგი, შენობასთან აღმართულ ბარიკადებთან დგას, რომელიც მას თავამდე წვდება.

მამა გიორგი: მოთმინების ფიალა მაშინ აივსო, როდესაც კადრები ვნახე, სადაც პოლიცია ქალებს და ბავშვებს სცემს.

ხელისუფლება ორშაბათს შემრიგებლური განცხადებებით გამოვიდა. კიევის პოლიციის უფროსი დაკავებული პოსტიდან დაითხოვეს.

პარლამენტის სპიკერი, რომელიც წამყვანი პოლიტიკური ფიგურაა, უარყოფს ხმებს, ქვეყანაში საგანგებო ვითარების შემოღებასთან დაკავშირებით. ამის სანაცვლოდ, მისი ინიციატივით, სამშაბათს პარლამენტში მთავრობის ნდობის ვოტუმთან დაკავშირებით კენჭისყრა დაიგეგმა. მან ასევე დიალოგის გამართვის მიზნით მრგვალი მაგიდის შესახებ ისაუბრა. მსგავსი პოლიტიკური ტაქტიკა 2004 წელს ნარინჯისფერი რევოლუციის დროს, პოლიტიკური დაძაბულობის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით იქნა გამოყენებული.

ვიტალი კლიჩკომ, მსოფლიო ჩემპიონმა ბოქსში, რომელიც ახლა ოპოზიციური პარტიის „უდარის“ ლიდერია, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებული პოლიტიკური კონფრონტაცია მშვიდობიანად უნდა დასრულდეს.

ვიტალი კლიჩკო: ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდობიანი მსვლელობით, მეგობრულად, კანონის გათვალისწინებით მიზანს მივაღწევთ.

სამშაბათს, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა გადაწყვიტა ჩინეთში ვიზიტი არ გააუქმოს, სადაც ის ოთხი დღით ჩავიდა. როგორც ჩანს, მას იმედი აქვს, რომ კიევის ყინვა და სიცივე პოლიტიკურ ტემპერატურაზე გავლენას იქონიებს.
თუმცა ზოგიერთი ანალიტიკოსი აცხადებს, რომ უფრო გონივრული იქნებოდა, თუკი ის ქვეყნიდან არ გავიდოდა და თავის პოლიტიკურ მდგომარეობას გაიმყარებდა.

შაბათ-კვირას რამდენიმე პოლიტიკურმა პირმა მმართველი პარტიის რიგები დატოვა. ორშაბათს, ოპოზიციურმა აქციებმა უკრაინის სამ ქალაქი მოიცვა, ერთ-ერთი რუსულენოვანი უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გაიმართა , რომელიც აქამდე პრეზიდენტ იანუკოვიჩის ყველაზე აქტიურ მხარდამჭერ რეგიონად ითვლებოდა.
XS
SM
MD
LG