ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ევროკავშირისკენ იხრება


მოსკოვის აქტიური მცდელობების მიუხედავად, კიევი ნოემბერში ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას გეგმავს

ევროკავშირში ასოცირების და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობის ხელშეკრულების ხელმოწერამდე, უკრაინის პარლამენტმა კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებს უნდა მიუსადაგოს. პროევროპელი ექსპრეზიდენტი, ვიქტორ იუშჩენკო ამ ნაბიჯს ქვეყნის ბოლო შანსად მიიჩნევს.

„ეს შანსი ერთ, ორ, ან ათ წელიწადში აღარ გვექნება. უამრავი ხარვეზი გვაქვს, საარჩევნო სისტემით დაწყებული, სამართალდამცავი სტრუქტურებით, თუ კანონის უზენაესობისადმი ორმაგი სტანდარტით და კორუფციით დამთავრებული. ამ ყველაფრის მოგვარება მხოლოდ ევროპასთან დაახლოების კონტექსტშია შესაძლებელი“ - აცხადებს ვიქტორ იუშჩენკო.

ბმული

ევროკავშირი ექსპრემიერ იულია ტიმოშენკოს პატიმრობას პოლიტიკური მოტივაციით ხსნის და მის გათავისუფლებას ითხოვს. ირღვევა მისი სამართლიანი სასამართლოს უფლება - აცხადებს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ტიმოშენკო სასჯელს ჯერ კიდევ იხდის. ტიმოშენკოს გათავისუფლებას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს, აცხადებს უკრაინაში ამერიკის ყოფილი ელჩი სტივენ პაიფერი.

„თუკი ტიმოშენკოს საკითხის მოგვარებისთვის მზად არ ხარ, ვფიქრობ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობას შენთან ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გაუჭირდება“ - აღნიშნავს ყოფილი ელჩი.

ამასობაში რუსეთი უკრაინის საკუთარ ორბიტაზე დაბრუნებას ცდილობს და მას ალტერნატიულ საბაჟო კავშირს სთავაზობს. უკრაინას რუსეთთან, ბელორუსთან და ყაზახეთთან თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად არანაირი მოთხოვნის შესრულება არ მოუწევს და რუსულ გაზსაც საკმაოდ იაფად შეიძენს.

აგვისტოში რუსეთმა უკრაინული იმპორტის ნაწილს ემბარგო დაადო. მოულოდნელად უკრაინულმა პროდუქციამ რუსეთის უსაფრთხოების და ხარისხის სტანდარტები ვეღარ დააკმაყოფილა. ანდერს ასლუნდი პიტერსონის ინსტიტუტიდან ამ ნაბიჯებს რუსულ წნეხად განიხილავს.

რუსეთი რეალურად უკრაინაზე წნეხს აძლიერებს. უკრაინის საგარეო ვაჭრობის თითქმის მეოთხედი ხომ რუსეთზე მოდის. შესაბამისად, მოსკოვს სერიოზული ბერკეტები გააჩნია. უკრაინა მეოთხე კვარტალია რეცესიაში იმყოფება. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი ამ ხნის მანძილზე კვარტალში 2 პროცენტამდე მცირდება. ფინანსური სიტუაციაც საკმაოდ რთულია. ასე რომ პუტინმა, როგორც ჩანს, უკრაინის დაჩოქება გადაწყვიტა“ - ამბობს ანალიტიკოსი.

რუსეთის მეთოდები კონტრპროდუქტიული გამოდგა. უკრაინელი პოლიტიკოსები ევროპას კიდევ უფრო უახლოვდებიან და ევროკავშირის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ცდილობენ. თავად ევროპაც ძლიერ აღშფოთებულია ამ ნაბიჯებით. მათ შორისაა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი.

„ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე რუსეთი პარტნიორ ქვეყნებზე ისეთ სასტიკ წნეხს ახორციელებს, როგორიც ძალიან დიდი ხნის მანძილზე არ გვინახავს. გარკვეული დოზით ეს სირიის ხარჯზე ხდება. მათ ჰგონიათ, რომ სირიის გამო მსოფლიოს ეს მხედველობიდან გამორჩება. ამიტომ, ამ ფაქტზე ყურადღება აქ აუცილებლად უნდა გავამახვილოთ“ - აცხადებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთის გავლენა უკრაინაზე მხოლოდ ეკონომიკით არ შემოიფარგლება. პოლიტიკა, მედია და რელიგიაც დიდ როლს თამაშობს. მეტიუ როჟანსკი კენანის ინსტიტუტიდან თვლის, რომ რუსეთი უკრაინის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას ნებისმიერ შემთხვევაში შეეცდება.

„ევროკავშირში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემთხვევაშიც კი, თუნდაც უკრაინის ეკონომიკის მუდმივი ზრდის პირობებში, მაშინ, როცა განათლება უფრო გავრცელდება და დასავლეთთან კავშირებიც მეტად განმტკიცდება, რუსეთს დესტრუქციული მეთოდების გამოყენების პოტენციური ბერკეტები მაინც ექნება. ის უკრაინის სახელმწიფოს გაძლიერებაში ხელის შეშლას ყოველთვის შეეცდება. ყოველ შემთხვევაში, თუ გამუდმებით ვერ შეძლებს, ამისთვის დრო ჯერჯერობით საკმარისად გააჩნია“ - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინა ევროკავშირთან დაახლოებისთვის მზად არის.

„რა თქმა უნდა ევროკავშირი და მათი ღირებულებები გვირჩევნია. რუსეთს მხოლოდ მონები ჭირდება. კარგ რამეებს თავს ძალით არავინ მოგვახვევს“ - ამბობს უკრაინელი მამაკაცი.

უკანასკნელი გამოკითხვები ადასტურებს, რომ უკრაინელთა 41 პროცენტი ევროკავშირს არჩევს, 31-ს კი საბაჟო კავშირი ურჩევნია.
XS
SM
MD
LG