ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეპარატისტულ რეგიონებში საკუთარი არმიის შექმნას აპირებენ


სლავიანსკი, 13 მაისი, 2014

მაღაროელთა პატარა ქალაქ კრასნოარმეისკის მცხოვრებთ, გასულ ღამეს სულ სხვა საფიქრალი ჰქონდათ, როცა მათგან სამხრეთით, 70 კილომეტრის მოშორებით, დონეცკის სეპარატისტმა ლიდერებმა საოცრად ნაადრევად გამოაცხადეს, რომ აბსოლუტურმა უმრავლესობამ უკრაინიდან გამოყოფას დაუჭირა მხარი.

მათთან ოდნავ ადრე არარეგულარული სამხედროები მივიდნენ, რომლებმაც განუცხადეს, რომ „დნეპრის“ ბატალიონიდნან იყვნენ. ეს არის ერთიანობის მომხრე, თვითდაცვის ძალა, რომელიც მეზობელ ქალაქში იმ ოლიგარქმა დააარსა, რომელიც ყოველ მოკლულ სეპარატისტ ლიდერზე ჯილდოს სთავაზობს.

სერგეი ადგილობრივი მშენებელია, რომელიც ამბობს, რომ ხმის მისაცემად ადგილობრივი მთავრობის შენობაში მივიდა და მიწაზე ერთი მოკლული ადამიანი დაინახა.

ქალაქის სხვა მცხოვრებლებმა ამერიკის ხმას უთხრეს, რომ 40 ნიღბიანი შეიარაღებული შენობაში შეიჭრა და ხმის მიცემის შეწყვეტა მოითხოვა. უკმაყოფილო ხალხთან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ შეიარაღებულმა პირებმა სროლა დაიწყეს. პოლიციელმა ორი ადამიანის გარდაცვალება დაადასტურა.

სერგეი განრისხებულია, ის ამბობს, რომ ერთიანი უკრაინის მომხრეა, მაგრამ რეგიონი უკრაინის იქნება თუ რუსეთის, ევროპის ნაწილი იქნება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. მას უბრალოდ კარგი ცხოვრება და ხელფასი სურს.

გუშინდელ, გამოყოფასთან დაკავშირებულ სადავო რეფერენდუმამდეც, რომლის მიმართ უამრავი ბრალდება იყო, როგორიცაა ხმების გაყალბება, წინასწარ გავსებული საარჩევნო ყუთები, და „კარუსელები“, ადამიანებისთვის განზე დგომა ძნელი იყო.

ერთი მხრიდან, სეპარატისტების მხრიდან დაშინება, ადამიანთა გატაცებები და მოწინააღმდეგეების მკვლელობები, ხოლო მეორე მხრიდან სადამსჯელო რეიდები, ადამიანებს არჩევანის გაკეთებას იმ შემთხვევაშიც აიძულებდა, როცა ამ არჩევანის გაკეთება არ სურდათ.

ბრძოლის ხაზები ალბათ უფრო მკვეთრი გახდება. კვირას ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, რასაც კიევის მთავრობამ „კრიმინალური ფარსი“ უწოდა, მაგრამ მოსკოვმა კანონიერად ცნო, დონეცკის სეპარატისტი ლიდერები ამბობენ, რომ საკუთარ არმიას შექმნიან და მოელიან რომ კიევთან დაკავშირებული ყველა ძალები რეგიონს დატოვებენ.

მთავრობას ანტი-სეპარატისტული სამხედრო კამპანიის ჩატარება უკვე უჭირს და პირადი შემადგენლობის ნაკლებობას განიცდის.

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მოსალოდნელია მთავრობა არარეგულარულ სამხედრო ძალას უფრო მეტად დაეყრდნოს და ბრძოლები შეიძლება დონეცკის და ლუგანსკის რეგიონებსაც გასცდეს.

ლუგანსკის სეპარატისტი ლიდერი, ყოფილი პარაშუტისტი მედესანტე, ვალერი ბოლოტოვი ამბობს, რომ მათ რეგიონში პლებისციტის დასრულების შემდეგ, მისი პრო-რუსული შეიარაღებული დაჯგუფება და დონეცკის სეპარატისტები ყურადღებას სხვა რეგიონებზე გადაიტანენ, რათა უკრაინისგან გამოყოფისთვის შეაგულიანონ.

ის ამბობს, რომ ისინი კიევთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებენ და ამჟამად მხოლოდ ტყვეების და მძევლების გაცლაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

როგორც ჩანს, ფონი მეტი დაპირისპირებისთვის შეიქმნა, რაც რუსეთის ინტერვენციის ალბათობას ზრდის.
XS
SM
MD
LG