ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთო პასუხისმგებლობა თუ მხოლოდ უკრაინის პრობლემა


დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს სპეციალური წერილით მიმართა


გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:11 0:00
ბმული

რუსეთის შეიარაღებული ძალები კვლავაც რჩებიან უკრაინის ტერიტორიაზე რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვის დეკლარირებული მიზეზით. გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს რობერტ სერს, რომელიც გუშინ სიმფეროპომში ჩავიდა, თავი დაცულად სულაც არ უგრძვნია. მან საკუთარი მისიის შესრულება ვერ შეძლო, რადგან ატვომანქანა, რომელშიც იგი იმყოფებოდა აგრესიულად განწყობილი ადამიანების ალყაში მოჰყვა და მას ქალაქის დაუყოვნებლივ დატოვება მოუხდა.

ბრიუსელში მიმდინარეობს შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისა. დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს სპეციალური წერილით მიმართა. ამის თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილმა "დღეს იკრიბება ბრიუსელში სპეციალური ევროკავშირის საბჭოს სხდომა ქვეყნების მეთაურების დონეზე. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს პრემიერმა სპეციალური წერილით მიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან ერთად, ასევე გათვალისწინებული იყოს და აუცილებელია დისკუსია საქართველოს ევროპული მომავალის შესახებ, რომელიც მზად არის და ნათლად აკეთებს დემონსტრირებას გააღრმავოს და განავითაროს ევროპული რეფორმები. ასევე მზად არის, არ გადაუხვიოს არავითარ შემთხვევაში ევროპულ არჩევანს. ამ პროცესში საქართველოს სჭირდება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა, სოლიდარობა და რასაკვირველია, ევროპული პერსპექტივა იქნებოდა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი".

გამოქვეყნდა სია იმ უკრაინელი მაღალჩინოსნებისა, რომელთა მიმართ უკვე ამოქმედდა სპეციალური სანქციები, რომელთა თაობაზე არაერთი განცხადება და წინასწარ იგაფრთხილება გაკეთდა ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან. უკრაინული ხელისუფლებისა და მათთან დაახლოებულ 17 პირს, მათ შორის ვიქტორ იანუკოვიჩსა და მის შვილს ევროპასა და ამერიკაში საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღარ ექნებათ. რამდენად ეფექტურია სანქციები, რასაც დასავლეთი მიმართავს და ზოგადად საკმარისია თუ არა ძალისხმევა უკრაინული კრიზისის განეიტრალების მიმართულებით, ამის თაობაზე მოსაზრების გამოთქმა ვთხოვეთ ლევან ცუცქირიძეს, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში. „ძალისხმევა საკმარისია თუ არა, ეს ძალიან მალე გამოჩნდება იქიდან გამომდინარე, დაბრუნდებიან თუ არა რუსული სამხედროები იმ ბაზებზე, სადაც უნდა იყვნენ წესით, კანონით და მათ შორის რუსეთ-უკრაინას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით. პატივს სცემს თუ არა რუსეთი იმ პირობას, რაც ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად მისცა მან უკრაინას სუვერენიტეტის თაობაზე. ამ ეტაპზე ჩანს, რომ ეს ძალისხმევა საკმარისი არაა, ვნახოთ იქნება თუ არა მეტი ძალისხმევა“,- ამბობს ლევან ცუცქირიძე.

უნდა ელოდეს თუ არა მსოფლიო ომს? რას მიიღებს საქართველო იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი წარმატებას მიაღწევს უკრაინის საკითხში - ამის თაობაზე ლევან ცუცქირიძე ამბობს: „რაც შეეხება სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს, თუკი ამგვარი რამ უკრაინაში მოხდება, ამას მოჰყვება რუსეთის ინტერვენცია უკვე უკრაინის სხვა ტერიტორიებზე, რაც იქნება ძალიან საშიში. ისედაც საკმაოდ სარისკო სიტუაციაა, მაგრამ შემდგომში მას მოჰყვება რუსეთის მხრიდან სამხედრო ოპერაციები.|

- თქვენ ფიქრობთ ეს იქნება სამხედრო ოპერაცია ცალმხრივად, მხოლოდ რუსეთის მხრიდან?

დიახ, მე ვფიქრობ ასე მოხდება, ვინაიდან უკრაინას არ აქვს მიღებული გარანტიები სამხედრო თვალსაზრისით არც აშშ-სგან, არც ნატოსგან, ეს იქნება რუსეთის ინტერვენცია, რასაც მოჰყვება უფრო მძაფრი, მკაცრი რეაქცია, სანქციები და სხვა, დასავლეთისგან, მარგამ მე ვეჭვობ, რომ თუკი რუსეთი ისევ გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს, ამას ვინმემ დაუპირისპიროს მხედრო ძალა უშუალოდ. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ტიპის სამხედრო ზომები, ასეთ შემთხვევაში, მაინც იყოს მიღებული როგორიც იქნება, მაგალითად, სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება უკრაინული შეიარაღებული ძალებისადმი და ასე შემდეგ. თუმცა რაიმე ისეთ გლობლაურ სამხედრო ნაბიჯს ნატოს მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მე არ ველი.

- თქვენი აზრით, უკრაინაში შექმნილი ვითარება იმოქმედებს პოლიტიკურ ძალთა ბალანსზე მსოფლიოში?

ამის თაობაზე საუბარი ნაადრევია, ალბათ, მე მგონია, რომ ბალანსი არ იცვლება, თუმცა რეგიონული მასშტაბით ძალიან მნიშვნელოვანი კრიზისი რომ არსებობს, ეს ცხადია.

- იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაიმარჯვებს უკრაინაში, რას შეიძლება ელოდეს საქართველო გამარჯვებული რუსეთისგან?

მე ვფიქრობ გამარჯვებული და დამარცხებული რუსეთისგან საქართველო ერთსა და იმავეს უნდა ელოდეს. მიუხედავად იმისა, რას მოახერხებს უკრაინაში, საქართველოში ის საკუთარი გავლენის გაძლიერებას შეეცდება, შეეცდება არ დაუშვას საქართველომ მოაწეროს ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და გამოიყენოს ამისთვის ის ბერკეტები რაც გააჩნია, ან ფიქრობს, რომ გააჩნია.

- თქვენ გულისხმობთ პოლიტიკურ ბერკეტებს?

პოლიტიკურსაც და სამხედროსაც. რუსეთის ჯარები დგანან საქართველოში და მათი გამოყენებაც არაა გამორიცხული, თუკი უკრაინაში გამოიყენა, რატომაც არ გამოიყენებს საქართველოში, ასე რომ ვთქვათ. ბევრი რამ შეიძლება გააკეთოს, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს, თუ დამარცხდება. თუკი ისე მოუწევს უკანდახევა რუსეთს უკრაინიდან, რომ დასავლეთი გადამწყვეტ გამარჯვებას მიაღწევს, მაშინ რა თქმა უნდა ეს გავლენის მექანიზმები, შეუმცირდება“.

საქართველოს პარლამენტი ამ დრომდე მუშაობს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე. რეზოლუცია ამჯერად უფრო მკვეთრი განცხადებების შემცველი იქნება რუსეთის მიმართ, ვიდრე ეს წინამორბედ დოკუმენტი იყო. საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მწვავე დებატები სხდომაზე სწორედ სიმკვეთრის ხარისხს ეხება.

კომენტარების ნახვა (1)

XS
SM
MD
LG