ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის უსაფუძვლო პრეტენზიები


შეერთებული შტატები მზადაა რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის გასაღრმავებელი ნაბიჯების გადასადგმელად

შეერთებული შტატების ელჩი გაეროში სამანტა პაუერი ამბობს, რომ რუსეთმა ბევრი პრეტენზია წამოაყენა, უკრაინაში რუსების და რუსულენოვანი მოსახლეობისადმი ცუდი მოპყრობის შესახებ. ვაშინგტონს ეს პრეტენზიები უსაფუძვლოდ მიაჩნია. პაუერმა ამერიკის ხმის უკრაინული სამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში, აღმოსავლეთ უკრაინაში და ყირიმში დამკვირვებლების სწრაფად გაგზავნის საჭიროების შესახებ ისაუბრა.

„ჩვენ რუსებს ვეუბნებით, თუ თქვენ ეს პრეტენზიები გაქვთ და საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნებით, რომ გარკვეული ინციდენტები მოხდა, მაშინ რისი გეშინიათ? რატომ არ რთავთ ნებას დამკვირვებლების ფართომასშტაბიან შემოსვლას იმისთვის, რომ რუსების დაცვის გარანტიები შექმნან? ჩვენ აქამდე კატეგორიულ უარს ვიღებდით, თუმცა ამის დაჟინებით მოთხოვნას კვლავ ვაგრძელებთ.“

პაუერმა თქვა, რომ თუ მოსკოვი არ დაეთანხმება კრიზისიდან გამოსვლის ამ ე.წ. მშვიდობიან ალტერნატივას, შეერთებული შტატები მზადაა რუსეთის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციის გასაღრმავებელი ნაბიჯების გადასადგმელად.

„სოჭში დაგეგმილი, „დიდი რვიანის“ შეხვედრისათვის მზადების გაუქმებასთან ერთად, სამხედრო კონტაქტებიც გავაუქმეთ, ისევე, როგორც სავაჭრო და სხვა სახის ორმხრივი თანამშრომლობა. ჩვენ ასევე განვიხილავთ მიზანმიმართული სანქციების შემოღებას მათ წინააღმდეგ, ვისაც ამ აგრესიაზე ეკისრება პასუხისმგებლობა.“

ელჩმა პაუერმა თქვა, რომ უკრაინელი ხალხის მომავალი თვითონ ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა გარეშე ძალის კარნახმა. მან ასევე დაგმო ოთხშაბათს, გაეროს წარმომადგენლის რობერტ სერის დაკავება და ყირიმის დედაქალაქიდან ძალადობრივი გაძევება.

გაერომ გამოაცხადა, რომ შეიარაღებულმა პირებმა სერი, რომელიც დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა, შეაჩერეს და დაემუქრნენ. როცა ეს ინციდენტი მოხდა, ის სამხედრო ფლოტის შტაბს ტოვებდა.

„უკვე რამდენიმე დღეა ყირიმში, ბატონ სერის მსგავსად, უკრაინელებს აშინებენ და ემუქრებიან. ასეთი დაშინება და დევნა მიუღებელია. უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო საერთაშორისო საზოგადოებამ ამიტომაც გამოთქვა გულისწყრომა და უკიდურესი შეშფოთება.“

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე იან ელიასონი კიევში სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებს ხვდება. მან გაეროს ჟურნალისტებს ტელეფონით აცნობა, რომ10-დან 15 კაცამდე, რომელთაგან ზოგიერთს სამხედრო ფორმა ეცვა და შეიარაღებული იყო, გააჩერა სერის ავტომობილი და ყირიმის დატოვება მოსთხოვა. ელიასონმა თქვა, რომ სერი არ დაშავებულა
მაგრამ იგრძნო რომ ის მუქარის ქვეშ იყო.

გაერომ განაცხადა, რომ სერი ღამის რეისით, სიმფეროპოლიდან კიევში გამგზავრებას გეგმავდა, სადაც ის თავის მისიას გააგრძელებს. კვირის ბოლოსთვის, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი დონის თანამდებობის პირიც გაიგზავნება კიევში, რათა ადამიანის უფლებების გარშემო შექმნილ ვითარებას ადგილზე დააკვირდეს.
XS
SM
MD
LG