ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„პრეზიდენტ პუტინის ფიქცია: 10 ცრუ მტკიცება უკრაინაზე“


სახელმწიფო დეპარტამენტი პუტინის მტკიცებების გამაბათილებელ ათპუნქტიან დოკუმენტს აქვეყნებს, რომელიც მიანიშნებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ცრუობს

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 10-პუნქტიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც ის ვლადიმირ პუტინის უკრაინაში მოვლენების განვითარების ვერსიებს აბათილებს. ამერიკის საგარეო უწყების მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტის შეფასებები უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტების ჩამონათვალის შემცველი დოკუმენტის სახელწოდებაა „პრეზიდენტ პუტინის ფიქცია: 10 ცრუ მტკიცება უკრაინაზე“.

ანალიტიკოსების აზრით, ეს ნაბიჯი შეერთებული შტატების საგარეო უწყების მიერ ტრადიციული პროცედურებიდან ერთგვარ გადახვევას წარმოადგენს. სახელმწიფო დეპარტამენტი ძალზე იშვიათად აქვეყნებს საჯარო დოკუმენტს, რომელშიც მიანიშნებს, რომ უცხო ქვეყნის ლიდერი ცრუობს. 10-პუნქტიანი დოკუმენტის გაცნობა შესაძლებელია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე (http://www.state.gov/r/pa/prs/ps/2014/03/222988.htm).

ვაშინგტონში მდებარე რუსეთის საელჩოს ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.
XS
SM
MD
LG