ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შტეფან ფულე: „მოდით, არ დავივიწყოთ რუსეთის ქცევა აქ, საქართველოში“


„იმ დროს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება აკვირდება შეშფოთების ზრდას, რომელიც დაკავშირებულია ყირიმში მიმდინარე მოვლენებთან, მოდით, არ დავივიწყოთ რუსეთის ქცევა აქ, საქართველოში. ეს ასევე შეშფოთების საგანი გახლავთ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი კვლავ გამოწვევის საგანი ხდება რუსეთის მხრივ, იმის ჩათვლით, რასაც ჰქვია ბარიერების და სამხედრო კონსტრუქციების აღმართვა. ეს ხელს უშლის ადამიანების თავისუფლად მოძრაობას და მჭიდრო ურთიერთობის დამყარებას. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ აქცენტის ამ საკითხზე გაკეთება იმის მიუხედავად, რომ ახლა დასავლეთის ყურადღება სხვა მოვლენებისკენაა მიმართული,“- ეს განცხადება ეკუთვნის შტეფან ფულეს, ევროკავშირის კომისარს გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში. იგი დღეს თბილისში იმყოფებოდა და ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც ევროკავშირმა საქართველოს 21 მილიონი ევრო გამოუყო დახმარების სახით.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დღეს აცხადებდა, რომ რუსეთისთვის გამაღიზიანებელია ტენდენცია, რასაც უკანასკნელ პერიოდში აქვს ადგილი. კერძოდ, მკვეთრად იმატა ურთიერთობებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჟებმა ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ მხარეს. მან ამის მაგალითად მოიყვანა სტატისტიკაც, რომლის თანახმად, ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის გამო დაკავებულთა შორის ეთნიკურად ქართულ მოსახლეობას ბევრად აღემატებიან ეთნიკური ოსები. „დეკემბრიდან მოყოლებული გვაქვს სტატიტსტიკა, რომ იმ პირებს შორის, ვისაც აკავებს ოსური მხარე ვითომდა საზღვრის გადაკვეთის გამო, ათი ადამიანიდან შვიდი ოსია და სამი ქართველი. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ვინც იყენებს გამყოფ ხაზს და გადაადგილდება, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ესაა ადამიანები, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე. ესაა ის წარმატება, რომელსაც საქართველოს სახელმწიფომ მიაღწია და ამის გამო ხდება მავთულხლართების გავლება,“- ამბობს პაატა ზაქარეიშვილი.

კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს 90-იან წლებში დაღუპული მეომრების სამარხების გახსნისა და გადასვენების პროცესის დაწყება აფხაზეთის მიმართულებით. გია ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრი აცხადებს, რომ ეს უაღესად ჰუმანური ქმედებაა, რასაც საერთაშორისო წითელი ჯვარი ლობირებს. „დიდი ხნის განმმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობასთან და მის წარმომადგენლებთან უგზო-უკვლოდ დაკარგული მეომრების, 90-იან წლებში დაკარგული მეომრების და სხვების სამარხების გახსნის და გადაცვლის თაობაზე. წითელი ჯვარი პლატფორმას ქმნის და მასში მონაწილეობენ წარმომადგენლები აქედან და იქიდან ისე, რომ ამას პოლიტიკური ნიშანი არ გააჩნია“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში კი ეგრეთ წოდებული საზღვირის დემარკაციის პროცესი, როგორც რუსი მესაზღვრეები ამბობენ, გეგმაზომიერად მიმდინარეობს.

მარიამ გულისაშვილი ატოცის რწმუნებულია, სოფლის შიდა ქართლში, სადაც რამდენიმე კვირის წინ ლითონის ღობე გაივლო რუსი მესაზღვრეების მიერ. ატოცში, ადგილობრივი მაცხოვრებლების გასამხნევებლად და ოკუპაციის გასაპროტესტებლად ორიოდე დღის წინ დიდი აქცია გაიმართა, რომლის ორგანიზება ცენტრალური ტელევიზიების მეშვეობით გახდა შესაძლებელი. მარიამ გულისაშვილი, რომელსაც ამერიკის ხმა ესაუბრა, ამბობს, რომ აქციის მონაწილეები უსაფრთხოების წესებს არაფრად აგდებდნენ, რამაც ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია.

„ახლაც იქიდან მოვდივარ. ცვლილება არაა არაფერი. ჯარის ორი წარმომადგენელი დგას მათი მხრიდან, ფორმიანი, პერიმეტრზე და გადაადგილდება. ახალი მავთულხლართი და ბოძი არ ჩასმულა. სიგრძით ეს ღობე დაახლოებით 800 მეტრია, ერთ კილომეტრამდე. რაც შეეხება აქციას, რომელიც ატოცში გაიმართა, ძალიან გთხოვთ, ყველას მიაწვდინეთ ჩვენი ხმა, რომ მასეთი აქცია სოფელს არ სჭირდება. ყველა ძალიან უკმაყოფილოა და ამბობენ, რომ სოფელში არავის შეუშვებენ, ვისაც ამგვარი რამის მოწყობა მოუნდება. ეს აქცია კი არა, გამაღიზიანებელი ფაქტი გახლდათ. შეგიძლიათ ადგილობრივებსაც ჰკითხოთ, როგორ იქცეოდა ზოგიერთი სტუმარი და რამდენად აგრესიული იყო. დროშით დარბოდნენ, ქალები და ბავშვები შეშინდნენ სოფელში. ჩამოსულ ადამიანებს ჩვენ ვაკავებდით, რომლებიც ყვირილით და გინებით საზღვრისკენ გარბოდნენ. ჩვენ ვიცოდით, რომ მომღერლები მოდიოდნენ და ვფიქრობდით, რომ კონცერტის მაგვარი რამ შედგებოდა. საპირისპირო მოხდა, ისმოდა გინება, ლანძღვა.. სტუმრები გვიყვარს და გვიხარია, როდესაც ჩვენთან ვინმე მოდის, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ აგრესიაში გადაიზარდა. გინებით ვაჯობებთ ჩვენ რუსებს?“- კითხულობს მარიამ გულისაშვილი.

კომენტარების ნახვა (2)

XS
SM
MD
LG