ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი: ატომური შანტაჟი უნდა შეწყდეს


უკრაინაში ჩერნობილის ტრაგედიიდან 37-ე წელს აღნიშნავენ. სწორედ ამ დღეს უკრაინამ მოუწოდა მსოფლიოს, არ დაემორჩილოს, არ შეუშინდეს რუსეთის ატომურ მუქარას. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი, თუ სხვადასხვა ოფიციალური პირები ხშირად აკეთებენ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროების შემთხვევაში, ისინი არ მოერიდებიან ატომური იარაღის გამოყენებას.

1986 წლის 26 აპრილს მომხდარი ყველაზე მასშტაბური და მძიმე ატომური აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია, სწორედ ჩერნობილის ქარხნის მუშებმა დაიწყეს, რომლებმაც ღამისთევით მიაგეს პატივი დაღუპულებს.

აფეთქების შედეგად, რადიოაქტიული ნარჩენები მთელი ევროპის მასშტაბით მიმოიფანტა. ქარხნის დაახლოებით 30-მდე თანამშრომელი და მეხანძრე ადგილზევე დაიღუპა, ბევრად მეტი კი კვირებისა და წლების შემდეგ, დასხივების, დამწვრობებისა და რადიოაქტიული დასხივებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებების შედეგად გარდაიცვალა.

"37 წლის წინ, ჩერნობილის ინციდენტმა უდიდესი ნაიარევი დაუტოვა მსოფლიოს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინელი ოფიციალური პირები მოსკოვს, ომის მიმდინარეობისას, ატომური უსაფრთხოების ნორმების დარღვევაში ადანაშაულებენ. უკრაინელები ხშირად ამბობენ, რომ თუ უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ზაპორიჟიის ატომურ სადგურს რაიმე ტიპის ზიანი მიადგება, მაშინ ამის საფასურს მთელი რეგიონი გადაიხდის. ზაპორიჟიის ატომური სადგური ევროპაში ყველაზე დიდია, მასზე კონტროლის მოპოვებას რუსი სამხედროები ომის პირველივე დღეებიდან ცდილობდნენ და ახლა ის საოკუპაციო ძალების კონტროლის ქვეშაა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინასა და მსოფლიოს ძალიან ძვირად დაუჯდა 1986 წელს, ჩერნობილის ტრაგედია და დასძინა: "ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ მივცეთ ტერორისტ სახელმწიფოს შანსი ატომური სადგურების გამოყენებით დააშანტაჟოს უკრაინა და მთელი მსოფლიო".

XS
SM
MD
LG