ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კომპანია "უბერმა" ინფორმაციის მასიური გაჟონვა დამალა


დაახლოებით 57 მილიონი მომხმარებლის ინფორმაციამ გაჟონა კომპანია "უბერის" მონაცემთა ბაზიდან. თუმცა, ამ ფაქტის შესახებ, რომელიც 2016 წელს მოხდა, მომხმარებლებმა ერთი წლის დაგვიანებით, სამშაბათს, 21 ნოემბერს "ბლუმბერგ ნიუსის" საშუალებით შეიტყვეს. სან-ფრანცისკოში დაფუძნებული ამერიკული სატრანსპორტო-ტექნოლოგიური კომპანია "უბერი" მომხმარებლებს ტაქსით მომსახურებას გლობალური მასშტაბით სთავაზობს. ის დღეს მსოფლიოს 600-ზე მეტ ქალაქში მოქმედებს.

კომპანიას ახალი უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ჰყავს - დარა ხოსროვშაჰი, რომელიც ადრე "ექსპედიაში" იგივე თანამდებობაზე მუშაობდა. ის ამბობს, რომ ამ ფაქტის შესახებ თვითონაც ახლახან გაიგო. როგორც ირკვევა, თავის დროზე, სწორედ ამ ინციდენტს შეეწირა "უბერის" დამაარსებელი ტრეივის კალანიკი. მან პოსტი ივნისში დატოვა და მისი ადგილი აგვისტოში დარა ხოსროვშაჰმა დაიკავა. ხოსროვშაჰი აცხადებს, რომ მონაცემების მასიური გაჟონვა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მომხდარიყო და ამის გამო თავის მართლებას არც აპირებს.

დარა ხოსროვშაჰი
დარა ხოსროვშაჰი

მონაცემების ბაზა ორმა ადამიანმა ინტერნეტით ჩამოტვირთა. ისინი სხვა კომპანიაში მუშაობდნენ, რომელიც "უბერს" გამოთვლითი ღრუბლით, ე.წ. ქლაუდით უზრუნველყოფდა. ბაზა მოიცავდა 57 მილიონი მომხმარებლის სახელს, მისამართს და ტელეფონს, ასევე 600 ათასამდე მძღოლის მართვის მოწმობის ინფორმაციას - ყვება "უბერის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი თავის ბლოგში.

"ბლუმბერგ ნიუსის" ინფორმაციით, მომხდარზე არასწორი რეაგირების გამო, ამ კვირაში თანამდებობა დატოვეს "უბერის" უსაფრთხოების მთავარმა ოფიცერმა ჯო სალივანმა და მისმა პირველმა მოადგილემ. "ბლუმბერგ ნიუსის" ცნობით, ჰაკერებს მოპარული ინფორმაციის წაშლის სანაცვლოდ, 100 ათასი დოლარი გადაუხადეს, არსებული რისკის შესახებ კი არც მომხმარებლებს და არც მძღოლებს შეატყობინეს.

ჯო სალივანი ჯერჯერობით კომენტარისგან თავს იკავებს. მას უსაფრთხოების დარგში ვარსკვლავად მიიჩნევდნენ მაღალტექნოლოგიური კომპანიებით განთქმულ სილიკონის დაბლობში, რომელსაც სილიკონ-ველის სახელითაც მოიხსენიებენ. სალივანი წარსულში "ფეისბუქის" უსაფრთხოების მთავარი ოფიცერი იყო, მანამდე კი ფედერალურ პროკურორად მსახურებდა.

"წარსულს ვერ წავშლი, შემიძლია უბერის ყველა თანამშრომლის სახელით პირობა დავდო, რომ დაშვებულ შეცდომებზე ვისწავლით" - წერს დარა ხოსროვშაჰი თავის ბლოგში. "ბიზნესის წარმოების მეთოდებს ვცვლით, ყველა გადაწყვეტილებას პატიოსნად ვიღებთ და ბევრს ვმუშაობთ მომხმარებელთა ნდობის მოსაპოვებლად" - ამბობს "უბერის" მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG