ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მიზანი: „ეჭვის, უთანხმოების დათესვა“


ჯეჰ ჯონსონი

შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ამერიკის კანონმდებლებს აუწყებენ, რომ ეჭვგარეშეა, დონალდ ტრამპის დახმარების მიზნით, რუსეთის ფართომასშტაბიანი ჩარევა გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუმცა, მეორეს მხრივ, ისინი იმასაც ადასტურებენ, რომ არ არსებობს მოსკოვის მიერ ხმების დათვლის პროცესში შედეგის შეცვლის დამადასტურებელი მტკიცებულება.

წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტმა ჯეჰ ჯონსონს მოუსმინა, შიდა უსაფრთხოების ყოფილ მდივანს. მისი თქმით, რუსეთი წინა არჩევნებთან შედარებით, შარშან გაცილებით შორს წავიდა და დემოკრატიული პარტიის ვაშინგტონის სათაო ოფისის კომპიუტერების გატეხვასთან ერთად, ცალკეულ შტატებში, საარჩევნო მონაცემთა ბაზაში შესვლაც სცადა.

„2016 წელს რუსეთის მთავრობამ, პირადად ვლადიმირ პუტინის დირექტივით, არჩევნებზე გავლენის მოხდენის მიზნით, ჩვენს ქვეყანაზე კიბერ-თავდასხმები განახორციელა. მარტივად და გასაგებად“ - განაცხადა კანონმდებლებთან შეხვედრაზე ჯეჰ ჯონსონმა. მან წარმომადგენელთა პალატის წევრები გააფრთხილა იმის თაობაზე, რომ მომავალ არჩევნებზე კიბერ-თავდასხმების მხრივ, მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.

ვლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე მომხდარ კიბერ-იერიშებში თავისი მთავრობის ჩართულობას უარყოფს. თუმცა, ამბობს, რომ შესაძლოა, თავდასხმა „პატრიოტმა“ ჰაკერებმა განახორციელეს. „არც ისე ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს გამიზნულად მომხდარიყო. იერიშები ისე ჯაჭვივით გადააბეს ერთმანეთს, რომ თავდასხმების ადგილად რუსეთი გამოჩენილიყო“ - განაცხადა გასულ თვეში რუსეთის ლიდერმა.

ჯანეტ მანფრა
ჯანეტ მანფრა

წარმომადგენელთა პალატის პარალელურად, მიმდინარეობს სენატის დაზვერვის კომიტეტის მოსმენა, სადაც შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მოქმედმა ოფიციალურმა პირმა, ჯანეტ მანფრამ კანონმდებლებთან თქვა, რომ რუსეთის სამიზნე 50 შტატიდან 36 შტატის საარჩევნო სისტემები იყო. მისი აზრით, ეს შესაძლოა არაზუსტი მონაცემი იყოს, ვინაიდან ეს ის 36 შტატია, რომელთაც ფედერალური მთავრობის დახმარებაზე უარი არ თქვეს. დანარჩენ შტატებში საარჩევნო ოპერაციებზე ფედერალური უწყებების ზედამხედველობაზე უარი განაცხადეს.

ნოემბრის არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირით ადრე, რუსი ჰაკერების მიერ დემოკრატიული პარტიის ეროვნულ კომიტეტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად, „ვიკილიქსს“ ათასობით წერილი ჩაუვარდა ხელში. მათ შორის იყო დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის ჯონ პოდესტას ელექტრონული კომუნიკაციაც, რომლის ერთი ნაწილის გამოქვეყნებამაც, სავარაუდოდ, დიდი ზიანი მიაყენა მაშინ რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის, დონალდ ტრამპის დემოკრატ მეტოქეს, ჰილარი კლინტონს.

ჯონ პოდესტა
ჯონ პოდესტა

წერილებში ჩანდა, თუ როგორ ცდილობდნენ დემოკრატიული პარტიის ლიდერები წარსულში კლინტონის დახმარებას, პარტიის ნომინაციის მოპოვების საქმეში. თავად ჰილარი კლინტონმა ამ წერილების არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე გამოქვეყნება საკუთარი დამარცხების ერთ-ერთ მიზეზად დაასახელა.

იანვარში, მას შემდეგ, რაც ახლადარჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთის თავდასხმების შესახებ ეცნობა, მან განაცხადა, რომ პუტინს „ეს არ უნდა გაეკეთებინა“. მაგრა, მას შემდეგ, თვეების მანძილზე, ის რუსეთის ჩარევის თაობაზე მიმდინარე რამდენიმე გამოძიებას უგულვებელყოფს და ამ ყველაფერს „კუდიანებზე ნადირობას“ უწოდებს. პრეზიდენტის აზრით, დემოკრატები საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი დამარცხების გამართლებას გამოძიებებზე ყურადღების გადატანით ცდილობენ. სამშაბათს, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა შონ სპაისერმა უარი თქვა ეპასუხა კითხვაზე: სჯერა თუ არა ტრამპს, რომ რუსებმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩარევა სცადეს.

დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

რაც შეეხება გამოძიებას, რომელსაც საგანგებოდ დანიშნული პროკურორი, რობერტ მალერი დამოუკიდებლად აწარმოებს, წარმომადგენელთა პალატაში გამართულ მოსმენაზე ჯეჰ ჯონსონმა თქვა, რომ მას გამოძიების დეტალებზე ინფორმაცია არ გააჩნია. შიდა უსაფრთხოების ყოფილი მდივნის განცხადებით, მან არ იცის, იძიებს თუ არა მალერი უშუალოდ ტრამპს, ან მისი საარჩევნო კამპანიის გუნდს რუსულ ინტერესებთან შეხების ალბათობასთან დაკავშირებით.

ჯონსონმაც დაადასტურა, რომ რუსი ჰაკერები ცალკეულ შტატებში ამომრჩეველთა მონაცემების ასლებს იღებდნენ და სავარაუდოდ, ადგილობრივ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტებს ამოწმებდნენ. შეერთებულ შტატებში არჩევნები დეცენტრალიზებულია და პროცესს ზედამხედველობას 50 შტატის ადგილობრივი მთავრობა უწევს.

სენატში გამართულ მოსმენაზე კანონმდებლების კითხვებს პასუხობდა ბილ პრისტაპიც, რომელიც გამოძიების ფედერალურ ბიუროში კონტრდაზვერვის დივიზიის ოფიციალური პირია. მან რუსეთის ჩარევა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ასე განმარტა: გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, მოსკოვმა მართალია საკუთარი სახელმწიფოს აღდგენა მნიშვნელოვნად შეძლო, მაგრამ „რუსეთმა პირვანდელი სტატუსის, ან ყოფილი ტერიტორიების დაბრუნება ვეღარ მოახერხა. რუსეთისთვის შეერთებული შტატები საკონფლიქტოდ ზედმეტად ძლიერია და ზედმეტად ბევრი მოკავშირე ყავს. მაგრამ, ყოფილი სტატუსის დაბრუნების იმედით, მან გადაწყვიტა ამერიკის და მისი მოკავშირეების დასუსტება ეცადა. უხეში ძალით დაპირისპირების ნაცვლად, გავლენის მოხდენის ერთ-ერთ გზად რუსეთმა არჩევნებზე ჩარევა გადაწყვიტა“.

ბილ პრისტაპი
ბილ პრისტაპი

ბილ პრისტაპის თქმით, რუსეთმა „ჩვენი არჩევნების ლეგიტიმურობის შესარყევად, ინფორმაცია გამოიყენა. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ეჭვის, უთანხმოების დათესვა, რათა ძირი გამოეთხარა დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპისთვის: ღია და სამართლიანი არჩევნებისთვის“.

გამოძიების ფედერალურ ბიუროს კონტრდაზვერვის დივიზიის ოფიციალური პირიც ფიქრობს, რომ რუსეთი შემდეგ არჩევნებზე ჩარევას გაცილებით უფრო აგრესიულად და მეტი მოხერხებულობით შეეცდება. მან შიდა უსაფრთხოების ახალ შეფს ჯონ კელის მოუწოდა, არჩევნების უსაფრთხოება, კონტრტერორიზმთან ერთად, მთავარი პრიორიტეტების სიაში პირველ, ან მეორე ადგილზე დააყენოს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG