ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის ინტერნეტ-ომის შესახებ ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტია ჰარიმანის ინსტიტუტის მოწვევით რუსი ჟურნალისტების ირინა ბოროგანის და ანდრეი სოლდატოვის საგამოძიებო კვლევა მოისმინეს, რომელიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის სავარაუდო ჰაკერულ ჩარევას ეხება. ჟურნალისტები მუქარებისა და თვალთვალის ფონზე მაინც ახერხებენ რუსეთის საიდუმლო მასალებზე წვდომას, რასაც პერიოდულად საკუთარ ვებ-გვერდზე www.Agentura.ru -ზე აქვეყნებენ. რას ეფუძნება მათი ბოლო კვლევა და რამდენად შეცვალა აშშ-ს არჩევნებზე რუსეთის შესაძლო კვალმა, ორი ქვეყნის ურთიერთობები, თეა თუაშვილი მოგვითხრობს.

ირინა ბოროგანი: არა მგონია, რომ კრემლმა ამერიკელებისგან გარკვეული დოკუმენტების მოპარვა შეწყვიტოს, რადგან ეს ნორმალურია, რომ ჰაკერული გზით მოიპოვო შენთვის საინტერესო ინფორმაცია. თუმცა შეიძლება დროა, რომ ასეთი ტიპის დოკუმენტები საჯაროდ აღარ გამოაქვეყნონ, რადგან ეს იყო შეცდომა კრემლისთვის. ამ მოვლენამ ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე საშინელად უარყოფითი გავლენა იქონია. თავად პუტინი ამის ფონზე, კმაყოფილი ჩანდა-როგორი ყოვლისშემძლეა, რომ მსოფლიოზე ასეთი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.

ირინა ბოროგანი, რომელიც წლებია საგამოძიებო ჟურნალისტიკაში ანდრეი სოლდატოვთან ერთად დამოუკიდებლად მუშაობს, შიშობს, რომ რეალური კიბერ-შეტევის შემთხვევაში რუსეთს შეუძლია კონკრეტული ქვეყნების ინფრასტრუქტურა და სტრატეგიული დანიშნულების ობიექტებიც დააზიანოს. ანდრეი სოლდატოვი რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებზე და ტერორიზმზე 1999 წლიდან წერს. ავტორებმა ერთად უკვე სამი წიგნი გამოსცეს. ბოლოს, 2015 წელს გამოცემულ წიგნს, " რუსეთის ციფრულ დიქტატორებსა და ახალ ონლაინ რევოლუციონერებს შორის ბრძოლას" ახალი თავი სწორედ კრემლის მიერ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰაკერული ჩარევის გამო დაემატა. ანდრეი სოლდატოვი ამბობს, რომ რუსეთის ჰაკერული ბრძოლები და შეტევები არა უშუალოდ რუსეთის ფედერალური სამსახურებიდან, არამედ სხვადასხვა რუსული კომპანიებიდან ხორციელდება. აღნიშნულ კომპანიებს მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა და სარგელობა აქვთ კრემლთან. სოლდატოვის განცხადებით, პრაღასა და ესპანეთში კონკრეტული პირების დაკავება, ასევე რუსეთის უსაფრთხოების სამსახურის ორი ოფიცრის პასუხისგებაში მიცემა უკვე ნიშნავდა იმის აღიარებას, რომ კრემლი ამერიკის არჩევნებში უხეშად ერეოდა. თუმცა, ამ მხრივ პრევენცია კრემლმა უკვე 2017 წლის იანვრიდან დაიწყო.

ანდრეი სოლდატოვი: რუსეთში სამსახურდან გაათავისუფლეს პირი, რომელიც უშუალოდ იყო ამერიკა-რუსეთის ცხელი ხაზის კოორდინატორი. ეს ხაზი 2013 წელს იმ მიზნით შეიქმნა, რომ ქვეყნებს ჰაკერული თავდასხმის შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლის საშუალება ჰქონოდათ. ეს ადამიანი რუსეთის მხარეზე იყო პასუხისმგებელი, მის მოვალეობაში კიბერ-შეტევის აღმოჩენა და ინფორმაციის შეტყობინება შედიოდა იმ ქვეყნისთვის, სადაც ეს ხდებოდა. ეს ფაქტი 2017 წლის იანვარში მოხდა. შემდეგ, ჩეხეთში და ესპანეთში დაიწყო დაკავება. უკვე მთლიანად შეიცვალა ნარატივი და ხალხმა დაიწყო ფიქრი, რომ აქ ალბათ სამხედრო დაზვერვა კი არ მონაწილეობდა, არამედ სახეზე იყო პატრიოტული ჰაკერების და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურს შორის გართულებული ერთიერთობა. ეს იყო ფაქტი, როდესაც მათ შორის თანამშრომლობაში დავრწმუნდით.

ანდრეი სალდატოვის თქმით, რუსეთის მიერ ჰილარი კლინტონის კამპანიის წინააღმდეგ შეტევა პასუხი იყო იმაზე, რაც მოსკოვის ქუჩებში პუტინის საწინააღმდეგოდ ხდებოდა.

ანდრეი სოლდატოვი: ჰილარი კლინტონი, პერსონალურად, კრემლში რუსეთის რეჟიმის მტრად განიხილებოდა, ადამიანი, რომელიც 2011-2012 წლებში მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციების უკან იდგა. მაშინ ჰილარი კლინტონს სახელმწიფო მდივნის პოსტი ეკავა და დეპარტამენტმა აქციებთან დაკავშირებით რამდენიმე განცხადებაც გაავრცელა. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები კრემლისთვის საპასუხო ბრძოლის და შესაბამისი დარტყმის საშუალება გახდა.

რა სარგებელი მიიღო რუსეთმა კიბერ-შეტევით? ამერიკის ხმასთან "ფორდჰემის" უნივერსიტეტის მედიის დეპარტამენტის უფროსი, "სი-ბი-ესის" ყოფილი კორესპონდენტი რუსეთში ბეთ ნობელი, ამბობს.

ბეთ ნობელი: მე მგონია ამერიკა- რუსეთს შორის ურთიერთობები ახლა ყველაზე უფრო გაუარესებული და გართულებულია, ვიდრე ეს წლების წინ იყო. ისინი არ ენდობიან ერთმანეთს. მათ რაშიც შეთანხმება შეეძლოთ და თანამშრომლობა, უკვე შეჩერებულია -კოოპერაცია გლობალურ პროექტებში, საგარეო პოლიტიკასა თუ ანტიტერორიზმში. ობამას დროსაც არ იყო ძალიან კარგი ურთიერთობა, თუმცა იყო იმედი, რომ ტრამპის დროს ეს ვითარება გაუმჯობესდებოდა. მაგრამ რეალურად მე ვხედავ კონფლიქტს ორ ქვეყანას შორის, სადაც რუსეთსაც სურს დაიბრუნოს ძველი დიდება და ამერიკასაც. მაგრამ ამ კონფლიქტის გამო ეს შეუძლებელი ხდება.

ირინა ბოროგანი: რათქმა უნდა არჩევნებზე ჰაკერული ჩარევის შემდეგ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო ცუდი გახდა. რუსეთის მიერ სანქციები უფრო მეტად გაძლიერდა და იმ ცოტაოდენი დამთბარი ურთიერთობიდან, რაც ობამას დროს ან მანამდე იყო, არაფერი აღარ დარჩა.

დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტები საქმიანობას რუსეთში თვალთვალის და პერმანენტული ინტერნეტ-მუქარის ფონზე აგრძელებენ. ამბობენ, რომ რუსეთში თავისუფალი მედიის მუშაობა უსაფრთხო ისევ არ არის. სამივე წიგნი, რომელიც რუსეთის საიდუმლო სამსახურების მუშაობას ეხება დასავლეთში, ინგლისურ ენაზე დაიბეჭდა და რუსულად ნათარგმნი კი არ არის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG