ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი: რუსეთი არღვევს "ახალი სტარტის" ხელშეკრულებას


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა

სამშაბათს, 31 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა რუსეთი "ახალი სტარტის" შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. საუბარია ფუნდამენტურ ხელშეკრულებაზე, რომელიც ცივი ომის დასრულების შემდგომ პერიოდში, ბირთვული განიარაღების კუთხით უმნიშვნელოვანესი შეთანხმებაა. ვაშინგტონის განცხადებით, მოსკოვი რუსეთის ტერიტორიაზე ინსპექციის დაშვებაზე უარს ამბობს.

ორ ქვეყანას შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბოლოს 2021 წელს, 5 წლის ვადით განახლდა. ის ამერიკას და რუსეთს უწესებს ლიმიტებს როგორც სტრატეგიული ბირთვული ქობინების, ისე სახმელეთო და საზღვაო რაკეტების განლაგებაში. ამ ორ სახელმწიფოზე მოდის მსოფლიოს ბირთვული შეიარაღების დაახლოებით 90 %.

"რუსეთის უარი საინსპექციო აქტივობის ხელშეწყობის თაობაზე, შეერთებულ შტატებს შეთანხმებით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან უფლებებს უზღუდავს და საფრთხეს უქმნის აშშ-რუსეთის ბირთვული განიარაღების სიცოცხლისუნარიანობას", - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.

რუსეთი არ იცავს "ახალი სტარტის" ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, ამერიკელი ინსპექტორების დაშვების თაობაზე, რათა მოხდეს "საინსპექციო აქტივობის ხელშეწყობა და ორმხრივი საკონსულტაციო კომისიის მუშაობის განახლება, შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადებში", - განაცხადა 31 იანვარს "ტვიტერზე" ბონი ჯენკინსმა. ის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეა შეიარაღების კონტროლის და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში.

მოსკოვმა ინსპექტორებთან თანამშრომლობა გასული წლის აგვისტოში შეწყვიტა. ამის მიზეზად კრემლი ვაშინგტონის მხრიდან სანქციების დაწესების შედეგად შეზღუდულ გადაადგილებას ასახელებს.

საუბარია სანქციებზე, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა რუსეთს 2022 წლის თებერვალში, უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების პასუხად დაუწესა. ვაშინგტონმა რუსეთის უკრაინაში კიდევ ერთი შეჭრის შემდეგ, უსაფრთხოების მიმართულებით კიევის დასახმარებლად 27 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა გამოყო.

ორ ქვეყანას შორის "ახალი სტარტის" თაობაზე შეხვედრები და მოლაპარაკება გასულ ნოემბერში უნდა განახლებულიყო. თუმცა, რუსეთმა ის შეაჩერა და ჯერჯერობით მომავალი შეხვედრის თარიღი დათქმული არ არის.

რუსეთის პოზიცია

"განიარაღების საკითხი ვერ იქნება იზოლირებული გეოპოლიტიკური რეალობისგან", - განაცხადა რუსულ სააგენტო "ინტერფაქსთან" ანატოლი ანტონოვმა, რუსეთის ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მისი თქმით, კრემლისთვის ახლა მიუღებელია ამერიკელი სამხედროების საკუთარ სტრატეგიულ ობიექტებზე მიწვევა. თუმცა, ანტონოვმა იქვე დასძინა, რომ მოსკოვი დაიცავს "ახალი სტარტით" გათვალისწინებულ სხვა პირობებს და შეზღუდვებს.

ორშაბათს, 30 იანვარს, მოსკოვმა ვაშინგტონს ბრალი დასდო უკრაინაში რუსეთის "სტრატეგიული დამარცხების" მცდელობაში. სერგეი რიაბკოვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, აქედან გამომდინარე, რუსეთი მზად არის იმ შესაძლებლობისთვისაც, რომ "ახალი სტარტი" 2026 წლიდან აღარც კი განახლდეს. "ეს სავსებით დასაშვები სცენარია" - თქვა რიაბკოვმა.

კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა კი 1 თებერვალს ჟურნალისტებთან "ახალი სტარტის" ხელშეკრულების შენარჩუნების საჭიროებაზე ისაუბრა. პესკოვის თქმით, ეს ამერიკის მხრიდან განიარაღებისადმი "დესტრუქციული" მიდგომის მიუხედავად უნდა მოხდეს. კრემლის პრეს-სპიკერის თქმით, "რამდენადაც სევდიანი არ უნდა იყოს დღეისთვის შექმნილი ვითარება", ვაშინგტონთან დიალოგი უნდა შენარჩუნდეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG