ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპის ახალი სტარტი


დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო მარათონში გუშინ ოფიციალურად ჩაერთო. საპრეზიდენტო არჩევნებამდე წელიწადზე მეტი დროა დარჩენილი, თუმცა დემოკრატებს 20-ზე მეტი კანდიდატი ჰყავთ, რომლებიც პარტიის ნომინაციისთვის იბრძოლებენ. ამიერიდან მოქმედი პრეზიდენტიც ოფიციალურ კანდიდატად მიიჩნევა და ტრამპს საშუალება ექნება ოფიციალურ კანდიდატად წარუდგეს მხარდამჭერებს, ჩაატაროს კამპანიის შეხვედრები, განაგრძოს დაპირებების გაცემა და ა.შ.

მკვლევარების შეფასებით, პრეზიდენტი არ მოიქცა სხვა პრეზიდენტების მსგავსად, რომლებიც ხშირად თავის მეორე საარჩევნო კამპანიას გაერთიანებისკენ მოწოდებებით იწყებენ, და პირიქით, კვლავ საზოგადოების დაყოფას შეუწყო ხელი.

გუშინ ფლორიდის შტატში, ქალაქ ორლანდოში მდებარე სტადიონზე, რომელიც 20 000 ადამიანს იტევს, ტრამპის ერთგული მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ბევრმა მათგანმა სტადიონზე მოსახვედრად რიგი 24 საათზე მეტი ხნით ადრე დაიკავა. მათი უმეტესობა ამბობდა, რომ მოსწონს, რომ პრეზიდენტი არატრადიციული პოლიტიკოსია, ამბობდნენ, რომ მან პარტიას განახლება მოუტანა და კარგია, რომ ის არ არის ადვილად პროგნოზირებადი. თუმცა მაიამიდან მისი მოწინააღმდეგეების ე.წ. ქარავანიც გაეშურა ორლანდოსკენ და მოსახლეობის ამ ნაწილმა მისი პოლიტიკა, განსაკუთრებით კი სიამიგრაციო პოლიტიკა გააპროტესტა.

რაც შეეხება მის უმთავრეს გზავნილებს, პოლიტიკის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ მას არ ჰქონდა ბევრი ახალი გზავნილი და მთავარი სლოგანიც იყო: „შევინარჩუნოთ ამერიკა დიადი“. ძალიან ბევრი გზავნილი იყო მსგავსი იმისა, რაც პრეზიდენტს გამარჯვებაში დაეხმარა 2016 წელს. მან კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ ეს არის "იმ ხალხის კამპანია, რომელსაც სჯერა, რომ სახელმწიფომ პირველ ყოვლისა საკუთარ მოქალაქეებზე უნდა იზრუნოს". მან ისაუბრა იმ საკითხებზეც, რომლებსაც საკუთარი პრეზიდენტობის განსაკუთებულ წარმატებად მიიჩნევს, იქნება ეს ეკონომიკა თუ სასაზღვრო უსაფრთხოება.

არც დემოკრატების კრიტიკის გარეშე ჩაუვლია ამ შეხვედრას, მან ისინი სოციალისტებად, მემარცხენე ექსტრემისტებად მოიხსენია და თქვა, რომ მათ მისი და მისი ოჯახის განადგურება სურთ, რომ მხოლოდ ტრამპი აძლევს ამერიკელებს იმას, რასაც იმსახურებენ და ა.შ.

მკვლევარების შეფასებით, პრეზიდენტი არ მოიქცა სხვა პრეზიდენტების მსგავსად, რომლებიც ხშირად თავის მეორე საარჩევნო კამპანიას გაერთიანებისკენ მოწოდებებით იწყებენ, და პირიქით, კვლავ საზოგადოების დაყოფას შეუწყო ხელი. ეს იყო კრიტიკოსების კრიტიკა, როგორც მის გამოსვლას მედიაში უწოდეს. პრეზიდენტმა კვლავ გამონაგონი უწოდა სპეციალური გამომძიებლის საქმეს, რუსეთის ჩარევის შესახებ, ყალბი ახალი ამბების გამავრცელებლები უწყოდა მის მიამრთ კრიტიკულად განწყობილ მედიასაშუალებებს. თქვა, რომ ეს ქმედებები ძირს უთხრიდა ამერიკულ სახელმწიფოსა და დემოკრატიას.

კამპანიის ლიდერები იმედოვნებენ, რომ პრეზიდენტის გზავნილები არა მხოლოდ საბაზისო, ერთგულ მხარდამჭერებს მიწვდება, არამედ, ახალ ხმებსაც მოუტანს პრეზიდენტს. თუმცა პრეზიდენტის საქმიანობის მოწონების რეიტინგი 40 %-ის ფარგლებში მერყეობს.

პრეზიდენტის მოწინააღმდეგეთა აქცია ორლანდოში
პრეზიდენტის მოწინააღმდეგეთა აქცია ორლანდოში

რა ხდება დემოკრატთა ფრონტზე?

ამ დრომდე 23-მა დემოკრატმა პოლიტიკოსმა განაცხადა საპრეზიდენტო კამპანიაში ჩართვის შესახებ. ისინი ამ ეტაპზე პარტიის მიერ ოფიციალური ნომინაციისთვის იბრძვიან და ყოველი მათგანი ცდილობს თავი იმ ადამიანად წარმოადგინოს, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის დამარცხებას შეძლებს. გამოკითხვების თანახმად, მათ შორის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ლიდერობს. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაერთხელ გაილაშქრა მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელებსა თუ სხვადასხვა გამოსვლაში.

გასულ კვირას გამოქვეყნებული „ქვინიპიკის“ უნივერსიტეტის კვლევით, ბაიდენის შანსები მაღალია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ 2020 წლის არჩევნებში ბაიდენი პრეზიდენტ ტრამპს დაამარცხებს, 53 პროცენტით 40%-ის წინააღმდეგ. ყოფილი ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი „ქვინიპიკის" უნივერსიტეტის გამოკითხვით, 30 %-იანი რეიტინგით 20 დემოკრატს შორის პირველ ადგილზეა. ხოლო, დემოკრატი ამომრჩევლის 19 პროცენტს ვერმონტელი სენატორი ბერნი სანდერსი მოსწონს. მესამე ადგილი, მასაჩუსეტსის შტატის სენატორს ელიზაბეტ უორენს უკავია 15 პროცენტით.

რატომ ფლორიდა და ორლანდო?

ფლორიდა ერთ-ერთია იმ მერყევ შტატებს შორის, რომელსაც შეუძლია არჩევნების ბედი გადაწყვიტოს. 2016 წელს დონალდ ტრამპმა ძალიან მცირე უპირატესობით შეძლო ფლორიდაში გამარჯვების მოპოვება. ეს კი მაშინ, როდესაც შტატს საარჩევნო კოლეგიაში 29 ხმა აქვს და ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატია.

საარჩევნო კოლეგიის 29 ხმით, ფლორიდა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე შტატია. 29 ხმა აქვს ნიუ-იორკის შტატსაც. ამ ორ შტატზე მეტი ხმა ამერიკის მხოლოდ ორ შტატს ეკუთვნის: ტეხასს - 38 და კალიფორნიას - 55. შტატების უმრავლესობას (და კოლუმბიის ოლქს) საარჩევნო კოლეგიის ხმები ერთნიშნა ციფრებით აქვს განსაზღვრული.

ამავე დროს, უმოქმედოდ არც დემოკრატები არიან და ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში მომავალ კვირას, 26-27 ივნისს, საპრეზიდენტო კამპანიის პირველი დებატები გაიმართება.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG