ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი: სხვა სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მოსმენაში ცუდი არაფერია


დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია "ეი-ბი-სისთვის" (ABC) მიცემულ ინტერვიუში, რუსებთან თანამშრომლობის ბრალდებებზე ისაუბრა და თქვა, რომ ინფორმაციის "მოსმენაში ცუდი არაფერია". მისი თქმით, ეს არ შეიძლება მივიჩნიოთ უცხო ქვეყნის მთავრობასთან თანამშრომლობად, გარიგებად ან ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში და არჩევნებში მის ჩარევად. თუმცა, დემოკრატები ამ განცხადების გამო შეშფოთებას გამოთქვამენ.

"ვფიქრობ, შეიძლება გინდოდეს, რომ მოუსმინო. მოსმენაში არაფერია არასწორი", - თქვა მან ინტერვიუში, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა. "თუკი ვიღაც, მაგალითად ნორვეგიიდან, გირეკავს და გეუბნება, რომ შენს ოპონენტზე ინფორმაცია აქვს, ვფიქრობ, მომინდებოდა, რომ მომესმინა".

ჟურნალისტის შეკითხვაზე, სურს თუ არა ამგვარი ჩარევა საარჩევნო პროცესში, ტრამპმა უპასუხა: "ეს არ არის ჩარევა" და ამგვარ რამეს კონგრესის წევრებიც აკეთებენ, მისი თქმით, ეს ჩვეულებრივი რამაა.

დემოკრატმა კონგრესმენმა ბრაიან შატსმა პრეზიდენტის განცხადება გააკრიტიკა და ამგვარი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას სიგიჟე უწოდა. "ეს არც ჩვეულებრივია, არც ნორმალური, არც კანონიერი და არც მორალური, რომ კამპანიისას დახმარება უცხო ქვეყნის მთავრობისგან მიიღო. ამას არავინ აკეთებს, არავინ", - თქვა მან.

კონგრესმენი ჯიმ მკგოვენიც იმავე აზრისაა. მისი თქმით, უცხოელი მეტოქისგან ინფორმაციის მიღება "არ არის ნორმალური" და მოქალაქეთა უმეტესობა ასეთი შემოთავაზების შემთხვევაში, გამოძიების ფედერალურ ბიუროს შეატყობინებდა.

2016 წლის საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტ ტრამპის ვაჟი -დონალდ ტრამპ უმცროსი- რუს იურისტს შეხვდა, რომელმაც მას პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატზე, ჰილარი კლინტონზე უარყოფითი ინფორმაცის მიწოდება შესთავაზა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტოფერ ურეი ამბობს, რომ ამ შეხვედრის შესახებ ბიუროსთვის უნდა შეეტყობინებინათ. თუმცა, მის შეფასებაზე ტრამპი ამბობს, რომ "გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი სცდება".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG