ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ნიუ-იორკ თაიმსი": 2020 წლის არჩევნების უსაფრთხოება ტრამპისთვის სენსიტიური საკითხია


სპეციალურმა გამომძიებელმა რობერტ მალერმა გამოძიება დაასრულა და დაასკვნა, რომ რუსეთი ამერიკის არჩევნებში ჩასარევად მასშტაბურ კამპანიას მართავდა. ეს ძალისხმევა იყო „ფართო და სისტემური“ იმ მიზნით, რომ დონალდ ტრამპს არჩევნებში გაემარჯვა. 2020 წლის მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეს თემა განსაკუთრებულად უფრო და უფრო მეტ სენსიტიურობას იძენს.

კირსტენ ნილსენი, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ყელმძღვანელი მომავალი წლის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის პრევენციისკენ ყურადღების მიმართვას თვეების წინ ცდილობდა, მანამ, სანამ პრეზიდენტი ტრამპი მას გადადგომას აიძულებდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსი“ ავრცელებს.

თუმცა გაზეთს ანონიმური წყარო ჰყავს თეთრი სახლიდან, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მიკ მულვანი ნილსენს აფრთხილებდა, არ წამოეჭრა ეს საკითხი პრეზიდენტთან, რადგან დონალდ ტრამპისთვის რუსეთის ჩარევაზე საუბარი პირდაპირ ნიშნავდა კითხვებს მისი პრეზიდენტობის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

"თაიმსი" კი ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალჩინოსანის ნათქვამს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, მულვანიმ ნილსენს უთხრა, რუსეთის ჩარევა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტზე დაბალი რგოლის პირებთან ჯობდა განხილულიყო.

მალვენი უარყოფს გამოქვეყნებულ ცნობებს და ამბობს, რომ არ ახსოვს მსგავსი რამ მომხდარიყოს რომელიმე შეხვედრაზე. ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას სდებს ბრალს იმაში, რომ ჯერ კიდევ მისი მმართველობისას, მისმა ადმინსიტრაციამ არ შეაკავა რუსები. თუმცა ბარაკ ობამამ და სხვებმაც, მოსკოვთან ეს საკითხი 2016 წლის არჩევნებამდეც წამოჭრეს.

"განსხვავებით ობამას ადმინისტრაციისგან, რომელმაც იცოდა 2014 წლის რუსეთის ქმედებების შესახებ და არაფერი იღონა, ტრამპის ადმინისტრაცია არ დაუშვებს უცხო ქვეყნის ჩარევას ჩვენს არჩევნებში და ჩვენ ამის თავიდან ასაცილებლად უკვე ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით", - ამბობს მალვენი და განმარტავს: "სინამდვილეში, პირველად, ისტორიაში, შტატის, ადგილობრივი და ფედერალური ხელისუფლება თანამშრომლობს კოორდინირებულად და ხდება დაზვერვის ინფორმაციის გაცვლა. ჩვენ გავაფართოვეთ ჩვენი ძალისხმევა ჩარევის აღსაკვეთად, საქმეში ჩავრთეთ სიდა უსაფრთხოების დეპარტამენტი, იუსტიციის დეპარტამენტი, გამოზიების ფედერალური ბიურო, ჩავატარეთ ტრენინგები და ბევრი სხვა წვრთნა იმისათვის, რომ მზადყოფნა იყოს გარანტირებული", - ამბობს ის.

რობერტ მალერის დასკვნის თანახმად, რუსების ჩარევის კამპანია 2016 წელს ფართო და მრავლისმომცველი იყო. მათ შორის, ხდებოდა სოციალური ქსელების ყალბი ანგარიშების გამოყენება იმისათვის, რომ ჰილარი კლინტონის საწინააღმდეგო მოსაზრებები გავრცელებულიყო. ისევე როგორც მათ "ანგარიშზეა" დემოკრატების ელექტრონული მიმოწერის გასაჯაროება, რაც მის შანსებზე ცუდად აისახა. თუმცა მალერისვე დასკვნით, მიუხედავად რუსეთის წარმომადგენლებისა და ტრამპის კამპანიის წევრებს შორის შემდგარი არაერთი შეხვედრისა და სხვადასხვა კავშირისა, არ დასტურდება, რომ ამერიკის რომელიმე მოქალაქემ შეგნებულად ითანამშრომლა რუსეთთან არჩევნებზე გავლენის მოსახდენად.

ტვიტერი

XS
SM
MD
LG