ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დედამიწის ერთ-ერთ უძველეს ბინადარს ობამა დაარქვეს - რუბრიკა “გალილეო”


Obamus Coronatus. ფოტო კალიფორნიის უნივერსიტეტის რივერსაიდის ფილიალის საკუთრებაა.
Obamus Coronatus. ფოტო კალიფორნიის უნივერსიტეტის რივერსაიდის ფილიალის საკუთრებაა.

ისინი დედამიწაზე დაახლოებით 580-540 მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ. კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა პალეოზური ერის ორი სრულიად ახალი ტიპის არსების ნამარხი აღმოაჩინეს, რომელთაც ბინა ოკეანის ფსკერზე ედოთ.

ისინი იმდენად უცნაური აღნაგობის არიან, რომ ფაუნის ვერცერთ ოჯახს ვერ მიაკუთვნეს. “ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულ არსებებს ახალი წყობის სხეული აქვთ და აქამდე აღწერილ არცერთ ცხოველს არ გვანან” - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, პალეონტოლოგიის* პროფესორი მერი დროსერი. ის კალიფორნიის უნივერსიტეტის რივერსაიდის ფილიალში, დედამიწის მეცნიერებათა კათედრაზე მუშაობს.

პროფესორ დროსერის განმარტებით, ოკეანის ამ ახალი ბინადრების კვალს მათ რამდენიმე ხნის წინ მიაგნეს. მაგრამ, იმის გამოკვლევას და დამტკიცებას, რომ ეს ორი არსება დამოუკიდებელი ცხოველია და არა რომელიმე სხვის სხეულის ნაწილი, დრო დასჭირდა.

ორი ახალი ცხოველის გამოსახულება ავსტრალიის სამხრეთით, პალეოზური ერის დროინდელ სილოვან ქვაზე აღბეჭდილი იპოვეს. ერთ-ერთ მათგანს პრეზიდენტ ობამას სახელი დაარქვეს და ის ლათინურად ასე წარმოითქმის: Obamus Coronatus.

აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა
აშშ-ის ექსპრეზიდენტი ბარაკ ობამა

მკვლევარების განმარტებით, მათ ამით პატივი მიაგეს ამერიკის პრეზიდენტს, რომელიც მეცნიერებას გამორჩეულად დიდ პატივს სცემდა. Coronatus ნიშნავს გვირგვინს.

ახალ ცოველს დისკის ფორმა ჰქონია. ზედაპირი სპირალისებური ღარებით აქვს მოხატული და ზომით 2 სანტიმეტრს არ აღემატება. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ის ძირითადად ადრეული ოკეანის ფსკერზე იჯდა და წყალში დიდად არ მოძრაობდა.

Attenborities Janeae. ფოტო კალიფორნიის უნივერსიტეტის რივერსაიდის ფილიალის საკუთრებაა.
Attenborities Janeae. ფოტო კალიფორნიის უნივერსიტეტის რივერსაიდის ფილიალის საკუთრებაა.

რაც შეეხება მეორეს, მას სახელი სერ დევიდ ატენბოროს პატივისცემის ნიშნად შეურჩიეს: Attenborites Janeae. დევიდ ატენბორო ცნობილი ბრიტანელი ბუნებისმეტყველი და ჟურნალისტია, რომელიც პალეონტოლოგიის დიდ ადვოკატად ითვლება.

სერ დევიდ ატენბორო
სერ დევიდ ატენბორო

ქართველმა მაყურებელმა ის შესაძლოა კომპანია “ბი-ბი-სის” სერიალებით იცოდეს. ამ ქიშმიშის მსგავსი, დანაოჭებული გარეგნობის მქონე ცხოველის ზომა ერთ სანტიმეტრზე ნაკლები უნდა ყოფილიყო.

Dickinsonia - რამდენიმე ხნით ადრე აღმოჩენილი კიდევ ერთი არსება, რომელიც არაჩვეულებრივად არის შემონახული. ფოტო კალიფორნიის უნივერსიტეტის რივერსაიდის ფილიალის საკუთრებაა.
Dickinsonia - რამდენიმე ხნით ადრე აღმოჩენილი კიდევ ერთი არსება, რომელიც არაჩვეულებრივად არის შემონახული. ფოტო კალიფორნიის უნივერსიტეტის რივერსაიდის ფილიალის საკუთრებაა.

კალიფორნიის უნივერსიტეტის რივერსაიდის ფილიალის აღმოჩენა 14 ივნისს გამოქვეყნდა სამეცნიერო გამოცემაში “დედამიწის მეცნიერებათა ავსტრალიური ჟურნალი”. კვლევაში, რომელიც სამხრეთ ავსტრალიის მუზეუმის ხელშეწყობით ჩატარდა, მერი დროსერთან ერთად მონაწილეობდნენ სკოტ ევანსი, პიტერ ზაუგისი, ჯეიმს გელინგი, იან და ემილი ჰაგსები.

---

* პალეონტოლოგია - მეცნიერება ნამარხი, გადაშენებული ცხოველების შესახებ (ბერძნულად: palaios ძველი, ontos არსება, logos მოძღვრება).

Facebook Forum

XS
SM
MD
LG